Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიტყდება“, რომ არაფერში ვიყავი ჩართული“ - ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის აქციაზე


ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ არ ყოფილა ჩართული 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში და ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ ჩანაწერში მისი არათუ ხმა, „ბგერაც კი არ არის“ - ფალსიფიცირებულია.

„ძალიან მრცხვენია, ძალიან „მიტყდება“, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება?

მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა“, - თქვა ბაჩო ახალაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

იგი არ გამორიცხავს, რომ ისიც შეიძლება დააკავონ. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებთან კავშირში მისი სახელისა და გვარის ხსენება პროპაგანდის ნაწილია:

„პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში უამრავი რესურსი დახარჯეს, რომ რამდენიმე ბუა ჰყოლოდათ, მათ შორის ერთი მე ვარ“.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობის შემოთავაზებაა:

  • ან „ყველა ციხეში“;
  • ან „ყველამ ქვეყანა დატოვოს“;
  • ან „ყველა გარუსდეს“.

ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატის გარეშე მივიდა, რაც ასე განმარტა:

„ადამიანურად ძალიან მაღიზიანებდა ხოლმე, როცა ვიღაც ამბობდა, პროკურატურაში არ მოვალ, მოვიდნენ სასამართლოშიო - რა განსხვავებას ნახულობთ?! ადვოკატი რა ჭირად მინდა?! - რა, ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? - არაფერი არსებობს. შესაბამისად, ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ!“

ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ პოლიციაში იმყოფება. მისი დაბარების შესახებ ცნობა გუშინ, 9 ოქტომბერს, მისმა ცოლმა ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა.

მისი დაბარების მიზეზზე ინფორმაცია შსს-ის პრესცენტრმა ახალაიას მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა.

„4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“, - აცხადებენ შსს-ში.

„4 ოქტომბრის გამოძიება“

შაბათს, 4 ოქტომბერს, - პაატა ბურჭულაძისა და აქციის სხვა ორგანიზატორების დაკავებამდე, როცა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა უკვე აღკვეთილი იყო, - ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, არხის ცნობით, ბურჭულაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია საუბრობენ.

ჩანაწერის მიხედვით, თითქოსდა ახალაია და ბურჭულაძე განიხილავენ 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს, საუბრობენ „თავ-პირის მტვრევის“, ასევე „სისხლის“ აუცილებლობასა და წარუმატებლობის საფასურზე.

აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას და ნამდვილობას არც „იმედი“ არ ამტკიცებს, ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი კი უარყოფს და აცხადებს, რომ სრულად ფალსიფიცირებულია და ეს ბაჩო ახალაიას ხმა არ არის. „მითების დეტექტორის“ ცნობით, AI-ის მიერაა გენერირებული.

  • 4 ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 46 ადამიანი ჰყავს დაკავებული;
  • მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.

„ჰექსოგენის საქმე“

  • კიდევ ერთი პროსახელისუფლებო არხი, „რუსთავი 2“, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზების ნაწილში ბაჩო ახალაიას სახელსა და გვარს რამდენიმე დღით ადრე ახსენებდა;
  • 29 სექტემბერს ტელეარხი ამტკიცებდა, რომ „ახალიას ბინაში შეკრება 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვას უკავშირდებოდა“;
  • კიდევ უფრო ადრე, პროსახელისუფლებო არხებმა განაცხადეს, რომ ახალაია ფიგურირებს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის საქმეშიც.
  • ახალაიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამას „გამაოგნებელი ტყუილი“ და „აბსოლუტური სიგიჟე“ უწოდა.

ახალაიას შესახებ

ბაჩო ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

  • 2003-2004 წლებში ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორი იყო;
  • 2004-2005 წლებში - სახალხო დამცველის მოადგილე;
  • 2005-2008 წლებში - იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი;
  • 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2009-2012 წლებში კი თავდაცვის მინისტრი იყო.

ბოლოს, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.

2012 წლის 6 ნოემბერს ის დააპატიმრეს.

მან საპატიმრო თითქმის ცხრა-ნახევარი წლის შემდეგ, 2022 წლის პირველ მარტს დატოვა.

„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად. აგერ გვერდში მიდგას ჩემი მიზანი [ცოლი] და ჩემი შვილები“, - განაცხადა მან საპატიმროს დატოვებისას.

ბაჩო ახალაიამ ციხე 2022 წელს დატოვა.
ბაჩო ახალაიამ ციხე 2022 წელს დატოვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG