მსვლელობის ინიციატორები არიან 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიები, პოლიტპატიმართა ოჯახების წევრები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეს სრულად აკისრებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორთა თქმით, აქციაზე ელოდებიან ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული არჩევანი.
„ეს არის ხალხის და პოლიტიკოსების ერთობლივი, გამოცხადებული და დაანონსებული აქცია. ამ ერთობამ მოიტანა ძალიან დიდი გამარჯვება. ამ გამარჯვებას ჰქვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაცია. ამიტომ ახლა ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის, რაც ჩვენი მოპოვებულია - ეს არის ვიზა-ლიბერალიზაცია , რომელიც არის ნიშნული იმის, რომ ჩვენ ვართ ევროპისა და ევროკავშირის ნაწილი“, - უთხრა ჟურნალისტებს საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვანო წერეთელმა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა შორის არის მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომლის თქმითაც, რაც შეიძლება ბევრი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რათა გადარჩეს საქართველოს ევროპული მომავალი.
„კიდევ ერთხელ უნდა დავანახვოთ, რომ არ დავიღალეთ, რომ აქ ვდგავართ და აუცილებლად გავუწევთ წინააღმდეგობას დღეს, ხვალ, ზეგ და ყოველდღე“, - უთხრა ნანკა კალატოზიშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველომ უვიზო მიმოსვლის უფლება სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის მოთხოვნების შესრულების შედეგად 2017 წლის 28 მარტიდან, მოიპოვა.
2025 წლის ივნისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის” საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად 31 აგვისტო დაასახელა.
ფორუმი