Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„40 F-16 არ კმარა. 300 ან 400 F-16 უნდა მივცეთ უკრაინას“- სტივენ პაიფერი  


ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოს სტივენ პაიფერთან
ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოს სტივენ პაიფერთან

„კბილებამდე შეიარაღებული უკრაინა - სწორედ ეს არის საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია“ ეუბნება რადიო თავისუფლებას სტივენ პაიფერი, ამერიკელი დიპლომატი და ანალიტიკოსი.

ის 90-იან წლებში ბუდაპეშტის მემორანდუმის - უკრაინისთვის ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ, საერთაშორისო გარანტიების მიმცემი დოკუმენტის - ტექსტის შექმნაში მონაწილეობდა. პაიფერი, რომელიც 1998-2000 წლებში აშშ-ის ელჩი იყო უკრაინაში, დარწმუნებულია, რომ თუ უკრაინა დაეცა, „შემდეგ მოლდოვას, კავკასიის ქვეყნებისა და ყაზახეთის ჯერი დადგება.“

„ალასკის შეხვედრა, სამწუხაროდ, ფიასკო იყო“

რადიო თავისუფლება: როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ ტრამპის მშვიდობის დიპლომატიას? რა გვიჩვენა ალასკისა და ვაშინგტონის შეხვედრებმა და რამდენად ახლოს მიგვიყვანა ამ პროცესებმა უკრაინაში მშვიდობასთან?

სტივენ პაიფერი: ვიტყოდი, რომ ალასკის შეხვედრა, სამწუხაროდ, ფიასკო იყო. პრეზიდენტი ტრამპი იქ ჩავიდა იმ პათოსით, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე დაეთანხმებინა. მანვე თქვა, რომ თუ პუტინი მის შეთავაზებას არ დაყაბულდებოდა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. საბოლოოდ, პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე არ წამოვიდა, მეტიც, შეხვედრას საერთოდ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და „სერიოზული შედეგების“ ნაცვლად, მათ განიხილეს რუსეთის შხამიანი, მომწამლავი წინადადება, რომლის მიღებაც უკრაინისათვის მომაკვდინებელი იქნებოდა.

ასე რომ, თუ რეალური მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს ვეძიებთ, ეს წინ კი არა, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

ალასკის შემდეგ, ვაშინგტონში გამართულმა დისკუსიებმა - ტრამპს, ზელენსკისა და კიდევ შვიდ ევროპელ ლიდერს შორის - გარკვეულწილად გამოასწორა სიტუაცია. იქ საუბარი იყო უსაფრთხოების გარანტიებზე, და საგულისხმო იყო პრეზიდენტ ტრამპის წინადადება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ იქნებოდნენ, ამერიკული საჰაერო ძალების ჩართვა შესაძლებელი იქნებოდა.

და მაინც, მიუხედავად ამ ცალკეული პოზიტური დინამიკისა, საერთო სურათი უცვლელია - განსაკუთრებით კრემლის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე - , მხარეებს შორის რაიმე კომპრომისამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი მანძილია დარჩენილი.

გაწბილებული დავრჩი, რომ ამერიკელებმა ვერ შენიშნეს რუსების მახე, როცა ალასკაში პუტინს ესაუბრებოდნენ

რადიო თავისუფლება: რუსეთის ბოლო მოთხოვნები მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ვეტოს უფლებას და პროცესში ჩინეთის ჩართვას. ასეთი პირობებით საერთოდ რა ტიპის უსაფრთხოების გარანტიებზე შეიძლება იყოს საუბარი?

სტივენ პაიფერი: ვლადიმირ პუტინი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, მაგრამ მხოლოდ ვლადიმირ პუტინის პირობებით - და ეს პირობები უკრაინის კაპიტულაციას უდრის. გასაკვირი არ არის, რომ უკრაინა ამბობს „არა“. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ხედვას გარანტიებზე, თითქოს რუსეთს უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება - რეალური უსაფრთხოების გარანტიები დასავლურ ქვეყნებსა და უკრაინას შორის უნდა იყოს. აქ რუსეთს არანაირი როლი არ აქვს.

გავიხსენოთ: ჯერ კიდევ სტამბოლში, 2022 წელს, რუსებმა უკრაინელებს შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტიები, სადაც თავად რუსეთი იქნებოდა ერთ-ერთი გარანტორი. მაგრამ მათი წინადადებით, ყველა გარანტორს ერთად უნდა დაეთანხმებინა მოქმედებაზე - რაც რუსეთს საშუალებას მისცემდა უკრაინაში შეჭრილიყო და შემდეგ ვეტო დაედო ნებისმიერ კოლექტიურ რეაგირებაზე. გასაკვირი არ არის, რომ არც უკრაინაში და არც დასავლეთში ასეთ წინადადებას არანაირი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია.

რადიო თავისუფლება: ამ ფონზე, რა რეალური პროგრესის შესახებ შეიძლება ვისაუბროთ სტამბოლიდან, 2022 წლიდან დღემდე? და რა ვიცით იმ დათმობაზე, რომელზეც თითქოს პუტინი მზად იყო, სპეციალური დესპანი ვიტკოფის თქმით?

სტივენ პაიფერი: ზუსტად არ ვიცით. შეიძლება, ის გულისხმობდა ხაზების გაყინვას ზაპორიჟიაში და ხერსონში, მაგრამ ჯერ ვერაფერი ვნახეთ, რაც დაგვარწმუნებდა, რომ რუსეთმა უარი თქვა ხერსონისა და ზაპორიჟიის მთლიანად ხელში ჩაგდებაზე.

ყველაზე აბსურდული ნაწილი რუსეთის მიერ ალასკაზე გაჟღერებულ შეთავაზებებში იყო ის, რომ უკრაინას დონეცკი მთლიანად უნდა დაეთმო - და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების დაწყების ფასი, საწყისი პირობა. ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთს შეეძლო ორ-სამ კვირაში მოლაპარაკებების მაგიდიდან წამომდგარიყო, მოლაპარაკებები წარუმატებლად გამოეცხადებინა და ომი განეახლებინა. იმავდროულად, უკრაინას უკვე დათმობილი ექნებოდა ის თავდაცვითი გამაგრებები, რომლებიც რუსეთს სამი წლის განმავლობაში დონეცკის აღებაში უშლიდა ხელს. სიმართლე გითხრათ, გაწბილებული დავრჩი, რომ ამერიკელებმა ვერ შენიშნეს ეს მახე, როცა ალასკაში პუტინს ესაუბრებოდნენ.

ძალიან ბევრი საუბარი იყო „ტერიტორიულ გაცვლებზე“. მაგრამ ეს გაცვლები რეალურად უკრაინის ტერიტორიული დათმობაა. თუ იმას შევხედავთ, რასაც თავად უკრაინელები ამბობენ, შეიძლება ისინი დათანხმდნენ დროებით ოკუპაციას. ფაქტობრივად, 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა შეიძლება დათანხმდეს სამხედრო ძალის არგამოყენებას ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ – საბოლოო შეთანხმებაში – უკრაინამ დროებითი ოკუპაცია აიტანოს, ოღონდ საერთაშორისო აღიარების გარეშე. მაგრამ არ მგონია, რომ უკრაინელებს საერთოდ უნდა სთხოვდნენ ამის განხილვას მანამ, სანამ რეალური უსაფრთხოების გარანტიები არ ექნებათ, გარანტიები, რომლებიც მათ დაარწმუნებს, რომ რუსეთი ორ წელიწადში ისევ არ დაესხმებათ თავს.

სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი არ ჩამოვიდა იმ კოზირებს, რომელიც მას ხელში უჭირავს.

რადიო თავისუფლება: ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოდ მოსჩანს, მაგრამ ვთქვათ, დაპირდნენ უკრაინას ამ რეალურ გარანტიებს - ხომ სრულიად არალოგიკური იქნებოდა რუსეთისთვის ამაზე დათანხმება? ეს ხომ ეწინააღმდეგება ყველაფერს, რის მიღწევასაც მოსკოვი ამდენ ხანს ცდილობდა? რატომ უნდა დათანხმდეს ამას პუტინი?

სტივენ პაიფერი: სწორედ ეს არის მონეტის მეორე მხარე. და აქ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი არ ჩამოვიდა იმ კოზირებს, რომელიც მას ხელში უჭირავს. უკვე სამი-ოთხი თვეა, ის რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება - მაგრამ არცერთი არ დაუწესებია. შესაბამისად, ეკონომიკური ზეწოლა საერთოდ არ ყოფილა. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მან არ გამოიყენა არც ის კოზირები, რომლებიც რეალურ სამხედრო ზეწოლას მოახდენდა რუსეთზე: კერძოდ, კრემლისთვის იმის ცხადად დემონსტრირება, რომ უკრაინას ექნება ყველა საჭირო რესურსი და იარაღი 3, 4, 5, 6 წლის განმავლობაში. დღეს პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა ბრძოლის ველზე შეუძლია. ტრამპის მისია უნდა ყოფილიყო იმის ჩვენება, რომ პუტინს ეს არა თუ არ გამოუვიდოდა, არამედ მცდელობის გაგრძელებაც კი მას სულ უფრო და უფრო ძვირი დაუჯდებოდა.

ეს ნიშნავს რუსეთის გაყინული ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაციას, კონგრესისთვის უკრაინისთვის დამატებითი დახმარების თხოვნას, მკაფიო გზავნილს, რომ უკრაინის არმია მრავალი წლის განმავლობაში დარჩება ბრძოლისუნარიანი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კრემლში დაფიქრდნენ: ნამდვილად გვაწყობს კიდევ 2, 3, 4 წელი ასეთი ომი? აი, ეს არის ნამდვილი ზეწოლა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ბატონ ტრამპს არ გამოუვლენია მზადყოფნა ამის გასაკეთებლად

კბილებამდე შეიარაღებული უკრაინა - სწორედ ეს არის საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია

რადიო თავისუფლება: ეს ყველაფერი უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილიც ხომ არ უნდა იყოს – ისეთი სტრატეგიისა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ უკრაინა მსგავსი მხარდაჭერით ისარგებლებს ომის დასრულების შემდეგაც?

სტივენ პაიფერი: აბსოლუტურად. ეს უნდა იყოს გარანტიების პაკეტი, რომელთაგან ერთ-ერთი იქნება დასავლეთის ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას ძლიერი არმიის შენებასა და შენარჩუნებაში. და აქ მე არ ვგულისხმობ 40 F-16-ის მიცემას უკრაინისთვის. 40 F-16 არ კმარა - 300 ან 400 F-16-ს მიცემაა საჭირო. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით იმდენად ძლიერი უნდა გახდეს, რომ რუსეთმა თქვას: ხელახლა ცდას აზრი არ აქვს, მაინც არ გამოვა. სწორედ ეს არის საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია - უკრაინა, რომელიც კბილებამდე შეიარაღებულია. მაგრამ დიახ, დამატებითი დასავლური გარანტიებიც უნდა იყოს, რომ უკრაინის პოზიცია კიდევ უფრო გაძლიერდეს.

რადიო თავისუფლება: სამართლიანობის გულისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაც არ გამოიყურება მთლად დამაჯერებლად. მაგალითად, „მსურველთა კოალიცია“ ვერ წყვეტს, სურს თუ არა ჯარების გაგზავნა უკრაინაში. უფრო სკეპტიკურად განწყობილები კი იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა დასავლეთმა შეაბიჯოს „ბუდაპეშტის მემორანდუმი 2.0“-ში – ანუ დასავლეთი კიდევ ერთხელ ვერ გაბედავს კიევისთვის გარანტიების მიცემას და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება, რომელთაც შემდეგ რუსეთი ფეხქვეშ გათელავს. იმის გათვალისწინებით, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ტექსტზე მუშაობაში (drafting) უშუალოდ იყავით ჩართული, რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს სცენარი?

სტივენ პაიფერი: ბუდაპეშტის მემორანდუმი სულ სხვა დროს, 1993–94 წლებში, და სრულიად სხვა რუსეთთან გაფორმდა. ბორის ელცინს უამრავი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ ის ფუნდამენტურად აღიარებდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს სცემდა მის სუვერენიტეტს. თუ რამე ვერ გავთვალეთ, ეს ჩვენზეა – ვაშინგტონზე, მაგრამ ასევე ჩვენს უკრაინელ პარტნიორებზეც. ვერ ვივარაუდეთ, რომ ელცინს პუტინი ჩაანაცვლებდა, ვერ განვჭვრიტეთ, რას ჩაიდენდა პუტინი 2014 წელს ან კიდევ ერთხელ 2022-ში. უკრაინელებს მაშინ ეს რომ დასაშვებ სცენარად ჩაეთვალათ, ბუდაპეშტის მემორანდუმი არასოდეს გაფორმდებოდა. მაშინ არსებობდა რეალური იმედი – რომელიც საბოლოოდ არ გამართლდა – რომ რუსეთი უფრო დემოკრატიული სისტემისკენ წავიდოდა, თუნდაც ხარვეზიანი, დეფექტური დემოკრატიისკენ, და საბაზრო ეკონომიკისკენ, და რომ შეიძლებოდა სხვა მიმართულებით განვითარებულიყო. სამწუხაროდ, როგორც კი პუტინი პრეზიდენტი გახდა, მან რუსეთი პირუკუ, საბჭოთა წარსულისკენ შეაბრუნა. დღევანდელი რუსეთი ბევრად უფრო ჰგავს საბჭოთა კავშირს, ვიდრე ელცინისა.

