Reuters-ის ცნობით, პარასკევს, ღაზაში ორი შენობა ჩამოინგრა, რასაც, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა წაიღო კარვები და დაიტბორა ტერიტორიები, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.
ისრაელი და ჰამასი (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია), ორწლიანი ინტენსიური დაბომბვისა და სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, ღაზაში, სადაც თითქმის მთელი მოსახლეობა უსახლკაროა, დახმარება ჯერ კიდევ ძალიან მცირე რაოდენობით აღწევს.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა, მაჰმუდ ბასალმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, იძულებით გადაადგილებული პალესტინელებს, კარვების ნაცვლად, გადასატანი სახლები და ფურგონები გაუგზავნონ.
„თუ ადამიანები დღეს არ იქნებიან დაცული, ჩვენ ამ შენობებში ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს - მეტ დაღუპულ ადამიანს, ბავშვებს, ქალებს, მთელ ოჯახებს“, - თქვა მან.
ღაზის ხელისუფლება კვლავ აგრძელებს სამუშაოებს 9000-მდე ცხედრის ამოსატანად - მათი შეფასებით, ომის დროს, ისრაელის მიერ დაბომბვის შედეგად, ცხედრები ნანგრევებშია დამარხული. პრესმდივან ისმაილ ალ-თავაბტის განცხადებით, მათ არ გააჩნიათ სამუშაოების დასაჩქარებლად საჭირო ტექნიკა.
ორშაბათს, მაშველებმა 2023 წლის დეკემბერში დაბომბილი, მრავალსართულიანი შენობიდან - სადაც, სავარაუდოდ, 60 ადამიანი, მათ შორის, 30 ბავშვი იმყოფებოდა - დაახლოებით 20 ადამიანის ნეშტი ამოიტანეს.
ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომელსაც გაერო აღიარებს, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი