„პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოს.
იმისათვის, რომ ხალხმა თავისი უფლება განახორციელოს, ესაჭიროებათ გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივებით, რომელთა შორისაც ისინი არჩევანს გააკეთებენ.
ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): [მონაწილე სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი განხორციელება თითოეული ადამიანისთვის.
მონაწილე სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.
ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლისთავზე, გეპატიჟებით ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
P.S. ბოდიშს გიხდით, რომ დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია", - დაწერა პლატფორმა X-ზე ელინა ვალტონენმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც, მისი თქმით, შეხვედრა გააუქმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან 15 ოქტომბრის ინტერვიუში იგი „უცხოელ აგენტად“ მოიხსენია.
14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. 14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება.
14 ოქტომბერს ის თბილისში შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, 15 ოქტომბერს კი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
15 ოქტომბერს კობახიძის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა.
ფინური გამოცემის, Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მასპინძელ მხარეს.
Helsingin Sanomat-ს ელინა ვალტონენმა სატელეფონო კომენტარში განუმარტა, რომ მისი „შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან გაუქმდა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით, განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინა ღამით ეცნობათ“.
ფორუმი