რაც შეეხება ბუდაპეშტი 2.0-ს - რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგვიძლია რაიმე სისულელე ჩავიდინოთ, მაგრამ უნდა გვეყოს გამჭრიახობა და ინტელექტი იმისთვის, რომ გავიგოთ – მაშინ, იმ დროს, ბუდაპეშტი შესაძლოა მისაღები სცენარი იყო, მაგრამ დღევანდელი დღის გამოწვევებს ვერ უპასუხებს. დღეს უკრაინას გაცილებით მტკიცე უსაფრთხოების გარანტია სჭირდება. არ მგონია, რომ უკრაინელები ომის დასრულებას ან რაიმე შეთანხმებას დათანხმდნენ, თუ არ ექნებათ სრული რწმენა, რომ ეს ნამდვილად დასასრულია და არა მხოლოდ პაუზა - სანამ პუტინი თავის არმიას გადაამზადებს ახალი შეტევისთვის.

„უკრაინის შემდეგ მოლდოვას, კავკასიის ქვეყნებისა და ყაზახეთის ჯერი დადგება“

რადიო თავისუფლება: ბოლოს, გკითხავთ უკრაინის ომის გავლენაზე იმ სივრცეზე, რასაც რუსეთი დამცინავად თავის „ახლო საზღვარგარეთს“ უწოდებს. რას მოასწავებს ეს ყველაფერი ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი?

სტივენ პაიფერი: ეს არის პუტინის ნეოიმპერიალისტური ომი, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს დაკარგული რუსეთის იმპერიის მიწების დაბრუნებას. ეს ყბადაღებული ნეოიმპერიალიზმია. და ვშიშობ, რომ პუტინის მიზნები და ამბიციები უკრაინით არ დამთავრდება. თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს, ეს მნიშვნელოვნად გაართულებს სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებას – უკრაინის შემდეგ მოლდოვას, კავკასიის ქვეყნებისა და ყაზახეთის ჯერი დადგება. ყველა მათგანი სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. აშკარად ჩანს, რომ პუტინი ცდილობს რუსეთის გავლენის – და შესაძლოა ფიზიკური კონტროლის – აღდგენას პოსტსაბჭოთა სივრცეზე და, ალბათ, მის ფარგლებს გარეთაც.

„ზოგჯერ კავკასიის პატარა ქვეყანამაც უნდა თქვას „არა“ და საკუთარი თავი და ინტერესები დაიცვას – თორემ აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც საერთოდ აღარაფერს ეკითხებიან.“

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რამდენად მუშაობს „კარგად მოქცევის“ ტაქტიკა, რუსული საფრთხის, კრემლის რისხვის თავიდან ასარიდებლად? სწორედ ამ გზას ადგას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა – დათმობები მოსკოვს, ნებისმიერ ფასად. გაამართლებს ეს მიდგომა?

სტივენ პაიფერი: შესაძლოა, დროგამოშვებით პუტინთან კეთილგანწყობანას თამაშს აზრი ჰქონდეს, მაგრამ ასევე დგება ხოლმე დრო, როცა საჭიროა სიმტკიცე და საკუთარი ინტერესების დაცვა. და ვშიშობ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ზედმეტ კეთილგანწყობას იჩენს პუტინისადმი, მაშინ როცა შესაძლოა, უკეთ მიეღწია თავისი მიზნებისთვის, თუ დროდადრო პუტინთან სიმკაცრეს გამოიჩენდა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ აქვს კი სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანას ამის ფუფუნება – რუსეთს „არა“ უთხრას?

სტივენ პაიფერი: გარემოებები, რასაკვირველია, განსხვავებულია. მაგრამ დიახ, ხანდახან კავკასიის პატარა ქვეყანამაც უნდა თქვას „არა“ და საკუთარი თავი და ინტერესები დაიცვას – თორემ აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც საერთოდ აღარაფერს ეკითხებიან.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG