კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელსაც რუსეთში წარმატებული ბიზნესი აქვს, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს.
„უმარი გახლავთ მსოფლიო ბოქსის ასოციაციის პრეზიდენტი. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და არაფერი, საქართველოში იყო უბრალოდ ჩამოსული. უბრალოდ, მეგობრული ვიზიტი იყო. [შევხვდი] კი“, - თქვა კახა კალაძემ.
უმარ კრემლევი მედიისთვის საინტერესოა თავისი ბიზნესსაქმიანობის გამოც. სპორტსმენი რუსეთში ავტობიზნესითაა დაკავებული. ის ფლობს კომპანია „როლფს“, რომელიც კომპანიის ვებსაიტის მონაცემებით, 2024 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებდა, ლიდერი იყო ავტომობილების გაყიდვით მიღებული შემოსავლებით - კომპანიას 121 შოურუმი აქვს რუსეთში და ჯამში 30 ბრენდის ახალ და მეორად ავტომობილებს ყიდის.
„ჩვენ მხოლოდ ბიზნესზე არ ვართ ორიენტირებულნი. ჩვენ ეროვნული განვითარებისკენ ვართ ორიენტირებულნი“, - წერია „როლფის“ 34-ე იუბილეზე უმარ კრემლევის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
კახა კალაძეს „TV პირველის“ ჟურნალისტმა უმარ კრემლევის ბიზნესსაქმიანობაზეც ჰკითხა: „როგორც თავისუფალი მედია წერს, ის აკონტროლებს ბიზნესსაც და კრიმინალურ სამყაროსაც“.
„ეს არის თქვენი სპეკულაციები. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი შეფასებები, არც თქვენი პოლიტიკური შეხედულებები. თქვენ ხართ იქ, სადაც ქართველმა ხალხმა მოგიჩინათ ადგილი - ხართ პოლიტიკურ სანაგვეზე“, - უთხრა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტს.
ავტოინდუსტრია რუსეთში
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, დასავლეთის ქვეყნებმა ავტოტრანსპორტის გაყიდვაზე დააწესეს სანქციები, რომლებიც ეტაპობრივად გამკაცრდა. სანქციების გვერდის ავლაში დადანაშაულების გამო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რამდენჯერმე თავადაც შეზღუდა რეექსპორტის წესები, თუმცა ამის პარალელურად საქართველოს გავლით ვაჭრობა არ შემცირებულა - პირიქით.
იმის მიუხედავად, რომ საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს, გასულ 2024 წელს ავტომობილებმა საექსპორტო და საიმპორტო პროდუქტების ჩამონათვალში პირველი ადგილი დაიკავა.
რადიო თავისუფლებამ რამდენიმე თვის წინ მოამზადა სტატია, რომელიც აღწერდა სქემას, რომლითაც საქართველოდან რუსეთში ავტომობილების გაყვანა გრძელდებოდა. მაგალითად, 2023 წელს საქართველომ აკრძალა ავტომობილების რეექსპორტი რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით, თუმცა არ აუკრძალავს მანქანების გაფორმება ამ ქვეყნების მოქალაქეებზე.
შედეგად, ამოქმედდა ახალი სქემა: რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები საქართველოში მანქანებს ყიდულობდნენ, გაფორმებისას დანიშნულებაში ყაზახეთს და ყირგიზეთს უთითებდნენ, შემდეგ კი საქართველოს საზღვარს ლარსის გამშვები პუნქტის მეშვეობით ტოვებდნენ. თუმცა ყაზახეთისა და ყირგიზეთის ნაცვლად, ხშირად ავტომობილი რუსულ ბაზარზე ხვდებოდა.
ფორუმი