Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში დაადასტურეს პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კოზაკის გადადგომა


ფოტო არქივიდან. დმიტრი კოზაკი(მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი
ფოტო არქივიდან. დმიტრი კოზაკი(მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ დმიტრი კოზაკმა დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

კოზაკი კრემლში პუტინის დღევანდელი უახლოესი გარემოცვიდან უკრაინაში ომის პრაქტიკულად, ერთადერთ მოწინააღმდეგედ იყო მიჩნეული.

დღეს, 18 სექტემბერს პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს უთხრა, რომ კოზაკი თანამდებობიდან თავისი სურვილით გადადგა. პუტინის პრესმდივნის ინფორმაციით, თანამდებობიდან კოზაკის გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

დმიტრი კოზაკის გადადგომის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 17 სექტემბერს იუწყებოდნენ გამოცემები „რბკ“ და „ფორბსი“.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, კოზაკსა და პუტინს შორის უთანხმოების შესახებ არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ კოზაკი თანამდებობას ჩამოაშორეს პირადად ვლადიმირ პუტინმა, ან კრემლში ისეთმა გავლენიანმა პირმა, როგორიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკოა, ან საკუთარი სურვილით გადადგომისკენ უბიძგეს.

დმიტრი კოზაკი პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციაში 2000 წლიდან მუშაობდა და მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამოაზრე იყო. 2004 წელს კოზაკი სამუშაოდ გადავიდა რუსეთის მთავრობაში, შემდეგ იყო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სამხრეთის ფედერალურ ოლქში, რეგიონული განვითარების მინისტრი და ვიცეპრემიერი. 2020 წელს კოზაკი პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2025 წლის აგვისტოში გამოცემა The New York Times-მა კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ დმიტრი კოზაკმა ვლადიმირ პუტინს წარუდგინა წინადადებები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და მოუწოდა რუსეთში შიდა რეფორმებისკენაც, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლის გაძლიერებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისკენ.

დმიტრი კოზაკი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ არიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG