Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, უფაში დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა „ბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში


ხანძარი "ბაშნეფტის" ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაში. უფა, 13 სექტემბერი, 2025.
ხანძარი "ბაშნეფტის" ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაში. უფა, 13 სექტემბერი, 2025.

13 სექტემბერს, რუსეთის ქალაქ უფაში მდებარე „ბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სულ მცირე, ორმა თვითმფრინავის ტიპის დრონმა განახორციელა თავდასხმა.

ამის შესახებ განაცხადა ბაშკირეთის ხელმძღვანელმა, რადი ხაბიროვმა.

ხაბიროვის თქმით, ქარხნის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთი დრონი შენიშნა, თვალყური ადევნა მას და ცეცხლი გაუხსნა მსხვილკალიბრიანი იარაღით. დაზიანებული აპარატი ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა.

„საწარმოო მოედანი მცირედ დაზიანდა, გაჩნდა ხანძარი“, დაწერა რეგიონის ხელმძღვანელმა თავის ტელეგრამის არხში.

მოგვიანებით კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს. რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მისი ჩამოვარდნის შედეგების მასშტაბები ზუსტდება.

ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან.

ადგილობრივმა ტელეგრამის არხებმა გამოაქვეყნეს უფის სამრეწველო ზონაში მდებარე „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ქარხანაზე თავდასხმისა და ხანძრის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები.

ქალაქის აეროპორტმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება.

Reuters-ის ცნობით, უკრაინის დარტყმებმა აგვისტოს ბოლოსთვის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის 17% გამოიყვანა მწყობრიდან. ეს ქმნის საწვავის დეფიციტისა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან ბიუჯეტში შემავალი შემოსავლების შემცირების საფრთხეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG