Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა ჩეხეთმაც გაუუქმა


ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ავრცელებს
ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ავრცელებს

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმი გაუუქმა ევროკავშირის წევრმა კიდევ ერთმა სახელმწიფომ, ჩეხეთმა.

ეს ინფორმაცია დღეს, 17 სექტემბერს გაავრცელა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.

„ჩვენ ამ გზით ვპასუხობთ ადამიანის უფლებების შელახვას, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას“, - განაცხადა მან.

ჩეხეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებით აღსრულდა ევროკავშირის საბჭოს მიერ 2025 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილება.

საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ბლოკის არაერთმა წევრმა ქვეყანამ უკვე აღასრულა.

შემდეგ ნაბიჯებს შორის ბრიუსელი განიხილავს უვიზო მიმოსვლის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის შეჩერებას.

დისკუსია უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე

2025 წლის ივნისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა.

ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ბეატე გმინდერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს 14 ივლისს გაუგზავნა წერილი.

წერილს თან ერთოდა რეკომენდაციების რვაპუნქტიანი სია.

  • „ქართული ოცნების“ მთავრობამ ზუსტად 31 აგვისტოს - დადგენილი ვადის ბოლო დღეს - წარუდგინა ევროკომისიას ანგარიში.
  • ხელისუფლება 55-გვერდიან პასუხში ამტკიცებს, რომ ის „მტკიცე ერთგულებას ავლენს ევროინტეგრაციისადმი“.
  • რადიო თავისუფლებას ბრიუსელში წყარომ კონფიდენციალურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ მიღებული პასუხები „დაუსაბუთებელია“ და სათანადოდ ვერ უპასუხებს ევროკომისიის შეშფოთებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG