Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჟისორი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა და აცნობა, რომ გზა გადაკეტა. ის არ დაუკავებიათ


რეჟისორი გიორგი თავართქილაძე
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე

პარლამენტის შენობასთან საავტომობილო გზის გადაკეტვის შემდეგ რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და აცნობა, რომ ის მონაწილეობდა აქციაში, რომლის დროსაც გზა გადაიკეტა.

„მე ცოტა ხნის წინ ვიყავი იმ სავალ ნაწილზე [რუსთაველის გამზირზე] და გადავკეტე გზა ჩემს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. ამას აქვს მოტივი, მე მგონია, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ბრძოლა, ეს ყველაფერი უნდა იყოს წინააღმდეგობა. დღეს წინააღმდეგობა მხოლოდ სავალ ნაწილზეა...

"ქართული ოცნება" შეზღუდვებს გვიწესებს, რომელსაც ის უწოდებს კანონებს და ის გახდება კანონი, თუ ჩვენ მას დავემორჩილებით. და თუ ის კანონი გახდება, რეჟიმი გახდება ლეგიტიმური“, - თქვა რეჟისორმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში და პოლიციის განყოფილებაში შევიდა.

ის არ დაუკავებიათ. პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ კი კიდევ ერთი კომენტარი მისცა „ფორმულას“:

„ფასადურად, შიგნით ყველაფერი ისე მიმდინარეობდა, როგორც წესით უნდა მიმდინარეობდეს ნამდვილ პოლიციაში... რადგან მე გარეთ მხედავთ, ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - სისტემა არის ძალიან ნელი და ტლანქი და მას არ შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილების მიღება. როდესაც შენ მიდიხარ სისტემასთან, მას პასუხი არ აქვს, არ შეუძლია მოქმედება, მაგრამ ის დაგდევს. მოდი, ჩვენ ვესტუმროთ მათ მშვიდობიანად...

იმ მომენტში, როცა ვერ დაგვიჭერენ, დაიწყება რეჟიმის რღვევა...“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს აამოქმედა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონები, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს აქციების გამართავს - გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის 15-დღიანი პატიმრობაა დაწესებული. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.

კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:

  • მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.

ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
  • ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
  • გზის გადაკეტვისთვის.

„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.

მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მესამედ „არდამორჩილება“ დასჯადი გახდება:

„აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG