შოთა თუთბერიძის თანახმად, პაატა ბურჭულაძეს პარასკევს, 10 ოქტომბერს, შეუზღუდეს საპატიმროდან სატელეფონო ზარები და წერილის გამოგზავნა, ასევე პაემნები ოჯახის წევრებთან. მისი თქმით, შეზღუდვა ორი თვითაა დაწესებული და გადაწყვეტილება დოკუმენტის სახით ჯერ არ ჩაჰბარებიათ, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების დასაბუთებაზე საუბარი არ შეუძლია. დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ თუთბერიძე მის გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა ვარაუდობს, რომ დაწესებულ შეზღუდვებს, მოხსნის ნაცვლად, ორი თვის გასვლის შემდეგ გაუგრძელებენ.
როგორც თუთბერიძე ამბობს, არ აქვს დეტალური ინფორმაცია სხვა დაკავებულებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, თუმცა იცის, რომ საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრებზეც ანალოგიური შეზღუდვები ვრცელდება.
საპატიმრო დაწესებულებიდან წერილების გაგზავნა, დარეკვა და ციხეში ოჯახის წევრების ნახვა შეზღუდული აქვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ლევან ხაბეიშვილსაც, რომელიც 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე დააკავეს, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის ბრალდებით.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაშვილი, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით.
4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ამ დრომდე სულ დაკავებულია 45 ადამიანი.
ფორუმი