Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საერთო აქვს ირაკლი ზარქუას სიძეს სკოლების მშენებელ კომპანიასთან, რომლის ხელმძღვანელებიც დააკავეს


ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის რეაბილიტაციაც „ლაგი კაპიტალს“ უნდა ჩაეტარებინა.
ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის რეაბილიტაციაც „ლაგი კაპიტალს“ უნდა ჩაეტარებინა.

ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს რეგიონებში სკოლებისა და ბაღების მშენებელი კომპანია „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელები სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა. მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შპს „ლაგი კაპიტალი“ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული არაერთი ტენდერის გამარჯვებულია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა კომპანიის მიერ 2023 წელს მოგებულ ტენდერებზე:

  • რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის 11 ტენდერით 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არცერთ მათგანზე ეს პროცესი ამ დრომდე არ არის დამთავრებული;
  • გარდა ამისა, ამავე წელს კომპანიამ მოიგო კიდევ ერთი ტენდერი - მას 20,6 მლნ ლარად გათვალისწინებული იყო ოთხი სკოლის აშენება: აქედან ერთი გორში, სამი კი ხაშურში.
  • გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 94 444 427 ლარია.

იმ დროს, როცა კომპანიამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა დაიწყო, „ლაგი კაპიტალის“ 50%-იანი წილი (შპს ჯე5-ის საშუალებით) „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი ზარქუას ცოლისძმას, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა.

  • ირაკლი ზარქუას ცოლისძმამ 2023 წლის 4 სექტემბერს 50%-იანი წილი „სრულიად უსასყიდლოდ“ გადასცა ია რამიშვილს. ასე მოიქცნენ „ლაგი კაპიტალის“ სხვა მეწილეებიც.
  • ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 სექტემბერს, კომპანიის 100%-იანი წილი „სრულიად უსასყიდლოდ“ მიიღო ივანე გახელაძემ. ის ამ დრომდე რჩება კომპანიის მფლობელად.
  • ბესიკ ბერძენიშვილი, რომელიც დიდი ალბათობით პოლიციამ დააკავა, კომპანიის დირექტორად მუშაობს 2025 წლის 10 მარტიდან.

„ლაგი კაპიტალმა“ სახელმწიფოსგან ავანსის ნაწილი მიიღო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი 50%-იანი წილი ირაკლი ზარქუას სიძეს ეკუთვნოდა.

როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, დაკავებული უნდა იყოს ბესიკ ბერძენიშვილის ძმა, ალეკო ბერძენიშვილიც. როგორც ფინანსურ პოლიციაში განაცხადეს, მათ „ლაგი კაპიტალი“ დაარეგისტრირეს ე.წ. თეთრ სიაში, რომელიც საშუალებას აძლევდათ სახელმწიფოსგან ავანსად აეღოთ თანხა.

„დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-ანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს“, - აღნიშნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ფინანსურ პოლიციაში გამართულ ბრიფინგზე არ უთქვამთ, 2023 წელს გამარჯვებულ ტენდერებთან რა კავშირი აქვს 2025 წლის 10 მარტს დანიშნულ დირექტორთან, რომელიც ახლა დაკავებულია.

პირველი ტენდერი

„ლაგი კაპიტალმა“ პირველი ტენდერი 2023 წლის 21 მარტს მოიგო. ხელშეკრულება კი 26 აპრილს დაიდო.

20 611 990 ლარად კომპანიას უნდა აეშენებინა ოთხი სკოლა: სამი ხაშურის მუნიციპალიტეტში, ერთი კი გორში. კომპანიამ ავანსის სახით მიიღო 4 მილიონი ლარი.

სწორედ ამ ტენდერით იყო გათვალისწინებული ხაშურში #4 სკოლის აშენება - ადგილზე ჩასულ ინფრასტრუქტურის მინისტრს სკოლის გაბრაზებული მასწავლებლები ესაუბრნენ, მათ გაჩუმებას კი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაალ დუგლაძე ცდილობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG