დილის ათი საათისთვის კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების „ნამსხვრევები ჩამოცვივდა“ სლავიანსკის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი გაუჩნდა ტექნოლოგიურ დანადგარს და მილსადენის ნაწილს. შტაბის თანახმად, არავინ დაშავებულა, ხანძარი კი „ოპერატიულად ჩააქრეს“.
ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარეობს კომპანია „სლავიანსკ ეკოს“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანიის საიტის თანახმად, წელიწადში ოთხ მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ამ რაიონშია რუსული კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის საცავი.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დრონებით შეტევისას სლავიანსკის რაიონში მაღალი ძაბვის ორი ელექტროგადამცემი ხაზიც დაზიანდა, რის შედეგადაც ენერგომომარაგება შეუწყდა 39 ათასამდე აბონენტს.
შტაბი იუწყება ამავე რაიონში ორი ადამიანის დაშავებისა და სულ მცირე ხუთი კერძო სახლის დაზიანების შესახებაც. ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების შეწყვეტის გამო დროებით დახურეს 21 საბავშვო ბაღი და 2 სკოლა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, გასული ღამიდან „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 94 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან ყველაზე მეტი, 31 - კრასნოდარის მხარეში. ეს უწყება მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს.
განახლება: დღის 12 საათისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა კრასნოდარის მხარის ქალაქ ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი