Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ გააუქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში“ მონაწილეობის გამო


ირაკლი კობახიძე და ელინა ვალტონენი
ირაკლი კობახიძე და ელინა ვალტონენი

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააუქმა საქართველოში მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა:

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

რადიო თავისუფლებამ კითხვით მიმართა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს, რას გულისხმობს ირაკლი კობახიძე, როდესაც მიტინგს "კანონსაწინააღმდეგოს" უწოდებს. იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობის ადმინისტრაციისგან პასუხს მივიღებთ, მას ამავე მასალაში ავსახავთ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში 14 ოქტომბერს ჩამოვიდა.

14 ოქტომბერს იგი „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა და იქვე გადაიღო მოკლე ვიდეომიმართვა, რომელიც X-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. ელინა ვალტონენი მიმართვაში აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ქვეყნის გეზის გამო შეშფოთებული მოქალაქეები:

„მე თბილისში ვარ, პარლამენტის შენობის წინ. აქ იკრიბება მშვიდობიანი დემონსტრაცია. ნელ-ნელა უამრავი ხალხი მოდის. აფრიალებენ ევროკავშირის, ნატოს და როგორც ჩანს, ფინეთის დროშებსაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოს დროშას. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია გეზით, რომელსაც ეს ქვეყანა იღებს ხალხისთვის ძირითადი თავისუფლებების წართმევით, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებით და შეკრების თავისუფლებით. იმის თქმაც კი ზედმეტია, რომ ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ მათ მხარდასაჭერად“, - ამბობს თავის განცხადებაში ელინა ვალტონენი.

14 ოქტომბერს ელინა ვალტონენი თბილისში შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა და შეხვედრის ფოტოც გამოაქვეყნა:

„მქონდა პატივი, თბილისში შევხვედროდი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის სივრცე საქართველოში საგანგაშო ტემპით იკლებს. ფინეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“.

ფინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მთავრობას მოუწოდა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ ყველა დისკუსიაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვისკენ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს შიდა ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ბოჭორიშვილს გაუზიარა ეუთოს სახელმწიფოებისა და ეუთოს ინსტიტუტების „სერიოზული შეშფოთება“ საქართველოში არსებული ვითარების გამო:

„მათ შორის, ამკრძალავ კანონებზე, რომლებიც აფერხებს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის პროფესიონალებისა და ჟურნალისტებისთვის და დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული შეშფოთება.

მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვა ძალიან შემაშფოთებელია, ასევე ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერის დაპატიმრება და ჩვენ მოვუწოდებთ თავისუფალი, სამართლიანი და პროპორციული სამართლებრივი პროცედურისკენ ყველასთვის, ვინც დაპატიმრებულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებისთვის“.

ელინა ვალტონენმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მოქალაქეებისთვის არჩევანის მიცემის მნიშვნელობას:

„ნებისმიერ დემოკრატიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ არჩევანი. ეს ეხება საქართველოსაც. ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იქნება, როგორი მთავრობა, როგორი მომავალი სურს. რაც შეეხება ეუთოს, ეს არის პრინციპები. და მართლაც, ჰელსინკის ფინალურ აქტში ჩამოყალიბებული ათი პრინციპი მოიცავს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობას, რაც საქართველოზეც სრულად ვრცელდება.

მაგრამ ქართველ ხალხზეც ვრცელდება ადამიანის უფლებები - გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკური მონაწილეობის თავისუფლება და ყველა ის თავისუფლება, რომლებიც გაწერილია ზოგად პრინციპებში.

საჭიროა, საქართველოს მთავრობამ იპოვოს გამოსავალი ამ კრიზისიდან და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ხალხის ნდობის აღსადგენად“, - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

15 ოქტომბრის დღის წესრიგის თანახმად, გარდა ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრისა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელის ინიციატივით გაუქმდა, ელინა ვალტონენი ოკუპაციის ხაზთან გეგმავს მისვლას. ის საქართველოს 15 ოქტომბერს დატოვებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG