მერცმა კიდევ ერთხელ განაცხადა ისრაელისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის თაობაზე, ერდოანმა კი ისრაელი გენოციდის განხორციელებაში დაადანაშაულა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ისრაელმა მიმდინარე კვირაში ღაზაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელიც 10 ოქტომბერს შევიდა ძალაში.
"ისინი ღაზას არა მხოლოდ თავს ესხმიან, ყოველთვის ესწრაფოდნენ ღაზის დამორჩილებას შიმშილის და გენოციდის გზებით, და ეს კვლავაც გრძელდება", - თქვა ერდოანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ამ სიტყვებით უპასუხა მერცს, რომელმაც თურქ ჟურნალისტს უთხრა, რომ ისრაელი არის თავშესაფარი მილიონობით ებრაელისთვის, რომელთაგან ბევრი ჰოლოკოსტს გადაურჩა. "ამიტომ გერმანია ყოველთვის მტკიცედ იდგება ისრაელის სახელმწიფოს გვერდით" - თქვა კანცლერმა და დასძინა, რომ ისრაელი იყენებს უფლებას თავი დაიცვას, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს მას თავს დაესხა ჰამასი - აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჯგუფი.
ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ. ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მეთაურობით შეტევას ისრაელის სამხრეთში ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, 251 კი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
 
 
 
 
 
ფორუმი