Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: ისრაელის მედია იტყობინება ღაზაზე ისრაელის არმიის იერიშის შესახებ, არმიამ დაადასტურა ცნობა


Reuters-ის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თავდასხმა მოაწყო ღაზაში. ცნობას სააგენტო ავრცელებს ისრაელის მედიაზე (Channel 12) დაყრდნობით.

ამის ფონზე ისრაელი ადანაშაულებს ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი), რომ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის შუამავლობით გაფორმდა ღაზის სექტორში ომის დასრულების მიზნით.

სააგენტოს მოჰყავს ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის ნათქვამი, რომ ჰამასმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელა "ყვითელი ზოლის" მიღმა და ამით დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„დღეს დილით, ტერორისტებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ისროლეს და ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომლებიც შეთანხმების პირობების შესაბამისად, რაფაჰის რაიონში ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობენ“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.

Reuters-ის თანახმად, ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ არაფერი იცის ღაზის პროვინცია რაფაში მომხდარი ინციდენტების ან შეტაკებების შესახებ. დაჯგუფების თანახმად, რაფაჰის ტერიტორია ისრაელის კონტროლის ქვეშაა და მარტის თვის შემდეგ ყველა დაჯგუფებასთან კომუნიკაცია შეწყვეტილია აქვს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთგულია შეთანხმების ყველა პირობისა, მათ შორის ღაზის სექტორის ყველა რაიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ისრაელმა და ჰამასმა 9 ოქტომბერს ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმის საპასუხოდ. ჰამასის მეთაურობით შეტევას ისრაელის სამხრეთში ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG