მათი ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არიან ქალები, ბავშვები, მძიმედ დაავადებული ადამიანები. მინიმუმ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა წამების შედეგად, ბევრი სხვა უკრაინაში მიმდინარე ომში აღმოჩნდა. Kavkaz.Reallii-მ გამოიძია, როგორ ქრებიან ჩეჩნეთში ადამიანები.
ძალადობრივი გაუჩინარება ან არაოფიციალური დაკავებები მსხვერპლისთვის არაპროგნოზირებადი შედეგებით - ჩეჩნეთისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს იქ 2000-იან წლებში რუსეთის კონტროლის დაწესების შემდეგ. ამას არაერთხელ მიანიშნებდნენ უფლებადამცველები. ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულებისა და მართვის ინსტრუმენტების კადიროვის ოჯახისთვის გადაცემის შემდეგ გატაცებები გრძელდებოდა, მაგრამ გარკვეულ პერიოდში ისინი უფრო იშვიათი გახდა. 2010-იანი წლების შუაში ადგილობრივი ხელისუფალნი ჰომოსექსუალებისა და დისიდენტების დევნაზე გადაერთნენ.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ჩეჩნეთში იძულებით გაუჩინარებებმა კვლავ მასობრივი ხასიათი შეიძინა.
თვითმხილველთა თანახმად, ბევრი გატაცებული მამაკაცი აწამეს და არჩევანის წინაშე დააყენეს: ან ფრონტზე გაგზავნა, ან შეთითხნილი საქმე.
არსებობს მესამე ვარიანტიც - გამოსასყიდი, რომელიც ნათესავებმა უნდა გადაიხადონ. ის რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონ რუბლამდე მერყეობს. ანუ, უსაფრთხოების ძალებისთვის ადამიანების გატაცება „ბიზნესიცაა“. ამასთან, გამოსასყიდის გადახდა არაფრის გარანტიას არ იძლევა.
ჩეჩნეთში მხოლოდ ერთი კანონია - ის ასე ჟღერს: „რამზანმა თქვა“
ადამიანის უფლებების დამცველების, ჟურნალისტებისა და მათთან საუბრის მსურველი პირებისთვის რისკების გამო რესპუბლიკიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია. ბოლო წლებში ჩეჩნეთის შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ იქცნენ ჩეჩენი აქტივისტები საზღვარგარეთ. გატაცებების შესახებ 2025 წელს სხვებზე უფრო ხშირად იტყობინება NIYSO. ისინი თავს რესპუბლიკის დეოკუპაციის მოძრაობად წარმოადგენენ. მათი ინფორმაციის ნაწილი დაადასტურეს ვებსაიტ Kavkaz.Realii-სა და ადამიანის უფლებათა ცენტრ „მემორიალის“ წყაროებმა.
ჩეჩნეთის ხელისუფლება და მათი წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ რესპუბლიკის მაცხოვრებლების იძულებითი გაუჩინარების შესახებ ინფორმაციაზე. თუმცა, ისინი აკრიტიკებენ და ემუქრებიან აქტივისტებს, რომლებიც მათ აკრიტიკებენ.
ჩეჩნეთში მხოლოდ ერთი კანონია: „რამზანმა თქვა“.
როგორც NIYSO-ს წარმომადგენელმა ანსარ დიშნიმ განაცხადა, მოძრაობამ რესპუბლიკის მაცხოვრებლების გატაცებების გულდასმით აღრიცხვა დაიწყო, რადგან „გაირკვა, რომ [იმავე დონეზე] არსებითად არავინ არის ამის გამკეთებელი“.
მისი სიტყვებით, ორი ომისა და დიქტატურის ათწლეულების შემდეგ, ჩეჩნეთში ხალხი „სრულ შიშში“ ცხოვრობს. ამიტომ გატაცებულთა ახლო ნათესავები იშვიათად უკავშირდებიან მათ. ოჯახები შიშობენ, რომ საჯაროობა სიტუაციას გააუარესებს და პრობლემის მოგვარებას ცდილობენ უსაფრთხოების ძალებში ნაცნობების მეშვეობით.
ადამიანები სესხებს იღებენ, ქონებას ყიდიან, ოღონდ კი შეაგროვონ საჭირო თანხა - იმ იმედით, რომ ეს მათ ახლობლებს გადაარჩენს
„[გატაცების მსხვერპლთა ოჯახებს] არ სჯერათ კანონისა, არც ადამიანის უფლებებისა და არც სასამართლო სისტემისა. ხშირად ისინი მზად არიან, გაიღონ ნებისმიერი თანხა, რომელსაც [უსაფრთხოების ძალები] ითხოვენ გამოსასყიდად. ადამიანები სესხებს იღებენ, ქონებას ყიდიან, ოღონდ კი შეაგროვონ საჭირო თანხა - იმ იმედით, რომ ეს მათ ახლობლებს გადაარჩენს. მაგრამ, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენს დაკვირვებებზე დაყრდნობით, ასეთი ქმედებები მხოლოდ არწმუნებს გამტაცებლებს, რომ სქემა მუშაობს და ამით კვებავს მათ მადას ახალი გატაცებებისა და გამოძალვისთვის“, ამბობს დიშნი.
„ხალხს წარმოდგენაც არა აქვს, რომ ვინმეს შეუძლია დაეხმაროს მათ - ჩეჩნეთში თუ მის ფარგლებს გარეთ. გატაცებულთა ოჯახები „იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებში“ უკავშირდებიან ერთმანეთს,“ აგრძელებს თანამოსაუბრე.
გატაცებების შესახებ ყველაზე ხშირად იუწყებიან მსხვერპლთა ოჯახის ნაცნობები, შორეული ნათესავები, მეზობლები, თანასოფლელები. NIYSO-ს წყაროებს შორის, როგორც დიშნი ამტკიცებს, ასევე არიან სამართალდამცავი ორგანოებისა და სამხედროების თანამშრომლები, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან სისტემით - ძირითადად უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემდეგ.
ცნობილი რუსი ადამიანის უფლებების დამცველი, რომელიც სხვათა შორის ჩრდილოეთ კავკასიაშიც მუშაობს (მის ვინაობას არ ვასახელებთ), ადასტურებს, რომ სავარაუდო მსხვერპლები ყოველთვის არ არიან მზად სასაუბროდ, მით უმეტეს დახმარების თხოვნისთვის, ამიტომ ჩეჩნეთში
პუტინი წამებას არ უკვეთს. მან კადიროვს ნება დართო, რაც სურს, ის აკეთოს
გატაცებების შესახებ ყველა ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება: „წელს არაერთხელ შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პოლიციაში წაიყვანეს და აწამეს, და ისინი უარყოფდნენ ამას, აცხადებდნენ, რომ არავის მიმართ პრეტენზიები არა აქვთ“.
ადამიანის უფლებების დამცველი ნაწილობრივ ეთანხმება NIYSO-ს აქტივისტების მოსაზრებას, რომ იძულებით გაუჩინარებებზე პასუხისმგებელია ფედერალური ცენტრი.
„პუტინი წამებას არ უკვეთს. მან კადიროვს ნება დართო, რაც სურს, ის აკეთოს. კადიროვი საკუთარ წარმოდგენებს ეყრდნობა ძალასა და სისუსტეზე, სიკეთესა და ბოროტებაზე. ჩეჩნეთში მხოლოდ ერთი კანონია: „რამზანმა თქვა“. აქედან სრული იურიდიული იმპოტენცია, რაც სჭირთ საგამოძიებო კომიტეტს, პროკურატურას და სასამართლოებს, რომლებიც მზად არ არიან და არ იძიებენ საქმეებს, მათ შორის წამების, მკვლელობებისა და გატაცებების თაობაზე საქმეებს, რომლებშიც ე.წ. კადიროველები ჩნდებიან“, თქვა თანამოსაუბრემ.
თუმცა, NIYSO ამტკიცებს, რომ არ არსებობს იურიდიული ტერმინი „კადიროველები“, არიან რუსეთის ოფიციალური თანამშრომლები, რომლებიც რუსეთის ფორმას ატარებენ და რომლებსაც რუსეთის სამართალდამცავი სისტემა უწევს კურირებას. „ამიტომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, რამზანის სურვილების შედეგი კი არ არის, არამედ ოკუპირებულ ჩეჩნეთში არსებული რუსული სისტემაა“, ხაზგასმით აღნიშნავს მოძრაობის წარმომადგენელი.
„კანდიდატები“ და „მოხალისეების“ ომში მონაწილეობის გეგმა
დიშნის თქმით, გატაცებები თითქმის ყოველდღიურად ხდება და სისტემურ ხასიათს ატარებს. ყველაზე ხშირად მსხვერპლს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა გაუჩინარება, უსაფრთხოების წარმომადგენლების თქმით, პრობლემებს არ შექმნის - ისინი, ვისი დაცვაც არავის შეუძლია. პოტენციურ მსხვერპლს „კანდიდატებს“ უწოდებენ.
„თუ ოპერატიული აგენტები მიიჩნევენ, რომ კონკრეტული პირის გატაცება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი შემდგომი ქმედება - იქნება ეს წამება, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნა თუ უკრაინაში ომში გაგზავნა - არ გამოიწვევს რეზონანსს, რომლის გამოც ხელისუფლებამ შეიძლება პასუხი მოითხოვოს, ისინი გატაცებაზე მიდიან. პირველ რიგში, რისკის ზონაში ხვდებიან წარსულში ნასამართლევი პირები, დამოკიდებულებების მქონე პირები, ვალების მქონენი. თუმცა, ეს მხოლოდ ასეთი შემთხვევებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებულ კონტროლსა და დევნას განიცდიან ახალგაზრდები, რომლებიც რაიმე აქტიურობას იჩენენ: ისინი რეჟიმის სერიოზულ სამიზნედ იქცევიან. საკმარისია ინფორმატორის მიერ დაბეზღება, რომ ადამიანი „სწორად არ მისდევს რელიგიას“, რომ ის [თითქოს] „ვაჰაბიტია“, რომ მას დიდი ალბათობით გაიტაცებენ“, ხაზს უსვამს დიშნი.
ლაპარაკი არაა საიდუმლო ბანაკებზე. ყველაზე ხშირად ხალხი პირდაპირ შსს შენობებში ჰყავთ გამოკეტილი
კიდევ ერთი რისკის ჯგუფია ჩეჩნეთის მკვიდრნი, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ. შარშან მოძრაობა 1ADAT-ის ცნობით, კადიროვის ხალხმა აეროპორტ „შერემეტიევოში“ დააკავა და რესპუბლიკაში წაიყვანა იუსუპ მუსაევი, მას შემდეგ, რაც ის ეგვიპტიდან იქნა ექსტრადირებული; მას შემდეგ მის შესახებ არაფერია ცნობილი. უკვე რამდენიმე თვეა, არაფერი ისმის ზურაბ ტოხოსაშვილის შესახებ, რომელიც, ჩეჩენი აქტივისტების თქმით, ევროპიდან დაბრუნების შემდეგ გაიტაცეს გროზნოში. ჩეჩნეთის კიდევ ერთი მკვიდრი, ამირხან სულეიმანოვი, რომლის შესახებაც წელს მაისში გახდა ცნობილი, გაიტაცეს მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა ეგვიპტიდან, სადაც სწავლობდა.
„არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები ხშირად ხდებიან ოპერატიული თანამშრომლების სამიზნე, რომლებსაც კიდევ ერთი „შედეგის“ მიღწევა სურთ“, ამბობენ NIYSO-ში.
მსგავსი შემთხვევის შესახებ იუწყება Kavkaz.Realii-ს ერთ-ერთი წყარო. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ რესპუბლიკის მკვიდრი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, სამშობლოში ჩავიდა, ნაცნობი ქალისგან ფული ისესხა მშენებლობისთვის, მაგრამ ვალი არ დააბრუნა. როდესაც ის კვლავ ჩავიდა ჩეჩნეთში, ქალმა თავის ნაცნობებთან, პოლიციელებთან, დაიჩივლა. მათ დახმარება აღუთქვეს და დაჰპირდნენ, რომ თავად დააბრუნებდნენ ვალს.
შედეგად, მამაკაცი წაიყვანეს, აიძულეს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გაეფორმებინა და თანხა, რომელიც კონტრაქტით ეკუთვნოდა, მის „კრედიტორს“ გადასცეს. თავად მამაკაცი უკრაინაში გაგზავნეს ომში. ერთი თვის შემდეგ ის მოკლეს. ამბავი ამით არ დასრულებულა: გარდაცვლილის ყოფილმა მეუღლემ, ინგუშეთის მკვიდრმა, რომელთანაც მას ოფიციალურად არ ჰქონდა გაფორმებული განქორწინება, გარდაცვალებისთვის კომპენსაცია მიიღო. ხოლო ამჟამინდელი ოჯახი, რომელიც ავსტრიაში დარჩა, „შეძრწუნებულია იმით, რაც ხდება“.
ანსარ დიშნი დარწმუნებულია, რომ ჩეჩნეთში ყველა გატაცება რუსეთის ფსბ-ს ზედამხედველობით ხორციელდება - რომ სწორედ ისინი განსაზღვრავენ პოტენციური „კანდიდატების“ წრეს. NIYSO-ს მონაცემებით, უკანონო დაკავების პროცესი ყველაზე ხშირად ასე გამოიყურება: სამოქალაქო მანქანით ჩამოდის ძალოვანი სტრუქტურის რამდენიმე შეიარაღებული თანამშრომელი - ზოგჯერ ხუთამდე ადამიანი - ეზოში ან ბინის კარზე აკაკუნებენ, სახელს ასახელებენ და კონკრეტულ ადამიანს ითხოვენ. როგორც წესი, ისინი პირობას დებენ, რომ უბრალოდ საუბარი სჭირდებათ - ეზოში ან მანქანაში. თუმცა, მათთვის სასურველი პირი მაშინვე მიჰყავთ.
„ასეც ხდება, რომ ოპერატიული თანამშრომლები რეკავენ და მოითხოვენ, რომ პირი პირადად მივიდეს განყოფილებაში - თითქოს სასაუბროდ. სათავსოები, რომლებშიც ჰყავთ გატაცებულები, ყოველთვის არ არის სარდაფები: ეს შეიძლება იყოს პოლიციის განყოფილების პირველი ან მეორე სართული, ან თავად ოპერატიული თანამშრომლების ოფისები. ანუ, ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე საიდუმლო ბანაკზე. ყველაზე ხშირად ხალხი პირდაპირ შსს შენობაში მდებარე სპეციალურად გამოყოფილ კაბინეტებში ჰყავთ გამოკეტილი. „საიდუმლო ციხეებიც“ არსებობს, მაგრამ იქ რეჟიმისთვის უფრო „მნიშვნელოვანი“ ადამიანები მიჰყავთ და მათ იქ ჩვეულებრივზე გაცილებით დიდხანს - თვეების განმავლობაში შეიძლება ამყოფებდნენ“, განმარტავს დიშნი.
ჩეჩნეთში უკმაყოფილება იზრდება და საპასუხოდ რეჟიმი კიდევ უფრო უჭერს ხრახნებს
ამასთან, დაკავების არავითარი ოფიციალური რეგისტრაცია არ ხდება, არანაირ პროცედურულ წესებს არ იცავენ. რომ გატაცებულ პირს შეუძლია ადვოკატთან დარეკვა ან პროკურატურასთან დაკავშირება, ამაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, აღნიშნავს ის. ფორმალობები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ოპერატიული თანამშრომლები გადაწყვეტენ საქმის სასამართლოში შეტანას და პირის ციხეში ჩასმას. ასეთ შემთხვევებში მათ უწევთ დოკუმენტების მომზადება, მასალების გაყალბება და ცრუ „მოწმეების“ ჩართვა.
„არჩევანი, რომლის წინაშეც აყენებენ მსხვერპლს - ომში გაგზავნა თუ შეთხზული საქმით სასჯელის მოხდა - ასევე ფიქციურია. კოლონიიდან მათ მაინც ფრონტზე გაგზავნიან, მაგრამ შემდეგ პირობები შეიძლება კიდევ უფრო მკაცრი იყოს,“ ამბობს NIYSO-ს წარმომადგენელი.
„ფაქტობრივად, ეს კრიმინალური კარტელის საქმიანობას მოგვაგონებს: ადამიანს იტაცებენ და აბსურდულ მიზეზს იგონებენ - იქნება ეს ინტერნეტში კომენტარები, ტელეფონში დაცული ინფორმაცია, გარეგნობა თუ სოციალური წრე. ამის შემდეგ, მისი ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვენ. თუ გამოსასყიდი არ იქნება, ისინი „ბრალდებების ჩადებით“ იმუქრებიან, ასეთ შემთხვევაში კი პირს მკაცრი პატიმრობა მოელის. ხოლო ამჟამინდელ პირობებში, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ეს საფრთხე იმდენად შორს მიდის, რომ გატაცებულ პირს [კოლონიიდან] გზავნიან ფრონტზე - საჯარიმო ბატალიონში, „ერთჯერად“ მოიერიშე ჯგუფებში“.
NIYSO-ს ცნობით, რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს უფროსებისგან აქვთ გეგმა, თუ რამდენი „მოხალისეა“ საჭირო ომში მონაწილეობისთვის. ეს ინფორმაცია Kavkaz.Realii-ს რედაქციის რამდენიმე წყარომ დაადასტურა. მათი თქმით, ფრონტზე მიჰყავთ ვინც გნებავთ, ის და რისთვისაც გნებავთ, იმისთვის, მათ შორის კომუნალური გადასახადების ვალების გამო.
აქტივისტები ამბობენ, რომ კიდევ ერთი სქემაა, როდესაც უსაფრთხოების ძალები გოგონებს იყენებენ: ისინი ბიჭებთან იწყებენ ურთიერთობას და შემდეგ ამბობენ, რომ დაქორწინებულები არიან. მაშინ ახალგაზრდა ვაჟებს „გათხოვილ ქალთან მიმოწერის“ საბაბით იტაცებენ.
ეს კრიმინალური კარტელის საქმიანობას მოგვაგონებს: ადამიანს იტაცებენ და აბსურდულ მიზეზს იგონებენ
„მიზანმიმართული“ გატაცებების გარდა, ჩეჩნეთში უსაფრთხოების ძალები რეგულარულად ატარებენ რეიდებს გზებზე. ისინი ამოწმებენ მანქანებს, ამოწმებენ და აკავებენ მძღოლებს. Kavkaz.Realii-ს ცნობით, წლის დასაწყისიდან NIYSO-მ რესპუბლიკის მასშტაბით 50-ზე მეტი ასეთი ოპერაცია დააფიქსირა - ერთ-ერთი უახლესი, მათი ინფორმაციით, 27 აგვისტოს ჩატარდა. ივლისში აქტივისტებმა აჩვენეს, თუ როგორ გამოიყურება რეიდები. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ განმარტავს ასეთი ოპერაციების არსს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რესპუბლიკას რუსეთში დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, ამასთან, ადამიანები იქ უფრო ხშირად იკარგებიან, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერ სხვა ადგილას.
ცალკეულ შემთხვევებში, კადიროველები აწყობენ მასობრივ რეიდებს, რომელთა შედარება შეიძლება 2000-იანი წლების წმენდასთან. მაშინ, როგორც NIYSO აცხადებს, უსაფრთხოების ძალები რაიონებში ჯავშანტექნიკით შედიან და „ფაქტობრივად ყოველ სახლს ამოწმებენ“.
ასე იყო შარშან გაზაფხულსა და შემოდგომაზე. პირველ შემთხვევაში მიზეზი იყო ცეცხლის წაკიდება მანქანისთვის წარწერით „დუსტუმ“ (ეს არის საკონტაქტო მეტსახელი, რომელსაც ადრე რამზან კადიროვი იყენებდა და ახლა მისი ვაჟი, ადამი იყენებს). „მემორიალის“ უფლებადამცველებმა მოგვიანებით დაადასტურეს ჩეჩენი აქტივისტების ინფორმაცია ცეცხლის წაკიდების გამო გატაცებების შესახებ - სულ 80-დან 90-მდე ადამიანისა. მათ შორის იყვნენ ხანდაზმული ადამიანები და ქალები, ერთ-ერთი ორსული იყო.
ოქტომბერ-ნოემბერში მასობრივი „წმენდა“ ჩატარდა გროზნოს გარეუბანში, სოფელ პეტროპავლოვსკაიასთან რუსეთის ეროვნული გვარდიის კოლონაზე თავდასხმის შემდეგ, როდესაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. „მემორიალმა“ მალევე გაავრცელა ინფორმაცია ასობით გატაცებული ადგილობრივი მოქალაქის შესახებ. ისინი იმავე სირთულეებს წააწყდნენ ზუსტი რიცხვებისა და დეტალების მოპოვებისას: „დაკავებულთა ნათესავებისგან ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. და თუ ადამიანი გაათავისუფლეს, მაშინ ნათესავები საერთოდ უარს ამბობენ ადამიანის უფლებების დამცველებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე“.
მაშინ შესაძლებელი გახდა ერთ-ერთი დაკავებულის ვინაობის დადასტურება - ეს არის რიზვან ბატიროვი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მას შემდეგ მისი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი. შემოდგომის რეიდის დროს, როგორც „მემორიალის“ წყაროები აღნიშნავენ, უსაფრთხოების ძალებმა „თავისთავად მონიშნეს შესაძლო მსხვერპლთა მისამართები“ და შემდეგ „დაიწყეს მათზე მუშაობა - დამატებითი შემოწმებების ჩატარება“.
„ჩეჩნეთში გატაცებები და წამება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა“
NIYSO-ს მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან ჩეჩნეთში უკანონოდ დააკავეს ასობით ადამიანი. პოლიციის განყოფილებებში წამების შემდეგ გარდაიცვალა მინიმუმ სამი ადამიანი - ვისხან ტაზურკაევი, ისმაილ მუხადიევი, ასლან დომბაევი.
ბოლო თვეების განმავლობაში აქტივისტები რამდენიმე მასშტაბური „წმენდის“ შესახებ იტყობინებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი გროზნოს რაიონის სოფელ რადუჟნიში მოხდა. როგორც იტყობინებიან, იანვარში იქიდან „თითქმის ყველა“ ადგილობრივი მამაკაცი (სოფელში დაახლოებით ორ-ნახევარი ათასი ადამიანი ცხოვრობს) გაიტაცეს, თითქოს იმიტომ, რომ რეიდამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე ადამიანმა მოახერხა სოფლის დატოვება.
თებერვლის შუა რიცხვებში, NIYSO-ს ცნობით, აჩხოი-მარტანში მასობრივი რეიდები განხორციელდა მას შემდეგ, რაც უცნობმა პირებმა ადგილობრივ სკოლაში ჩეჩნეთისა და რუსეთის სახელმწიფო დროშებს ცეცხლი წაუკიდეს. „გატაცებულთა რიცხვი რამდენიმე ასეულია“, განაცხადეს აქტივისტებმა. მათი თქმით, დაკავებულებს შორის ბავშვებიც იყვნენ. დაკითხვები და რეიდები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო სკოლის დარაჯი, მუჰამედ დალნაევი, რომელსაც კიბო ჰქონდა, აწამეს.
იმავე თვის ბოლოს აქტივისტებმა განაცხადეს სერნოვოდსკში გატაცების შესახებ - მათი ინფორმაციით, წაიყვანეს დაახლოებით 60 ადამიანი, რომელთაგან ნახევარი გოგონები იყვნენ. უცნობია, რა დაემართათ მათ მოგვიანებით.
როდესაც დიქტატურა რყევას დაიწყებს, ხალხის უკმაყოფილება აფეთქდება
როგორც მანამდე, ასევე ამის შემდეგ, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მოზარდებისა და გოგონების გატაცების შესახებ. მარტის ბოლოს, NIYSO-ს ცნობით, გროზნოს სოფელ კატაიამაში „ასზე მეტი ადამიანი“ გაიტაცეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო 16 წლის ზაურ ალტამიროვი.
რამდენიმე დღის შემდეგ არასრულწლოვანი ესკერჰან ხუმაშევი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაესხა თავს აჩხოი-მარტანში, ერთ-ერთი მათგანი სასიკვდილოდ დაჭრა, მოკლეს თავად ისიც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა შესაძლოა პირადი კონფლიქტის შედეგი ყოფილიყო. მალე, NIYSO-ს ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა ახლომახლო დააკავეს მოზარდის ყველა ნათესავი, მათ შორის ბავშვები და პენსიონერები; მამამისი მოსკოვიდან ძალით ჩამოიყვანეს. ხუმაშევის ცხედარი ადმინისტრაციულ შენობასთან გამართულ საჩვენებელ „მიტინგზე“ მიიტანეს, ხოლო მისი ნათესავები იძულებით გააძევეს ჩეჩნეთიდან - NIYSO-ს აქტივისტების ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებსაც რამზან კადიროვმა დაუსაბუთებლად დასდო ბრალი, რომ ისინი პოლიციაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
ივნისში, აქტივისტების ცნობით, გროზნოს სოფელ ბერიოზკაში 17-დან 19 წლამდე ასაკის დაახლოებით 40 ახალგაზრდა გაიტაცეს. NIYSO-ს ცნობით, აგვისტოს დამდეგს უსაფრთხოების ძალებმა ურუს-მარტანში კიდევ ათი ადამიანი გაიტაცეს.
მოძრაობის ათობით სხვა ცნობაში, რომლებიც წლის დასაწყისიდან გამოქვეყნდა, საუბარია ერთიდან რამდენიმემდე ადამიანის არაოფიციალურ დაკავებაზე. ფრთხილი შეფასებით, საერთო ჯამში საუბარია მინიმუმ 250 გატაცებულზე იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში. თუმცა, მასობრივი რეიდების გათვალისწინებით, სადაც მსხვერპლთა რაოდენობა არ იყო დაკონკრეტებული, მათი რეალური რიცხვი შეიძლება ათას ხუთასს აღემატებოდეს.
აქტივისტების თქმით, ყველაზე ხშირად მიზანია უკრაინის ომში მამაკაცების გაგზავნა. NIYSO-ს მონაცემებით, ზამთარში და გაზაფხულზე გატაცებულთა უმეტესობა ჩაირიცხა მარტში შექმნილ პოლკ „ახმატ-კავკაზში“, რომელსაც არაოფიციალურად ეწოდება „დუსტუმი“- ისევ და ისევ ადამ კადიროვის პატივსაცემად.
კიდევ ერთი ახალი „ტენდენციაა“ რუსეთის სხვა რეგიონებში მყოფი ან იქიდან დაბრუნებული ჩეჩნების დაკავება. წლის დასაწყისში ასეთი შემთხვევების შესახებ იტყობინებოდნენ აქტივისტები ყუბანსა და ვოლგოგრადის ოლქში. NIYSO-ს ცნობით, ახლახან ჩეჩნეთში გაიტაცეს 26 წლის მედიკოსი, რომელიც მოსკოვიდან ჩავიდა.
ფსბ-ს კონტროლის ქვეშ აქ უკანონობა და ტირანია სუფევს
Kavkaz.Realii-ს რედაქციის ერთ-ერთი წყარო მოჰყვა თავისი ძმისშვილის ამბავს. როდესაც კადიროვის ხალხი მის დასაჭერად მივიდა, მისმა ნათესავებმა თქვეს, რომ ის დედაქალაქში წავიდა ფულის საშოვნელად. შემდეგ ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა მოსკოვში მყოფ კოლეგებს გაუგზავნეს მოთხოვნა. მოსკოვში ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო გაატარეს ვიდეოთვალთვალის, მათ შორის სავაჭრო ცენტრების მეთვალყურეობის სისტემაში, და ჩეჩენ კოლეგებს უპასუხეს, რომ ის ქალაქში არ შეუნიშნავთ. გარკვეული ხნის შემდეგ კადიროველები კვლავ მივიდნენ მის ოჯახში და დაკავებებით დაემუქრნენ მის წევრებს. ბოლოს და ბოლოს ბიჭი შსს-ში წაიყვანეს.
„ჩეჩნეთში გატაცებები და წამება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა“, - ამბობს ანსარ დიშნი. „არც [უსაფრთხოების ძალები] და არც თავად მაცხოვრებლები ამას უკვე აღარ აღიქვამენ როგორც რაღაც უჩვეულოს. ყველას ჰყოლია თუნდაც ერთი ახლობელი, მეგობარი, ნაცნობი ან ნათესავი, რომელიც გატაცებული იყო, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყველას სმენია ასეთი შემთხვევების შესახებ. დარწმუნებული
როდესაც კადიროვი ძალაუფლებას დაკარგავს, ვიხილავთ ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებითა და ჩინოვნიკებით სავსე თვითმფრინავებს, რომლებიც სპარსეთის ყურისკენ გაფრინდება
ვართ, რომ გატაცებების რიცხვი მხოლოდ გაიზრდება: როგორც რუსეთში, ასევე ჩეჩნეთში უკმაყოფილება იზრდება და საპასუხოდ რეჟიმი კიდევ უფრო მაგრად უჭერს ხრახნებს. ჩეჩნეთი რჩება ოკუპირებულ ტერიტორიად, სადაც არანაირი კანონი არ მოქმედებს - არც რუსული და არც ადგილობრივი მორალური კოდექსები. ფსბ-ს კონტროლის ქვეშ აქ უკანონობა და ტირანია სუფევს“.
ადამიანის უფლებების დამცველის თქმით, ჩეჩნეთი ახლა „გარინდების ფაზაშია“. ხალხი გაირინდა იმ იმედით, რომ ეს დრო გადაიტანოს.
„წყენა და უკმაყოფილება არ ქრება. ისინი გროვდება და დავიწყებას არ ეძლევა. გარკვეულ მომენტში, როდესაც დიქტატურა რყევას დაიწყებს, ხალხის უკმაყოფილება იფეთქებს. ეს, სავარაუდოდ, მასობრივ პროტესტებს, შეტაკებებსა და შურისძიებას გამოიწვევს. როდესაც ხელისუფლებაში დმიტრი მედვედევი იყო, კადიროვის ტახტი ძალიან ირყეოდა და მაშინ რესპუბლიკის ელიტამ ბარგი ჩაალაგა. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც პოლიტიკური კურსი შეიცვლება ან როდესაც კადიროვი ძალაუფლებას დაკარგავს, ვიხილავთ ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებითა და ჩინოვნიკებით სავსე თვითმფრინავებს, რომლებიც სპარსეთის ყურისკენ გაფრინდება“, დაასკვნა თანამოსაუბრემ.