აშშ-ში ვიზიტით მყოფმა მიხეილ ყაველაშვილმა, ნიუ-იორკში, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა და უთხრა, რომ დროა, ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყონ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ ამ საკითხს “დაუბრუნდება”.
„საზოგადოებას, ალბათ, ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს.
დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
გამოსვლაში მას არ უსაუბრია შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. ის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ქართულ ენაზე მიმართავდა მსოფლიო ლიდერებს.
მის სიტყვაში ამჯერად არ ყოფილა პირდაპირი კრიტიკა ევროსტრუქტურებისა თუ ვაშინგტონის პოლიტიკისადმი; ასევე, არ უხსენებია არც „გლობალური ომის პარტია“ და „დიპ სტეიტი“. თუმცა განაცხადა: „ქართველი ხალხი არ შეეგუება ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარს“.
ფორუმი