Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახაზინო ადვოკატმა ხოშტარიასთვის დაკისრებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა, რომელსაც ხოშტარია არ ეთანხმება


ელენე ხოშტარიას კალაძის ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის სასამართლომ 17 სექტემბერს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით - გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე.
ელენე ხოშტარიას კალაძის ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის სასამართლომ 17 სექტემბერს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით - გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე.

მოკლედ

  • ელენე ხოშტარიასთვის სავალდებულო წესით დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა ირაკლი ბენიამ გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო უზრუნველყოფით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ - ის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
  • კახა კალაძის შტაბზე გაკრულ საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო დაკავებული პოლიტიკოსი, რომელსაც 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ამბობს, რომ ადვოკატი მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს მისი თანხმობის გარეშე.
  • ადვოკატი ამბობს, რომ სავალდებულო დაცვის ფარგლებში მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებაც აქვს.

"ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს, იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.

ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც" - წერს ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში. ის ამბობს, რომ ბენიას წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა და მას მკაფიოდ აუხსნა, რომ არ ცნობდა მას, როგორც ადვოკატს. სახაზინო ადვოკატის დანიშვნამდე პოლიტიკოსმა უარი თქვა დაცვის უფლების გამოყენებასა და სასამართლოში გამოცხადებაზე, მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ კი მხარდამჭერებს მოუწოდა, არავინ გადაიხადოს მის ნაცვლად გირაო.

ირაკლი ბენია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან უკვე გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და მისი გაუქმება მოითხოვა. მისივე თქმით, სავალდებულო დაცვის ვალდებულებისგან ის გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი თავად ელენე ხოშტარია გამოცხადდება სასამართლოზე და მოსამართლესთან დააფიქსირებს თავის პოზიციას.

  • ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე 14 სექტემბერს გაკეთებული წარწერის გამო 15 სექტემბერს დააკავეს.
  • 16 სექტემბერს მან უარი თქვა დაცვის უფლების გამოყენებაზე და სასამართლოში გამოცხადებაზე.
  • 17 სექტემბერს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, რომელთან შეხვედრაზეც ხოშტარიამ უარი თქვა.
  • ამავე დღეს მოსამართლემ პოლიტიკოსს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით - გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG