Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ავტომობილი სამ არასრულწლოვანს დაეჯახა, სამივე კლინიკაში გადაიყვანეს - მედია


„ოდიშის“ ფოტოები. მარცხნივ - შემთხვევის ადგილზე მობილიზებული პოლიცია, მარჯვნივ - მოზარდების ახლობლები საავადმყოფოსთან
„ოდიშის“ ფოტოები. მარცხნივ - შემთხვევის ადგილზე მობილიზებული პოლიცია, მარჯვნივ - მოზარდების ახლობლები საავადმყოფოსთან

ზუგდიდში 14 მაისს, საღამოს საათებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - სამარშრუტო მიკროავტობუსი დაეჯახა სამ არასრულწლოვანს, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

სამივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს - ადგილობრივი მედიის, Odishi TV-ის ცნობით, ორი მათგანი მძიმედაა.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთმა, მერვეკლასელმა ბიჭმა, თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო. ღამის 12 საათზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მას ნეიროქირურგიულ ოპერაციას უტარებენ.

მძიმედაა მეორე მათგანიც, რომელსაც მცირე ზომის ჰემატომა აქვს და, როგორც გამოცემა წერს, ხელოვნურ კომაშია.

მესამეს ხელი აქვს დაზიანებული, კლინიკაში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია.

კლინიკასთან მოზარდების ოჯახების წევრები, მეგობრები და ახლობლები არიან შეკრებილი.

შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის ეკლესიის სიახლოვეს მოხდა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ, სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ავტომობილი მის წინ მოძრავ მსუბუქ ავტომობილს უსწრებს, რა დროსაც, სავარაუდოდ, მოზარდებს ეჯახება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG