ადამიანის უფლებათა სფეროში ევროსაბჭოს კომისარი ნილს მუჟნიეკსი ამბობს, რომ ვითარება მძიმეა აღმოსავლეთ უკრაინის იმ ადგილებში, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. მისი თქმით, ბევრ ადამიანს არ აქვს წყალი, საკვები, პირველადი აუცილებლობის საგნები და მათი იზოლაცია იზრდება. მუჟნიეკსმა, რომელსაც ამ ზაფხულს პირველად მისცეს უფლება ჩასულიყო დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ადგილებში, ნანახის შესახებ შთაბეჭდილება გაუზიარა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, რიკარდ იოზვიაკს, რომელიც მას 3 ნოემბერს ბრიუსელში შეხვდა.
„აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ურთულეს პირობებში აღმოჩნდნენ ის რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში ცხოვრობენ. ყველა ზომა უნდა გატარდეს საიმისოდ, რომ აღიკვეთოს კიდევ მსხვერპლი, დაზარალებულ მოსახლეობას კი სასწრაფოდ გაეწიოს დახმარება“ - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც 3 ნოემბერს გამოაქვეყნა ნილს მუჟნიეკსმა, ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა სფეროში. ის მიმდინარე წელს, 29 ივნისიდან 3 ივლისამდე, იმყოფებოდა უკრაინაში - მოინახულა კიევი, დნეპროპეტროვსკი, კრამატორსკი და მთავრობის კონტროლის სფეროდან გასული ქალაქი დონეცკი:
ეს პირველი ვიზიტი იყო, რათა ადგილობრივ ხელისუფლებებთან კონტაქტი დაგვემყარებინა და ჰუმანიტარული ვითარება შეგვეფასებინა. იმედი მაქვს, დავბრუნდები და ადამიანის უფლებების სფეროში დამატებით სამუშაოებს ჩავატარებ...ნილს მუჟნიეკსი
„აღმოსავლეთში ვითარება საკმაოდ მძიმეა. ბევრისთვის წყალიც კი არ არის საკმარისად ხელმისაწვდომი. ბევრი იძულებით ადგილნაცვალი პირია როგორც სეპარატისტების, ისე სამთავრობო ძალების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. ბევრი ცხოვრობს დაწესებულებებში, სადაც აუცილებელ მოვლასაც მოკლებულნი არიან - ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ბავშვები, პატიმრები. ყველაზე დაუცველები, როგორც მითხრეს, ის ხალხია, ვინც ცხოვრობს გამყოფ ხაზზე ან მასთან ახლოს, მთავრობის და სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებს შორის. ბევრი ხანდაზმული წყვილი ძალიან ახლოს ცხოვრობს კონფლიქტის ხაზთან - მათ არ სურთ სახლ-კარის მიტოვება, მაგრამ რეგულარულად ხელი არ მიუწვდებათ წყალზე, საკვებზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. ამასთან, არის იძულებით ადგილნაცვალი ხალხი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, დანარჩენ უკრაინაში კი 1,5 მილიონი ასეთი პირი ცხოვრობს. ისინი ძალიან დაუცველნი არიან, განსაკუთრებით ახლა, როცა ზამთარი გვიახლოვდება. მართლაც ძალიან მძიმე ვითარებაში არიან. იქ ყოფნისას დავსვი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მხრიდან ადგილზე მუშაობის შესაძლებლობის საკითხი - როგორც არასამთავრობო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების. დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი ადმინისტრაციები მათ დიდი ეჭვით უყურებენ: „რატომ აგროვებენ მონაცემებს? რა უნდათ ჩვენგან? უფრო მეტად რატომ არ გვეხმარებიან?“ ვცადე მათთვის ამეხსნა ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკა, მოვუწოდე დახმარებისა და საყიდლების ერთი ძირითადი პუნქტის გახსნისკენ, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ. მოვუწოდე უფრო ხელმისაწვდომი გახადონ ის ადგილები, რათა ადამიანების დახმარება შესაძლებელი გახდეს“, - ამბობს ნილს მუჟნიეკსი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
მის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ კომისარმა საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს მოისმინა შემაშფოთებელი ამბები სამოქალაქო მოსახლეობაში არსებული მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ - მათ შორის, განურჩეველი სროლის თაობაზე, რომლის სამიზნე სკოლები და სამედიცინო დაწესებულებებია.
თავის ანგარიშში კომისარი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს სამოქმედო გეგმა შექმნას იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის: „იძულებით ადგილნაცვალი პირების მხარდაჭერის ინიციატივები აქამდე ძირითადად მოდიოდა ადგილობრივი მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნესისგან. მთავრობის მაკოორდინირებელი როლი არ ყოფილა ისე გამოკვეთილი, როგორსაც ვისურვებდით. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან ერთად, გამოვდივართ დეტალური სამოქმედო გეგმის შექმნის მოწოდებით. ეს არ გახლავთ მოკლე ვადაში გადასაწყვეტი საკითხი, ის რამდენიმე კვირაში ან თვეში არ გადაიჭრება. ამ ხალხის შინ დაბრუნების შესაძლებლობის ლოდინთან ერთად, საჭიროა ფიქრი მათთვის მდგრადი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე. ახლა ბევრი მათგანი დროებით საცხოვრებელს აფარებს თავს. საჭიროა ცხოვრების ხარისხზე მუშაობაც - არა მხოლოდ სამუშაო ადგილების, არამედ ტრენინგების, მიკროკრედიტების თვალსაზრისით თუ სხვა. მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების სფეროში, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩემი ოფისის ჩათვლით. მაგრამ იძულებით ადგილნაცვალი პირები სპეციალურ გეგმას საჭიროებენ. მათი რაოდენობა უზარმაზარია, საჭიროებებიც - უზარმაზარი. ერთიანი მიდგომა უნდა შემუშავდეს, მთავრობამ ლიდერის როლი უნდა იკისროს, კოორდინირება დაიწყოს და წინსვლისკენ გზა აჩვენოს“.
ევროსაბჭოს კომისრის ანგარიშში ნახსენები არ არის რუსეთის ნაბიჯები. არადა, რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ არეალებში. ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში მუჟნიეკსმა ეს ასპექტი ასე ახსნა: „ჩემს მანდატს ოდნავ სცდება პოლიტიკური და სამხედრო საკითხების შეფასება და რუსეთის მონაწილეობა-არმონაწილეობაზე ლაპარაკი. მოვისმინე ამბები, რომ რუსი ჯარისკაცები ადგილობრივ სასტუმროებში ცხოვრობენ და ამიტომ არ ვჩერდებოდი ამა თუ იმ სასტუმროში და ვჩერდებოდი სხვაგან. დონეცკში ცოტა ხანი დავყავი. ვნახე ის, რისი ნახვის საშუალებაც მომცა ადგილობრივმა მთავრობამ. შეუზღუდავად ვერ გადავადგილდებოდი, ვერ ვიტყოდი, „აქ წავედი, ასეთი და ასეთი ჯარისკაცები ვნახე, ასეთი და ასეთი ხალხი ამას და ამას აკეთებდა-მეთქი“. ეს პირველი ვიზიტი იყო, რათა ადგილობრივ ხელისუფლებებთან კონტაქტი დაგვემყარებინა და ჰუმანიტარული ვითარება შეგვეფასებინა. იმედი მაქვს, დავბრუნდები და ადამიანის უფლებების სფეროში დამატებით სამუშაოებს ჩავატარებ. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ უფრო დაბალანსებული და სრული სურათის შემუშავებას ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. ამჯერად ჰუმანიტარულ ვითარებაზე ვიყავით კონცენტრირებული“.
უკრაინის მთავრობის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის კონფლიქტს, 2014 წლის აპრილის შემდეგ, 7,900-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.