ამ ზაფხულს ყირგიზეთმა ბოლშევიკების მამამთავრის, ვლადიმერ ლენინის, კიდევ ორი ქანდაკება მოხსნა. ლენინის სახელს აღარ ატარებს ბევრი ქუჩა და სკოლა ამ ქვეყანაში. შუა აზიის სახელმწიფო აგრძელებს საბჭოთა მემკვიდრეობისგან თავის დაღწევას. რუსეთში კი ყირგიზეთის დასჯას ითხოვენ „არამეგობრული ქმედებისთვის“.
ჯერ ივნისში, ყირგიზეთის სამხრეთში, ქალაქ ოშის ოფიციალურმა პირებმა მოხსნეს ლენინის 25-მეტრიანი ძეგლი - ყველაზე მაღალი შუა აზიაში.რამდენიმე დღეში ამას მოჰყვა ლენინის ქანდაკების დემონტაჟი მეზობელ ჯალალ-აბატის რეგიონში.
ივლისში ოშის ცენტრში მდებარე ლენინის ქუჩას სახელი შეუცვალეს და მე-19 საუკუნის გამოჩენილი ყირგიზი პოლიტიკური მოღვაწის, ალიმბეკ დატკას, სახელი დაარქვეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ლენინის ქანდაკების, რომელიც 50 წლის განმავლობაში ოშის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა, ნაცვლად იქ 95-მეტრიანი ეროვნული სადროშე სვეტი აღიმართება. ქვეყნის მასშტაბით ლენინის სახელობის ყველა ქუჩისთვის სახელის შეცვლისა და მათთვის ლეგენდარული ყირგიზი გმირის, მანასის, სახელის დარქმევის წინადადებით ყირგიზეთის მთავრობა გამოვიდა.
ასევე შემოთავაზებული იყო სოფლებისა და სხვა გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობების სახელწოდებების გადახედვაც. ყირგიზეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ქვეყანას, სავარაუდოდ, ცენტრალურ აზიაში თავის მეზობლებთან შედარებით ყველაზე მეტი საბჭოთა ეპოქის ტოპონიმი და ქანდაკება აქვს შემორჩენილი.
ყირგიზეთი ერთადერთი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომლის დედაქალაქსაც ბოლშევიკური სამხედრო მეთაურის სახელი ერქვა. ფრუნზეს სახელი მაშინდელ ბიშკეკს დაარქვეს იმიტომაც, რომ ეს მოლდოვური წარმოშობის რუსი კომუნისტი, ლენინის თანამებრძოლი, იქ დაიბადა და იმის გამოც, რომ "თურქესტანის ბოლშევიკურმა არმიამ" მისი მეთაურობით, ბრძოლით გაასაბჭოვა ბუხარის საამიროს რეგიონი, რომელშიც ყირგიზეთის ახლანდელი ტერიტორია შედიოდა. ქვეყნის დედაქალაქმა საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ძველი სახელი მალევე დაიბრუნა ოდნავ სახეცვლილი და ბიშკეკი უწოდა მას.
ბიშკეკი ოთხი რაიონისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს კომუნისტურ ეპოქაზე მიმანიშნებელი სახელი აქვს: ლენინი, სვერდლოვი (საბჭოთა პოლიტიკოსის სახელი), ბირინჯი მაი (1 მაისი) და ოქტიაბრი (“ოქტომბრის რევოლუციის” პატივსაცემად).
ყირგიზი სახელმწიფო მოხელეების მოწოდებებმა ბიშკეკის რაიონებისთვის სახელის შეცვლის შესახებ, გაანაწყენა რუსი პოლიტიკოსები, რომლებმაც ადრე ეს შეაფასეს „ძალიან ნეგატიური პროცესის“ სახიფათო პირველ ნაბიჯად, რომელიც „ადრეულ ეტაპზევე“ უნდა შეჩერდეს.
საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია
ყირგიზების უმეტესობა მხარს უჭერს კომუნისტური ეპოქის ტოპონიმების ყირგიზული ტოპონიმებით ჩანაცვლების კამპანიას. თუმცა, არიან ოპონენტებიც, როგორც ოფიციალურ პირებს, ასევე საზოგადოებას - განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ მოძრაობას.
ოშის საქალაქო საბჭომ ლენინის ქუჩისთვის სახელის შეცვლას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.
ქალაქის მერმა, ჟენიშბეკ ტოქტორბაევმა, ამ წლის დასაწყისში მოითხოვა სახელის გადარქმევა ყირგიზეთში არსებული მრავალი სკოლისთვის, რომლებიც დღემდე ატარებენ რუსი და საბჭოთა პერიოდის ცნობილი პირების სახელებს, როგორებიც არიან კოსმონავტი იური გაგარინი, მწერალი მაქსიმ გორკი, ბოლშევიკი რევოლუციონერები სერგეი კიროვი და მიხაილ კალინინი, და სხვა მრავალი.
ბიშკეკში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნურბეკ სიდიგალიევმა, მოითხოვა ლენინის ქანდაკების აღება დედაქალაქის ძველი მოედნიდან.
თუმცა, ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ ყირგიზეთმა არ უნდა სცადოს თავისი საბჭოთა წარსულის ისტორიის ნაწილის წაშლა.
ყირგიზმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ამანტურ მანაპბაევმა, გაფრთხილება გამოთქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით სახელის შეცვლის კამპანია ღრმა „განხეთქილების“ საბაბი და „სახელმწიფო ფულის ფლანგვაა“.
კომუნისტური პარტიის ლიდერმა, ისხაკ მასალიევმა, კამპანია დაგმო და „დიდ შეცდომად“ შეაფასა.
„უკრაინული სცენარის" გამეორება
რუსმა კანონმდებელმა, სერგეი ობუხოვმა, მოითხოვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზომები მიიღოს ყირგიზეთის წინააღმდეგ იმის გამო, რასაც მან ოშის ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქმედებები“ უწოდა.
რუსეთის კომუნისტური პარტიის მაღალი თანამდებობის წევრმა, ობუხოვმა, ილაპარაკა ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებზე, რომლებიც მოსკოვს აქვს ყირგიზეთზე. რუსეთში ასობით ათასი ადამიანია ჩასული სამუშაოდ გაღატაკებული, ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ყირგიზეთიდან.
„რუსეთი არა მხოლოდ მიესალმება ყირგიზეთის მოქალაქეებს, არამედ მათ შვილებს უფასო განათლების უფლებას აძლევს“, - დაწერა ობუხოვმა Telegram-ზე 15 ივლისს. მისი თქმით, რუსულ სკოლებში უფასოდ სწავლობს დაახლოებით 111 000 ყირგიზი მიგრანტის შვილი.
ობუხოვმა განაცხადა, რომ ყირგიზეთი იმეორებს „უკრაინის სცენარს: ჯერ დეკომუნიზაცია, შემდეგ კი დერუსიფიკაცია“.
ამასობაში, ოშის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა, რომ საკითხი „არ უნდა იყოს პოლიტიზებული“ და ლენინის ქანდაკების მოხსნის ფაქტს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა. მათი თქმით, ეს ქალაქის დაგეგმარების რუტინული ნაწილია, რომელიც „მიზნად ისახავს" მისი „არქიტექტურული და ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესებას“.
განცხადებაში ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ძეგლი ქალაქის სხვა ნაწილში იქნება გადატანილი.