ევროკომისიამ 16 ოქტომბერს წარმოადგინა ოთხი პროექტი, რომლებიც მიემართება ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და გათვლილია 2030 წლამდე პერიოდზე. პროექტები ეხება ევროკავშირის საგარეო საზღვრების გაძლიერებას, უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვას, საჰაერო თავდაცვის მთლიანობაში გაძლიერებას და ასევე კოსმოსის სფეროს. ევროკავშირის წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს ინიციატივები მიემართება რუსეთის შეკავებას. ევროკომისია ამჟამად რუსეთს მიიჩნევს მთავარ საფრთხედ ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის, დოკუმენტებში საფრთხეებს შორის ასევე ნახსენებია რუსეთის მოკავშირე ბელარუსი.
პროექტები წარმოადგინა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა - მან ხაზი გაუსვა ამ გეგმების მნიშვნელობას "ბოლო პერიოდის საფრთხეების" გათვალისწინებით. 2030 წელი შეირჩა ანგარიშის ჩაბარების მომენტად - რადგან ევროპის არაერთი სახელმწიფოს სადაზვერვო სტრუქტურების გაფრთხილებით, ამ წლამდე რუსეთმა შესაძლოა იმდენად გაზარდოს სამხედრო სფეროში თავისი შესაძლებლობები, რომ ევროკავშირის ქვეყნებს დაესხას თავს. მოსკოვში უარყოფენ ასეთი გეგმების ქონას.
ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები წლის ბოლომდე შეთანხმდებიან ამ გეგმების განხორციელებაზე, მათი დაფინანსების ფორმაზე და ინიციატივის მთავარ მოთამაშეებზე.
2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება აღმოსავლეთის საზღვრის მნიშვნელოვნად გაძლიერება, 2027 წელს კი უნდა შეიქმნას ე.წ. "დრონების კედელი", ან "დრონებისგან თავდაცვის კედელი" - საქმე ეხება სწორედ უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიებას. მოელიან, რომ საზღვრებზე ამოქმედდება დაზვერვისა და თავდაცვის დამატებითი სისტემები, და ამ პროცესში გაითვალისწინებენ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებას.
გეგმა ასევე ითვალისწინებს საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის შექმნას. გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ამ პროცესში წამყვანი როლი შესაძლოა მისმა ქვეყანამ იკისროს.
გავრცელებული მოლოდინით, ეს გეგმები მომავალ კვირაში, ევროკავშირის სამიტზე უნდა განიხილონ. უნგრეთი უწინ ამ ინიციატივების წინააღმდეგ გამოდიოდა.
ფორუმი