კერძოდ, ვაშინგტონი მოელის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი შეთანხმებას ხელს მოაწერს „მადლიერების დღემდე“, რომელსაც აშშ-ში 27 ნოემბერს აღნიშნავენ, რათა პროცესი დეკემბრის დასაწყისისთვის დასრულდეს.
გამოცემის თანახმად, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ გეგმის რამდენიმე პუნქტი კიევისთვის „წითელი ხაზია“ და შეერთებული შტატებისთვის შემხვედრ წინადადებებს ამზადებენ.
დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა მოამზადეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის ჩართულობით, ითვალისწინებს უკრაინის მიერ დონბასზე უარის თქმას, არმიის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების შემცირებას და ფრონტის ხაზის გაყინვას რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.
როგორც Financial Times-ი წერს, უკრაინელები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც აღქმული იქნება კიევის კაპიტულაციად ან უფრო მომგებიანი მოსკოვისთვის იქნება.
20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიიღეს შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ამერიკულ მხარეს განუმარტა, რა არის უკრაინისთვის პრინციპული და შეთანხმდნენ, რომ გუნდები იმუშავებენ ამ წინადადებებზე.
„ჩვენ არ გავაკეთებთ მკვეთრ განცხადებებს და განწყობილი ვართ მკაფიო, პატიოსანი მუშაობისთვის - უკრაინა, აშშ და ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა მედიისთვის 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკვე მხარდაჭერილია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩუმად მუშაობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.
ლივიტის თანახმად, გეგმაზე მუშაობისას კონტაქტები იყო რუსეთთანაც და უკრაინასთანაც და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ გეგმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ეს არის კარგი გეგმა ორივე მხარისთვის და მათთვის მისაღები უნდა იყოს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ ალასკაში პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ რაიმე ახალ წინადადებებს არ განიხილავენ და ამჟამად რუსეთს შეერთებულ შტატებთან კონსულტაციები არ აქვს. პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონტაქტები არსებობს, მაგრამ ეს არ არის პროცესი, რომელსაც შეიძლება კონსულტაცია ეწოდოს.
20 ნოემბერს უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ გამოაქვეყნა შეერთებული შტატების 28-პუნქტიანი გეგმის პროექტი, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, რომ ეს სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც ამერიკულმა მხარემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს გადასცა.
ფორუმი