Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე წარწერების გამო დააკავეს


„დროას“ ლიდერი დააკავეს
„დროას“ ლიდერი დააკავეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ელენე ხოშტარია საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, იუწყებიან მისი თანაპარტიელები.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხოშტარია „ნივთის დაზიანების“ ბრალდებით დააკავეს.

პარტიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოდის სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ სამართალდამცავებთან ერთად ხოშტარია და საცხოვრებელ კორპუსთან მდგარ ავტომობილში ჯდება.

ხოშტარიას თანამოაზრეს, შუშანა მაცაბერიძეს ერთ-ერთი პოლიციელი ეუბნება, რომ „პოლიციაში“ გადაჰყავთ. რომელ განყოფილებაში, არ აზუსტებს. „გეტყვით“, - ამბობს ის.

მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერჯერობით უცნობია პოლიტიკოსის ადგილსამყოფელი.

განახლება: მოგვიანებით, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან ელენე ხოშტარია ზაჰესში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

კვირას, 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დააწერა: „რუსული ოცნება“.

„რამდენჯერად მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს, რომ რუსების მონაა!” - განაცხადა მან.

ხოშტარიას თქმით, მისი მოტივაცია იყო აქტივისტ მეგი დიასამიძის მხარდაჭერა - დიასამიძე 10 სექტემბერს დააკავეს მსგავსი ფაქტის გამო.

„ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა“, - თქვა ხოშტარიამ და დასძინა: „რა რეაგირება ექნებათ, არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ, დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ, არ დაგიჭერენ“.

14 სექტემბერს, საღამოს ცხრა საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება, ან განადგურება):

შსს ასევე აცხადებდა, რომ ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

დიასამიძეს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდეს და გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, თუმცა მას კვლავ ემუქრება პატიმრობა.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - 187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, - ისჯება:

  • ჯარიმით;
  • საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-180 საათამდე;
  • გამასწორებელი სამუშაოთი;
  • შინაპატიმრობით;
  • ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

15 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში შსს მხოლოდ იმას წერს, რომ „დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG