საქმე ისაა, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილები მთავრობის უმაღლეს ეშელონებში მყოფი ადამიანები არიან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ხნის ახლო თანაგუნდელის გარემოცვიდან.
სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ გამოძიებას ის ანტიკორუფციული ინსტიტუტები წარმართავდნენ, რომელთა დადუმებაც ზელენსკიმ სცადა და ზაფხულში, მას შემდეგ დაიხია უკან, რაც, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყველაზე დიდი საპროტესტო აქციები გაიმართა.
არადა, კორუფცია უკრაინის საერთაშორისო რეპუტაციისთვის მწვავე საკითხია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის ყველაზე დიდ, სამხედრო კონფლიქტში მყოფი ქვეყნის მხარდამჭერების კრიტიკოსები ცდილობენ, დააკნინონ ის ნაბიჯები, რომლებსაც უკრაინა დგამს გამჭვირვალობის სასარგებლოდ მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთის ორბიტიდან დაიწყო გამოსვლა.
დასაკარგი ბევრია.
ვინ არიან ეჭვმიტანილები?
ოპერაცია „მიდასში“, რომლის გამოძიებაც მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანია გარეული.
სავარაუდო მოთავეა ტიმურ მინდიჩი, კომედიური დასის „კვარტალ 95-ის” თანამფლობელი, რომლის მეწილეც იყო ზელენსკი პრეზიდენტობამდე. ეს ბიზნესი კომიკოს და მსახიობ ზელენსკისთვის პოლიტიკაში წასვლამდე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო პოპულარობის მოსაპოვებლად.
46 წლის მინდიჩი ასევე იყო მილიარდერ იჰორ კოლომოისკის ბიზნესპარტნიორი, რომელიც მხარს უჭერდა ზელენსკის 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიას და რომელიც 2023 წლიდან წინასწარი პატიმრობაშია თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.
სამართალდამცავი ორგანოების წყაროების ცნობით, მინდიჩმა უკრაინა დატოვა 10 ნოემბერს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე პოლიცია მის სახლს გაჩხრეკდა.
მას ამ საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ვიქტორ ჩუმაკმა, 2019-20 წლებში მთავარმა სამხედრო პროკურორმა და 2020 წელს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრა, რომ „აბსოლუტურად შეუძლებელია“ საომარი მოქმედებების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო უკრაინიდან სწრაფად გასვლა, თუ „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არ დაგეხმარებიან“.
საქმეში ჩართული კიდევ ერთი გავლენიანი ფიგურაა ჰერმან ჰალუშჩენკო, რომელიც 12 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ თავს სასამართლოში დაიცავს იმ ბრალდებებისგან, რომ, თითქოს მექრთამეობის სქემაში ჩართულმა, „პირადი სარგებელი“ მიიღო მინდიჩისგან.
საქმეში ასევე ფიგურირებენ ყოფილი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომელიც ამჟამად ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანია, და ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი.
უმეროვი უარყოფს კორუფციულ სქემაში მონაწილეობას. ჩერნიშოვს კი ივნისში სხვა საქმეზე წაუყენეს ბრალდება კორუფციაში.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ფარულ ჩანაწერებში ეჭვმიტანილები ერთმანეთს მეტსახელებით მიმართავენ - მინდიჩი "კარლსონაა", ჩერნიშოვი კი "ჩე გევარა".
12 ნოემბერს ენერგეტიკის მინისტრი სვიტლანა ჰრინჩუკი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მას წასვლისკენ მოუწოდა. ის ირწმუნება, რომ კანონი არ დაურღვევია.
რაში ედებათ ბრალი?
NABU და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO) ამტკიცებენ, რომ „უმაღლესი დონის კრიმინალურმა ორგანიზაციამ“ ენერგეტიკის სექტორში 100 მილიონი დოლარი მიითვისა.
ყურადღების ცენტრშია „ენერგოატომი“, სახელმწიფო ატომური ოპერატორი, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით 4.7 მილიარდი დოლარია. ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, „ენერგოატომის“ კერძო სუბკონტრაქტორებისგან 10-15 პროცენტიან ქრთამებს ითხოვდნენ კონტრაქტების გაგრძელების სანაცვლოდ.
NABU-ს ერთ-ერთ ჩანაწერში ისმის, თუ როგორ იმუქრება ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი იჰორ მირონიუკი ასეთი კონტრაქტების გაუქმებით.
„თქვენ სრულიად განადგურდებით... თქვენს ყველა თანამშრომელს ჯარში გაიწვევენ“, - ისმის მისი ნათქვამი. მირონიუკი უარყოფს რაიმე დანაშაულს.
სხვა მომენტში, საუბრის მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული ობიექტებისთვის საჰაერო თავდასხმებისგან დამცავი კონსტრუქციების მშენებლობაზე კონტრაქტების გაცემას.
გამოძიებისას, NABU-მ 70 სახლი გაჩხრიკა და საუბრის 1000 საათი ჩაიწერა ფარულად.
რამდენად მძიმეა სიტუაცია?
შესაძლო შედეგები უზარმაზარია.
მილიონობით უკრაინელი ენით აუწერელ სირთულეებს აწყდება, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მეოთხე წლისთავს უახლოვდება. ყველაფერთან ერთად, ამაში იგულისხმება ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები - რუსეთი ყოველდღე ანადგურებს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა შეასუსტოს უკრაინის საომარი მოქმედებები და ქვეყანა მორალურადაც დაასუსტოს.
ტიმოფი მილოვანოვმა 11 ნოემბერს დატოვა „ენერგოატომის“ სამეთვალყურეო საბჭო და განაცხადა, რომ სკანდალზე კომპანიის რეაგირების შესახებ მისი წინადადებები იგნორირებულია.
„ყოველი გრივნა, რომელიც არაეფექტურად იხარჯება, მოპარულია ის თუ უბრალოდ უაზროდაა გაფლანგული, ფრონტის ხაზზე სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა სკანდალს „უკიდურესად სამწუხარო“ უწოდა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, კიევი მას სერიოზულად მოეკიდოს.
ბრალდებები ძალიან ახლოს მიდის ზელენსკისთან.
უკრაინაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ რამდენიმე თვის წინ მან NABO-სა და SAPO-ს დამოუკიდებლობის შეზღუდვა სცადა.
იმ ეტაპზე საგრძნობლად წინ იყო წასული 15-თვიანი საგამოძიებო ოპერაცია, რომელიც მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა.
ამ ორი სააგენტოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთის საჰაერო დარტყმების პოტენციურ სამიზნედ იქცნენ.
უკრაინის დასავლელმა მხარდამჭერებმა, რომლებიც დიდი ხანია მოითხოვენ კიევისგან, გააუმჯობესოს კორუფციასთან ბრძოლა, ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და ზელენსკის უკან დახევა მოსთხოვეს. NABU-სა და SAPO-ს ავტონომიის გაუქმების შესახებ კანონის ხელმოწერიდან 72 საათიც არ იყო გასული, რომ მან წარადგინა კანონპროექტი მისი აღდგენის შესახებ.
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს [გამოძიება] იყო ზაფხულში NABU-ზე ზეწოლის მიზეზი. ამას ვერ გამოვრიცხავ“, - თქვა ყოფილმა პროკურორმა ჩუმაკმა.
„ეს იყო ყველა საქმის გადაცემის მცდელობა, პირველ რიგში, ყველა საქმიდან მასალების მისაღებად და მეორეც, მათი სხვა ორგანოსთვის გადასაცემად“, - თქვა მან.
მილოვანოვს არ მიაჩნია, რომ ზელენსკიმ სიმართლის დაფარვა სცადა. „პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ სასჯელი უნდა დადგეს“, - თქვა მან.
მაგრამ აღქმა მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ უკრაინაში.
დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც კიევს სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ, ეს გადაწყვეტილება უნდა დაუსაბუთონ თავიანთ ამომრჩევლებს, კორუფციული სკანდალი კი მათ ამ ამოცანას ურთულებს.
„ნდობა სასწორზე დევს - მოსახლეობას, არმიას და საერთაშორისო პარტნიორებს შორის. ვერც სამეთვალყურეო საბჭოს დაშლა, ვერც რამდენიმე ადამიანის გასამართლება და ვერც ახალი შემოწმება ვერ გამოასწორებს ზიანს“, - თქვა მატია ნელესმა, გერმანულ-უკრაინული ბიუროს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. ეს ანალიტიკური ცენტრი ხელს უწყობს უკრაინის უფრო ძლიერ მხარდაჭერას გერმანიაში.
„მცირე ცვლილებები აქა-იქ აღარ იქნება საკმარისი უნდობლობის უფსკრულის დასაძლევად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ზელენსკის პრეზიდენტობის გარდამტეხ მომენტად გადაიქცევა“.
ფორუმი