Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 23 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 23 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ სურვილის შემთხვევაში, ჩინეთს შეუძლია რუსეთს ომის დასრულება აიძულოს.

ზელენსკი, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მონაწილეობს, 23 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. სხდომაზე უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უშიშროების საბჭოში წარმოდგენილია ჩინეთი, ძლიერი სახელმწიფო, რომელზეც რუსეთი მთლიანად დამოკიდებულია და ჩინეთს მართლაც რომ სურდეს ომის დასრულება, შეუძლია მოსკოვს ეს აიძულოს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, „ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია“, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ჩინეთი მშვიდობის დასამყარებლად მოქმედებდეს, ხშირად მდუმარედ განზე დგას.

ჩინეთის ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ პატივს სცემს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არასდროს დაუგმია უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ჩინეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გააღრმავა.

პეკინი უარყოფს, რომ რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს და ცდილობს თავი წარმოაჩინოს მიუკერძოებელ შუამავლად, რომელიც მზად არის კონფლიქტის მოგვარებას დაეხმაროს.

23 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების როლზეც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ უკრაინის თავდაცვას ეხმარება.

ზელენსკის თქმით, უკრაინა დაეთანხმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყველა წინადადებას, რომელიც ეხებოდა ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობის მისაღწევად რუსეთთან მოლაპარაკებას, მაგრამ რუსეთი ამას ყოველთვის უარით პასუხობდა, ან ყველას შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკების ეშინია და საზღვარგარეთ მხოლოდ იმიტომ ჩნდება, რომ მკვლელობის გასაგრძელებლად დრო მოიგოს და დიპლომატიისკენ სწრაფვის შთაბეჭდილება შექმნას.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ „ბუდაპეშტის მემორანდუმი“, რომლითაც უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა ყოფილიყო მის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის სანაცვლოდ, ჩაიშალა და დადასტურდა, რომ შესაძლებელია საერთაშორისო დაპირებების ცარიელ სიტყვებად გადაქცევა.

ზელენსკის თქმით, სწორედ ამიტომ დღეს დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კიდევ 30-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად „მსურველთა კოალიცია" აშენებს უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას და შეერთებული შტატების საიმედო მხარდაჭერის იმედიც აქვთ. ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, უსაფრთხოების რეალური გარანტიები უნდა იქცეს საზღვრად, რომელსაც რუსეთი ვეღარ გადაკვეთს.



ფორუმი

XS
SM
MD
LG