მისი თქმით, დააკავეს 29 სექტემბრის ღამეს, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან შინ ბრუნდებოდა.
„აქციიდან წამოვედი დაახლოებით 22:15 საათზე, ჩავედი მეტროში და ამოვედი ჩემს სახლთან, დადიანის ქუჩაზე მდებარე მეტროსთან. შევედი მაღაზიაში. გამოვედი და დავინახე „შკოდა“, უცბად თავი ჩავღუნე და რომ ამოვიხედე, უცბად დავინახე რამდენიმე ადამიანი. დაიწყეს ჩემი დაკავება“, - განაცხადა გელა ხასაიამ.
იგი ამბობს, რომ თავიდან ტელეფონის დაბლოკვას ცდილობდა: „როგორც კი დავბლოკე, წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი. აზრი არ ჰქონდა“.
აქტივისტის მონათხრობის თანახმად, დამკავებელთა შორის ერთი იყო მისი ნაცნობი პოლიციელი, რომელიც ხშირად უნახავს აქციებზე.
„მთელი გზა მიმეორებდა, ვიცი რაც დააშავეო, დაგპირდი და დაგიჭირეო“, - განაცხადა ხასაიამ.
მისივე თქმით, პოლიციელებმა ის გადაიყვანეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.
„ორჯერ გამჩხრიკეს. გაჩხრეკაში ვგულისხმობდი მთლიანად გაშიშვლებას. პირველად მეგონა, რომ დასრულდა, თუმცა 20 წუთში კვლავ გამაშიშვლეს“, - განაცხადა მან.
პოლიციაში გაშიშვლების პრაქტიკას, - რაზეც არაერთი დაკავებული აქტივისტი თუ პოლიტიკოსი, მათ შორის ქალები, საუბრობენ, - ახლანდელი ომბუდსმენი უწოდებს „დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“.
„მიხსენებდნენ მზია ამაღლობელსა და ჩემს მეგობარს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც ასევე რეჟიმის მსხვერპლია. მეუბნებოდნენ, რომ ძმაკაცები მოძალადეები ვართ“, - თქვა ხასაიამ.
პროკურორმა მარიამ წულაიამ განაცხადა, რომ დაკავებულს „არაადამიანურად არ მოპყრობიან“ და მისი „განმარტებები ემსახურება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას“.
პროკურორმა ასევე წაიკითხა ბრალდების შინაარსი, რომლის მიხედვითაც, გელა ხასაიამ და კიდევ ერთმა პირმა, ვასილ ქერდიყოშვილმა, იძალადეს დაზარალებულზე, ურტყეს ფეხები, რა დროსაც ამ უკანასკნელს მაჯა მოტყდა.
მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენჯერმე მიმართ გელა ხასაიას და უთხრა, რომ შეეძლო დამჯდარიყო.
„არა, ასე მირჩევნია“, - უპასუხა აქტივისტმა, რომელიც ბრალდებულისთვის განკუთვნილ შემინულ სივრცეშია.
გელა ხასაია პოლიციამ 29 სექტემბერს დააკავა. მას ედავებიან 1 სექტემბერს სადგურის მოედანზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაზიანების მიყენებას. ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობდა, რომ იმ დღეს ხასაია კონფლიქტს შეესწრო, თუმცა მასთან არაფერი აკავშირებდა.
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ პირველ სექტემბერს გელა ხასაიას სახლისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა სამი უცხო პირი, რომლებიც მას მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად გაეცნენ და გამოლაპარაკების შემდეგ სთხოვეს, მათთვის ლუდი ეყიდა.
„გელამ მათ ლუდი უყიდა. ამ სამმა უცხო პიროვნებამ ერთმანეთში დაიწყო ჩხუბი, გელას არც კი უკამათია, და მას შემდეგ რაც ეს ბიჭები ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, გელამ გადაწყვიტა ვითარებას გარიდებოდა და მშვიდად დატოვა ტერიტორია“, - დაწერა ჟორჟოლიანმა.
პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გადაწყვეტილება დღეს გვიან ღამით გამოცხადდება.
აქტივისტი დააკავეს დედაქალაქში დაგეგმილ მასშტაბურ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე - 4 ოქტომბერს, როცა ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები იმართება, პოლიტიკური პარტიის წევრები, მოქალაქეები და აქტივისტები პარლამენტის შენობასთან შეკრებას გეგმავენ.
ხასაიას გარდა, პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი პარტიის,„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მელია. ბევრად უფრო ადრე დააკავეს საბა სხვიტარიძე, რომელსაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - სხვიტარიძეც ხასაიას მსგავსი ბრალდებით დააკავეს.
ფორუმი