Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უნდოდათ მიეტყუებინათ და კითხვები დაესვათ“, - შოთა თუთბერიძე პაატა ბურჭულაძის გამოკითხვაზე დაბარებაზე


შოთა თუთბერიძე
შოთა თუთბერიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა მაგისტრატ მოსამართლესთან.

როგორც მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ეს იყო სუსის მიერ ფორმალური დაბარება ე.წ. იარაღის საქმეზე, თუმცა სინამდვილეში მათ სურდათ პაატა ბურჭულაძისთვის დაესვათ კითხვები იმ საქმეზე, რომელზეც არის ახლა ბრალდებული:

„ცხადია, ამ კითხვებზე მათ პასუხი ვერ მიიღეს. მაგალითად, ეკითხებოდნენ, რას აორგანიზებდა და ვისთან ერთად აორგანიზებდა, ეძებდნენ საკენკს შავი პიარისთვის და რეპუტაციის შესალახს, შიშის და სტრესის დასათესად და თავისივე ტელევიზიებით ამის გასავრცელებლად“.

პაატა ბურჭულაძის გარდა, გამოკითხვაზე დაბარებული იყო 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი მურთაზ ზოდელავაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა უნდა გამოიკითხონ იმავე საქმეზე, რომელზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი დაიბარეს.

სუსმა 5 ოქტომბერს, - არჩევნებისა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, - განაცხადა, რომ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები (დეტონატორით), რომელთა გამოყენებით 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.

სუსმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა ბ.ჭ.-მ აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, - თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.

სუსმა ასევე თქვა, რომ სამსახურის თანამშრომლების გატარებული „პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“.

თავად პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის კიდევ სამ წევრთან ერთად, 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს და მათ გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG