Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვაში ეჭვობენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ დამალა ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა


ლიეტუვის პარლამენტის წევრი საულიუს სკვერნელისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო 2016-2020 წლებში
ლიეტუვის პარლამენტის წევრი საულიუს სკვერნელისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო 2016-2020 წლებში

ლიეტუვის პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი აპირებს გაარკვიოს, დაარღვიეს თუ არა დრონებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეც 10 სექტემბერს, როცა პოლონეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას ათზე მეტი დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მათი ნაწილის ჩამოგდება გახდა საჭირო.

იმავე დღეს გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ ორი ამოუცნობი ობიექტი აღმოჩნდა ლიეტუვის საჰაერო სივრცეშიც. ლიეტუვის არმიამ ეს უარყო.

პარლამენტის დეპუტატმა და ყოფილმა სპიკერმა საულიუს სკვერნელისმა, რომელიც პარტია „დემოკრატთა კავშირის“ ლიდერია, საზოგადოებრივ მაუწყებელ LRT-ს 14 სექტემბერს უთხრა, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტმა საკითხი უახლოესი სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს. ინფორმაცია ინტერვიუზე დაყრდნობით გაავრცელა გამოცემა Delfi-მ.

სკვერნელისმა, რომელიც 2016-2020 წლებში ლიეტუვის პრემიერ-მინისტრიც იყო, განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება ქვეყნის არმიასა და სხვა უწყებებში, რომლებიც საზღვარს იცავენ, მაგრამ აშფოთებს პოლიტიკოსების მიერ ინფორმაციის დამალვის სურვილი.

საულიუს სკვერნელისმა კონკრეტულად ახსენა თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალენე. დეპუტატის თანახმად, როგორც წესი, არმიის მხრიდან რაიმეს უარყოფა, ან დუმილი მინისტრის მითითებაა.

სკვერნელისის განცხადებით, მსგავსი ცნობების დამალვა, ან საფრთხეებზე არაადეკვატური რეაგირება სერიოზულად ემუქრება საზოგადოების უსაფრთხოებას.

„დემოკრატთა კავშირის“ლიდერი საულიუს სკვერნელისი ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი იყო 2024 წლის ნოემბრიდან. მან სპიკერის თანამდებობის დატოვება 2025 წლის აგვისტოში გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნებში პირველ ადგილზე გასულმა სოციალ-დემოკრატებმა მმართველი კოალიცია შექმნეს „დემოკრატთა კავშირის“ გარეშე.

2025 წლის 10 სექტემბერს ლიეტუვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა სპიკერის თანამდებობიდან სკვერნელისის გადადგომას.






ფორუმი

XS
SM
MD
LG