Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა


კალაძის ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის დაკავებულ პოლიტიკოსს სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით - გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე
კალაძის ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის დაკავებულ პოლიტიკოსს სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით - გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე

მოკლედ

  • ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე 14 სექტემბერს გაკეთებული წარწერის გამო 15 სექტემბერს დააკავეს.
  • 16 სექტემბერს მან უარი თქვა დაცვის უფლების გამოყენებაზე და სასამართლოში გამოცხადებაზე.
  • 17 სექტემბერს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, რომელთან შეხვედრაზეც ხოშტარიამ უარი თქვა.
  • ამავე დღეს მოსამართლემ პოლიტიკოსს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით - გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.
  • ხოშტარია გირაოს გადახდას არ აპირებს და ითხოვს, არც არავინ სხვამ არ გადაიხადოს მის ნაცვლად ეს თანხა.

სასამართლოში ხოშტარიას საქმის განხილვის პარალელურად ელენე ხოშტარიამ ზაჰესის იზოლატორიდან წერილი გამოგზავნა, სადაც ის წერს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. ის განმარტავს, რომ მისთვის "ტყუილსა და ფარსში მონაწილეობა" მიუღებელია.

"დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.

გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით" - წერს ხოშტარია და ამატებს, რომ არავის აძლევს მის ნაცვლად გირაოს გადახდის უფლებას.

გირაოს არგადახდის შემთხვევაში ელენე საპატიმროში დარჩება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. მომდევნო სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 3 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერა მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. დიასამიძემ კალაძის ბანერს წააწერა "რუსული ოცნება" - ის სასამართლომ 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დააკავა. ბრალდება, რომლითაც დიასამიძე და შემდეგ უკვე ელენე ხოშტარია დააკავეს, სხვისი ნივთის დაზიანებაა და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG