Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია სისხლის სამართლის წესით დააკავეს


დააკავეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია.
დააკავეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია.

წუხელ, გვიან ღამით, პოლიციამ დააკავა პოლიტიკური პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ („კოალიცია ცვლილებისთვის“) წევრი, აქტივისტი გელა ხასაია, - სისხლის სამართლის წესით.

მისი მეგობარი შუშანა მაცაბერიძე აქვეყნებს ვიდეოს, გვიან ღამით როგორ უჭერენ მხარს ხასაიას დიღმის მესამე სამმართველოსთან შეკრებილი დემონსტრანტები და მას ამხნევებენ.

შსს-ის განცხადების თანახმად, გელა ხასაია დაკავებულია „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების“ ბრალდებით.

გელა ხასაია არის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, რომელიც წარსულში ადმინისტრაციული წესით არაერთხელ დაუკავებიათ.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ხასაიას დაკავება დაკავშირებულია პირველ სექტემბერს სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტთან, - რომელსაც, მისი თქმით, გელა ხასაია შეესწრო, თუმცა მასთან არაფერი აკავშირებს.

შსს-ის განცხადების თანახმად, ხასაიას გარდა, დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, მსგავსი ბრალდებით.

შსს-ის ვერსია ასეთია:

  • „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან;
  • დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“.

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი განსხვავებულ ვერსიას ჰყვება.

მისი მონათხრობის თანახმად, პირველ სექტემბერს გელა ხასაიას სახლისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა სამი უცხო პიროვნება, რომლებიც მას გაეცნენ, როგორც მხარდამჭერები და გულშემატკივრები, გამოლაპარაკების შემდეგ სთხოვეს გელას, მათთვის ლუდი ეყიდა.

„გელამ მათ ლუდი უყიდა. ამ სამმა უცხო პიროვნებამ ერთმანეთში დაიწყო ჩხუბი, გელას არც კი უკამათია, და მას შემდეგ რაც ეს ბიჭები ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, გელამ გადაწყვიტა ვითარებას გარიდებოდა და მშვიდად დატოვა ტერიტორია“, - წერს ჟორჟოლიანი.

მისი ცნობითვე, „დაკავებისას გამომძიებლად ვინც გაეცნო, ერთმა უთხრა, „შენ როგორი ძლიერი ბიჭი ყოფილხარ, სამი ბიჭი გიცემია, ხელის მოტეხვა გცოდნიაო“, სულ სხვა მეორე პოლიციელმა კი უთხრა: „როგორ არ შეატყობინე პოლიციას დანაშაულის შესახებო“.

იმ კოალიციის ყველა ლიდერი, რომლის წევრიც ხასაიაა, - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია - დაპატიმრებულია.

ომარ ფურცელაძის თანახმად, გელა ხასაიას გადმოცემით, ყველა ის პოლიციელი, რომლებთანაც დაკავების შემდეგ მოუწია კომუნიკაცია, ნამყოფია აქციებზე, როგორც შსს-ს წარმომადგენელი:

„მათ შორის, ცალკეული პოლიციელების მხრიდან გელა ხასაიას პირადად მიუღია მუქარა, რომ მას დააკავებდნენ და დააკავებდნენ არაადმინისტრაციული მუხლით“, - ამბობს ადვოკატი ვიდეოში, რომელიც პარტიიდან რადიო თავისუფლებას მიაწოდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG