ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში 8 ოქტომბრის 22:00 საათზე ჩატარებულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გაავრცელა. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, მას დაკავებულთა არც ვინაობა და არც ინიციალები არ დაუსახელებია.
ბრიფინგის პარალელურად გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანდა, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობესთან მყოფი ბათუმის აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძე.
მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მანამდე ოჯახზე დაყრდნობით გაავრცელა, ონლაინგამოცემა "ბათუმელებმა". გამოცემის თანახმად, ზურაბ ჭავჭანიძე დღეს, 8 ოქტომბერს ბათუმში, ქუჩაში დააკავეს და თბილისში გადაიყვანეს.
ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. რამდენიმე თვეა, რაც იგი საპროტესტო აქციებზე საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დადის.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ თქვა 8 ოქტომბრის ბრიფინგზე, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა შორის არიან, როგორც ორგანიზატორები, ასევე მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 12 პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე განცხადება შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა.
გამოძიების თანახმად, დაკავებულებმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის "სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს".
შს მინისტრის მოადგილის თქმით, დაკავებულია ჯამში 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც ორგანიზატორები, ასევე, მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში დასახელებული იყო დაკავებულთა ინიციალები. "ს.კ., ზ.ჭ., კ.კ., გ.ქ., გ.ყ., ს.ა., გ.კ., ა.ჩ., ლ.ჯ., ს.ტ., ლ.ი., და ბ.ქ."
"გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა, 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს", - თქვა დარახველიძემ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
"მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასულ ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს. დააკავეს”.
7 ოქტომბერს შსს ამავე საქმეზე კიდევ 4 პირის დაკავების შესახებ იუწყებოდა, 6 ოქტომბერს კი - 13-ის.
4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. მათ სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.
ლელა მარიდაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების საქმეს განიხილავს, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია.
პატიმრობა უკვე შეეფარდა, აქციაზე დაკავებულ 8 დემონსტრანტს. კიდევ 5-ის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აქცია „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილმა მოგვიანებით გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრ მურთაზ ზოდელავას თანახმად, „ჩაიბარებდნენ" „პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.
დემონსტრანტების ნაწილმა რკინის ღობე გაარღვია და შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, საიდანაც საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის იყო დაპირისპირება. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა აქციის 6 მონაწილესა და 21 სამართალდამცველს. 30-მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა და ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.
ფორუმი