Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფმა არტემ გრიბულმა ანასტასია ზინოვკინას გამო შიმშილობა დაიწყო


ფოტოკოლაჟი: ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული
ფოტოკოლაჟი: ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული

ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული არტემ გრიბული, რომელიც თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს.

როგორც მისი ადვოკატი დარია სამოდუროვა წერს სოციალურ ქსელში, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო და ის უკავშირდება ასევე მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინას მიერ გავრცელებულ განცხადებას.

"[არტემ გრიბულმა] მედიიდან შეიტყო შემზარავი ამბავი ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ციხის თანამშრომლების მხრიდან. არტემ გრიბულმა შემატყობინა, რომ იწყებს შიმშილობას", - წერს ადვოკატი.

რომლის თანახმადაც, გრიბული მოითხოვს, "გამოვლინდეს N5-ე პენიტენციური დაწესებულების ყველა ის თანამშრომელი, რომელიც არაადამიანურად ეპყრობოდა ანასტასია ზინოვკინას; გამოვლენილი ყველა დამნაშავე გათავისუფლდეს სამსახურიდან და დაისაჯოს".

ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საპატიმროში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია გუშინ 30 ოქტომბერს გაავრცელა მისმა ნაცნობმა, აქტივისტმა ალიონა ზაიცევამ.

„ზურგი ისე ასტკივდა, რომ ადგომა ვეღარ შეძლო. ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა რვა საათის განმავლობაში“, - წერდა ზაიცევა, ზინოვკინასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

მისი ინფორმაციით, ზინოვკინას ხერხემლის პრობლემები აქვს. მას რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ ვერ მკურნალობენ.

ზაიცევას თქმითვე, ზინოვკინას მონათხრობის თანახმად, მასთან მხოლოდ შუაღამისას შევიდნენ და საწოლზე გადააწვინეს.

"10 საათზე მასთან ექიმი მივიდა და უთხრა, რომ ნევროლოგი სჭირდებოდა. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც მან შეძლო, იყო უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, რაც ფსიქიატრთან ინახება. ზარი აქ დასრულდა“, - წერდა ზეიცევა.

პენიტენციურ სამსახურს ჯერ ამ ამბავზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანასტასია ზონივკინასა და არტემ გრიბულს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს.

ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ ისჯებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG