„საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მიმართვაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი დადანაშაულებულია „შეცდომაში შემყვანი“ განცხადებების გაკეთებასა და „მანდატის ბოროტად გამოყენებაში“.
„[ეს] აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს“, - წერია განცხადებაში.
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში
14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. 14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრიდან იმართება.
14 ოქტომბერს ის თბილისში შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, 15 ოქტომბერს კი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
15 ოქტომბერს კობახიძის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ფინური გამოცემის, Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მასპინძელ მხარეს.
Helsingin Sanomat-ს ელინა ვალტონენმა სატელეფონო კომენტარში განუმარტა, რომ მისი „შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან გაუქმდა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით, განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინა ღამით ეცნობათ“.
დღეს, 16 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე ყოფნის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 5000 ლარით დააჯარიმა - მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“.
ფორუმი