Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე მხარდაჭერას უცხადებს ექიმ გოგი ჩახუნაშვილს, რომელიც პოლიციამ დააკავა


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

​ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მხარდაჭერას უცხადებს ექიმ-პედიატრ გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილს, რომელიც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებით, გუშინ, 9 ოქტომბერს, საკუთარ ბინაში დააკავეს 4 ოქტომბრის აქციასთან კავშირის საბაბით.

„ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის!..

გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს“, - წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

პროფესორ ჩახუნაშვილის დაკავებას გამოეხმაურნენ:

  • საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგი რევაზ ბოჭორიშვილი: „ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა უწესიერეს ადამიანს, უანგარო პროფესიონალს, სამაგალითო მოქალაქესა და პატრიოტს, ბატონ გიორგი ჩახუნაშვილს“;
  • ინფექციონისტი და კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური დირექტორი მაია ბუწაშვილი: „არ მომწონს მის ასაკზე აპელირება - ყველა ახალგაზრდაზე უფრო ახალგაზრდაა... შსს თანახმად, საერთოდ მარველის პერსონაჟად გადაქცეულა - რკინის ღობეებს გლეჯს და ისეთი სუპერძალები აქვს, მის დასაკავებლად თურმე ასი პოლიციელია საჭირო“.

71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი არის პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ოქტომბერს დედაქალაქში გამართულ აქციაზე ყოფნის დროს ამოიცნეს და მის დასაკავებლად ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული მის საცხოვრებელ კორპუსთან - თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე.

ჩახუნაშვილი 9 ოქტომბერს, 22:25 საათზე დააკავეს. დაკავებიდან რამდენიმე წუთში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან კავშირში დააკავეს კიდევ შვიდი ადამიანი. 10 ოქტომბრის დილისთვის, დაკავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG