ჩანაწერის მიხედვით, ახალაია და ბურჭულაძე განიხილავენ 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს, საუბრობდნენ „თავ-პირის მტვრევის“, ასევე „სისხლის“ აუცილებლობასა და წარუმატებლობის საფასურზე.
„ეს თუ გადააგორეს, ქოცები მოგვ**ნავენ დედის **აკს. მერე გადაგვაჯდებიან ბოლომდე“, - ისმის აუდიოჩანაწერში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ ჩანაწერის შინაარსით გამოძიება უნდა დაინტერესდეს:
„ვნახოთ, როგორ გაგრძელდება გამოძიება, მაგრამ შინაარსი რომ არავის უკვირს, ეს არის მრავლისმეტყველი“, - თქვა მან
ჩანაწერში ასევე ნახსენებია ე.წ. კანონიერი ქურდები. 4 ოქტომბრის მასობრივი ანტისახელისუფლებო აქციის მოწვევის გეგმების გამოცხადებიდან მალევე, თბილისში კრიმინალური ბიზნესგარჩევების კვალდაკვალ, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ხმები საპროტესტო პროცესებით უცხოეთში მცხოვრები ქართველი "კანონიერი ქურდების" შესაძლო დაინტერესების შესახებაც.
გარდა ამისა, კიდევ ერთი პროსახელისუფლებო არხი, „რუსთავი 2“ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზების ნაწილში ბაჩო ახალაიას სახელსა და გვარს რამდენიმე დღით ადრე ახსენებდა - 29 სექტემბერს ტელეარხი ამტკიცებდა, რომ „ახალიას ბინაში შეკრება 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვას უკავშირდებოდა“.
ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი უარყოფს ჩანაწერის ავთენტიკურობას და წერს, რომ ეს „ვითომ ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი“ ფალსიფიცირებულია, „ეს არ არის ბაჩოს ხმა“ - ამბობს ის.
სავარაუდო ფალსიფიკაციაზე მიუთითებს „მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „მითების დეტექტორიც“, რომელმაც „იმედის“ გავრცელებული ჩანაწერი შეისწავლა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიოს ამომცნობი ორი ხელსაწყოთი და ასეთი შედეგი მიიღო:
- Hiya-ს თანახმად, აუდიო მასალა 75%-ით AI გენერირებულია;
- Deepfake-O-Meter-ის 4 მაჩვენებლის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის კვალი აუდიოში 84%-დან 100%-მდეა.
ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში პოლიციამ დააკავა 4 ოქტომბრის აქციის ხუთივე ორგანიზატორი. მათ შორის პაატა ბურჭულაძე. მათ ბრალი ედებათ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს ბრიფინგზე, სადაც დაკავებების შესახებ გააკეთა განცხადება, არ უხსენებია ბაჩო ახალაია. პროსახელისუფლებო მედიამ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნის გვარი, რომელიც 2013 წლიდან 2022 წლამდე რამდენიმე ბრალდებით იხდიდა სასჯელს, სექტემბერში ე.წ. ჰექსოგენის საქმესაც დაუკავშირა.
ფორუმი