Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩო ახალაია პოლიციაში დაიბარეს


ბაჩო ახალაია. 2010 წლის ფოტო
ბაჩო ახალაია. 2010 წლის ფოტო

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პოლიციაში დაიბარეს.

ინფორმაცია, რაც მისმა მეუღლე, ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შსს-ის პრესცენტრშიც დაუდასტურეს.

ნადარეიშვილის ცნობით, მის ტელეფონზე დაურეკეს შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და ბაჩო ახალაია დაიბარეს ხვალ, პარასკევს, 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე.

შსს-ის პრესცენტრი არ აზუსტებს, რა საქმის ფარგლებში და რა სტატუსითაა ახალაია დაბარებული. ჯერ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ის „ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის“ ფარგლებშია დაბარებული.

„4 ოქტომბრის გამოძიება“

შაბათს, 4 ოქტომბერს, - პაატა ბურჭულაძისა და აქციის სხვა ორგანიზატორების დაკავებამდე, როცა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა უკვე აღკვეთილი იყო, - ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, არხის ცნობით, ბურჭულაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია საუბრობენ.

ჩანაწერის მიხედვით, თითქოსდა ახალაია და ბურჭულაძე განიხილავენ 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს, საუბრობდნენ „თავ-პირის მტვრევის“, ასევე „სისხლის“ აუცილებლობასა და წარუმატებლობის საფასურზე.

აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას და ნამდვილობას არც „იმედი“ არ ამტკიცებს, ახალაიას მეუღლე კი უარყოფს და აცხადებს, რომ სრულად ფალსიფიცირებულია; „მითების დეტექტორის“ ცნობით, AI-ის მიერაა გენერირებული.

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერი სრულიად ფალსიფიცირებულია და ეს ბაჩო ახალაიას ხმა არ არის.

  • ოთხი ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 36 ადამიანი ჰყავს დაკავებული;
  • მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე;
  • 6 ოქტომბერს კი დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
  • 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე;
  • 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი.

„ჰექსოგენის საქმე“

  • კიდევ ერთი პროსახელისუფლებო არხი, „რუსთავი 2“, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზების ნაწილში ბაჩო ახალაიას სახელსა და გვარს რამდენიმე დღით ადრე ახსენებდა;
  • 29 სექტემბერს ტელეარხი ამტკიცებდა, რომ „ახალიას ბინაში შეკრება 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვას უკავშირდებოდა“;
  • კიდევ უფრო ადრე, პროსახელისუფლებო არხებმა განაცხადეს, რომ ახალაია ფიგურირებს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის საქმეშიც.
  • ახალაიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამას „გამაოგნებელი ტყუილი“ და „აბსოლუტური სიგიჟე“ უწოდა.

ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

  • 2003-2004 წლებში ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორი იყო;
  • 2004-2005 წლებში - სახალხო დამცველის მოადგილე;
  • 2005-2008 წლებში - იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.
  • 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2009-2012 წლებში კი თავდაცვის მინისტრი იყო.

ბოლოს, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.

2012 წლის 6 ნოემბერს ის დააპატიმრეს.

მან საპატიმრო თითქმის ცხრა-ნახევარი წლის შემდეგ, 2022 წლის პირველ მარტს დატოვა.

„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად. აგერ გვერდში მიდგას ჩემი მიზანი [ცოლი] და ჩემი შვილები“, - განაცხადა მან საპატიმროს დატოვებისას.

ბაჩო ახალაიამ ციხე 2022 წელს დატოვა
ბაჩო ახალაიამ ციხე 2022 წელს დატოვა

ფორუმი

XS
SM
MD
LG