ერთ-ერთი ადამიანი კორპუსის სახურავზეა ასული და იმუქრება, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, გადმოხტება.
მაცხოვრებლები მედიასთან ამბობენ, რომ კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც, მათი ინფორმაციითვე, ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს.
მაცხოვრებელთა უმეტესობა დევნილია.
„ფეხს არ მოვიცვლით“
„მივმართავ თხოვნით, მობრძანდეს ბატონი კახი [კალაძე, თბილისის მერი], დაიცვას ჩვენი უფლებები. ამდენ უსახლკარო ხალხს სად გვიშვებს“? - ამბობს მედიასთან საუბარში კორპუსში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი.
„ჩვენ არ წავალთ აქედან. ფეხს არ მოვიცვლით“, - ამბობს ის.
„აგე, გახედეთ, ქალბატონი, თავს იკლავს“, - ამბობს მოქალაქე და კორპუსის სახურავზე ასული მეზობლისკენ უთითებს.
„სად არის სახალხო დამცველი, სად არის მერი, სად არის პრეზიდენტი, ჩვენს გვერდში რომ უნდა იყოს“? - ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ იქ მცხოვრებთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია ადამიანია და წასასვლელი არსად აქვთ.
„შენობა ამორტიზებულია“ - აღსრულება
ეს ამბავი ხდება სამგორის რაიონში („აფრიკის“ დასახლების სახელით ცნობილ უბანში), ალექსანდრე თვალჭრელიძის პირველ ნომერში.
კორპუსი სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მოპირდაპირე მხარესაა, - აღმოსავლეთით.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად, მისამართზე მდებარეობს „ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით“.
უწყების განცხადებითვე, შენობა-ნაგებობები „სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია“.
ამის დასტურად აღსრულების ეროვნული ბიურო ასახელებს „სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას“, სადაც, მათ თანახმადვე, „ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება“.
ბიურო ასევე აცხადებს, რომ მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 ადამიანს.
„ბინები აქვთ გადაცემული“
ამასთან, უწყება ხაზს უსვამს, რომ:
- სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია 24 პირი“; „ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს - 29 პირს“
- „მათ შორს 6 პირს უკვე ეთქვა დადებითი პასუხი, შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა“.
- ამასთან, ბიურო აცხადებს, რომ 53 ოჯახს „დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ“.
- „მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია“, - ასეთია უწყების პოზიცია.
ვის ეკუთვნის შენობა?
შენობა ამჟამად ეკუთვნის კერძო კომპანიას, სახელად „ბლექ სი ფროფერთის“.
2022 წლამდე შენობას ფლობდა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი (ჯი ემ ეიჩ)“.
„ბლექ სი ფროფერთისის“ სახელზე შენობა 2022 წელს გადაფორმდა, თუმცა იმ დროისთვის ორივე კომპანიას ერთი დამფუძნებელი ჰყავდა - მოქალაქე ლევან სკამკოჩაიშვილი.
2023 წლის 15 სექტემბერს„ბლექ სი ფროფერთისი“ (რომელიც მაშინაც და დღესაც ფლობდა თვალჭრელიძის #1-ში მდებარე შენობას) გადაფორმდა მოქალაქე კახაბერ ნადირაშვილზე.
2023 წლის 29 დეკემბერს კი „ბლექ სი ფროფერთისის“ მესაკუთრედ რეესტრში გამოჩნდა კომპანია „აგრეგატი სმარტ დეველოპმენტი“. დირექტორად კახაბერ ნადირაშვილი იყო გაფორმებული.
„აგრეგატის“ მფლობელი კი, თავის მხრივ, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანია, „სმარტ კაპიტალ გრუპია“.
საბოლოოდ, 2025 წლის 11 მარტს კომპანია „ბლექ სი ფროფერთისი“, - რომელიც ამ დრომდე ფლობს თვალჭრელიძის #1-ში მდებარე შენობას, - გადაფორმდა კომპანია „ორიენტბილდ ისთეითზე“, - რომლის მესაკუთრეც არის აზერბაიჯანის მოქალაქე აბულფაზ მელიკოვი.
საქმის დეტალები
აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ამ საქმეზე „სააღსრულებო წარმოება “ დაიწყო 2024 წლის 11 ივნისს, - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
უწყების განცხადებითვე, „მხარეთა შორის მორიგების, მათი ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობით გამოსახლების პროცესი“ უკვე ორჯერ გადაიდო.
უწყების არგუმენტები ასეთია:
- „საქმეში, აღსრულების პოლიციასთან ერთად, ჩართული იყო ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი, სოციალური მუშაკები“;
- „განხორციელდა ათეულობით ვიზიტი მისამართზე“
- „ინდივიდუალურადაა შესწავლილი იქ მცხოვრებთა პირობები და საჭიროებები“;
- „მიმართულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების გამოყოფისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის“.
ბიურო ასევე აცხადებს, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც მზად იყო, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულიყო „უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში“, თუმცა წერს, რომ ამაზე „ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა“.
ფორუმი