Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ის ციხეს მარტში დატოვებს


ზურაბ ზვიადაური სასამართლოს დარბაზში, 2021 წელი
ზურაბ ზვიადაური სასამართლოს დარბაზში, 2021 წელი

ოლიმპიურ ჩემპიონსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზეა ბრალდებული, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს მისი ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე.

12 ნოემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ზურაბ ზვიადაურს სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა.

მაგდა კოტრიკაძე ამბობს, რომ ზურაბ ზვიადაური ციხეს 2026 წლის მარტში დატოვებს. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას ერთი თვის წინ მიმართეს.

ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული, განზრახ მკვლელობისთვის. მაშინ ის სასამართლომ 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებოდა. სამართალდამცავი უწყების ვერსიით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG