ოთხშაბათს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მეხუთედ ეწვია რუსეთს უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად. ამჯერად ის მოსკოვში ჩავიდა ორი დღით ადრე, სანამ ამოიწურება ვადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწესა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისთვის. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული, შემდგომ რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ. ადრე ტრამპი რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებს იმპორტის ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან უიტკოფის შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა და ის ორივე მხარემ დადებითად შეაფასა. რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა მოლაპარაკებებში „პროგრესსა და პოზიტიურ ძალებზე“ ისაუბრა, ტრამპმა კი მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი“ უწოდა, მაგრამ გარღვევად არ მიიჩნია. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპი „ღიაა შეხვედრისთვის“ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. CNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპის თანაშემწეებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ამ შეხვედრების დაგეგმვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა, კონკრეტულად რა შეიძლება მოითხოვოს რუსეთმა ომის დასასრულებლად. მას დეტალები არ დაუსახელებია, თუმცა, მისი თქმით, ტერიტორიული საკითხები ომის დასრულების გასაღები იქნება.
თავდაპირველად ტრამპმა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოხატავდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას, მოსკოვს 50 დღე მისცა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასადებად. ის ასევე დაიმუქრა, რომ თუ ეს არ მოხდება, რუსეთისგან ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებს „მკაცრ ტარიფებს“, „დაახლოებით 100%-ს“, დაუწესებს.
თუმცა, ივლისის ბოლოს მან ეს ვადა 10 დღემდე შეამცირა - ანუ 8 აგვისტომდე. ამასთან, უიტკოფის მოსკოვში ვიზიტამდე ტრამპმა განაცხადა: მას არ უთქვამს, რომ ტარიფები აუცილებლად 100-პროცენტიანი იქნება. ამერიკის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მას „არასოდეს დაუსახელებია“ ტარიფების პროცენტი.
Financial Times-ის თანახმად, იმპორტის დაბეგვრის გარდა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს დამატებით სანქციებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომელსაც მოსკოვი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის იყენებს. გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ ეს მიიჩნევა რუსეთზე გავლენის მოხდენის „მსუბუქ პირველ ნაბიჯად“.
ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთი დღე-ღამე რჩება
ჯერ კიდევ უცნობია, დაწესდება თუ არა პარასკევს სანქციები და კონკრეტულად რომელი. ოთხშაბათს საღამოს რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მომდევნო 24-36 საათის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას. Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მეორადი სანქციები ჯერაც მოსალოდნელია 8 აგვისტოს.
ამასთან, ტრამპმა უკვე გამოსცა აღმასრულებელი ბრძანებულება ინდოეთისთვის დამატებით 25%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ, რაც რუსული ნავთობის იმპორტთან არის დაკავშირებული. ცვლილებები 21 დღეში უნდა ამოქმედდეს - ეს ინდოეთის ზოგიერთ საექსპორტო პროდუქტზე საბაჟო გადასახადებს 50 პროცენტამდე გაზრდის. ჩინეთი, რომელიც ასევე რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველია, აღმასრულებელ ბრძანებულებაში ნახსენები არ არის.
თუ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდას არ მიუჯდება, ეს გააუარესებს მის შიდაეკონომიკურ მდგომარეობას
„დონალდ ტრამპი ნელ-ნელა უჭერს ხრახნებს და ვლადიმირ პუტინს ყველა შესაძლებლობას აძლევს, მიაღწიოს იმ შედეგს, რაც ტრამპს და შეერთებულ შტატებს სურთ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ტონი შეიცვალა“, ამბობს პოლიტოლოგი და „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი არიელ კოენი. „ტრამპის კეთილგანწყობილი ტონი, რომელსაც ის პუტინის მიმართ იყენებდა პირველი ვადის დროს, ახლა ქრება. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ რაკეტებით აღჭურვილ ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე, ინდოეთის წინააღმდეგ სერიოზულ ტარიფებზე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იქნება თუ არა სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ კონგრესი სანქციებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მკაცრად მოქმედებს, ვიდრე თეთრი სახლი. გვახსოვს ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელშიც ლაპარაკია რუსული ენერგორესურსების მყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ 500-პროცენტიან მეორად სანქციებზე.
ახლა გამოჩნდა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. ისიც ამკაცრებს სანქციებს ნავთობზე და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე - ეს არის ფლოტი, რომლითაც ხდება რუსული ნავთობის ტრანსპორტირება. ასე რომ, ნავთობპროდუქტების, ნავთობისა და ენერგორესურსების ექსპორტის თვალსაზრისით რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. ეკონომისტების აზრით, რუსეთს შეუძლია კიდევ ერთი წელი გაძლოს ამ რეჟიმში. მაგრამ ადრე თუ გვიან... თუ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდას არ მიუჯდება, ეს გააუარესებს მის შიდა ეკონომიკურ მდგომარეობას.“
ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ რუსული ნავთობის შემძენ ქვეყნებზე გადასახადების დაწესებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ამერიკის ეკონომიკაზე, წერს CNN. კერძოდ, ამან შეიძლება გამოიწვიოს „ინფლაციის გაძლიერება“ შეერთებულ შტატებში და ნავთობის ფასების ზრდა. ამან ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სამომხმარებლო საქონლის ფასებზე. ჩინეთისთვის საბაჟო გადასახადების ზრდა, რაც უკვე 30 პროცენტს შეადგენს, გავლენას მოახდენს ისეთი საქონლის ფასებზე, როგორიცაა Apple-ის ტექნიკა.
პუტინისა და ტრამპის შეხვედრა
ვაშინგტონში მოქმედი ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ილან ბერმანი, მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ტრამპმა პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობა მისგან დათმობების მისაღწევად გამოიყენოს:
„ვვარაუდობ, რომ ტრამპი ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარებას და პუტინისგან ხელშესახები დათმობების მიღებას მისთვის აშშ-რუსეთის სამიტის ჩატარების მაცდური პერსპექტივის შეთავაზებით. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მიდგომა გაამართლებს, მაგრამ ეჭვგარეშეა, პუტინს გაუჭირდება ტრამპისთვის უარის თქმა მათი პირადი შეხვედრისას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მისგან მართლა მოითხოვს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიმართულებით“.
ამასთან, ბერმანის თქმით, ნაჩქარევად ორგანიზებული შეხვედრიდან სერიოზულ შედეგებს არ უნდა ველოდეთ რამდენიმე მიზეზის გამო:
ისე ჩანს, მოლაპარაკებებისადმი რუსული მიდგომა უკომპრომისოა.
„ძნელი წარმოსადგენია, მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსული მხარის მოთხოვნები განსხვავებული იყოს იმ მიზნებისგან, რომელთა მიღწევასაც რუსეთი ბრძოლის ველზე ცდილობს. კრემლს ჯერჯერობით არ დაუხევია უკან თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნებიდან და არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ მოსკოვი მზადაა კომპრომისზე წავიდეს უმნიშვნელო საკითხებზეც კი. ამიტომ, მეჩვენება, რომ ამ ეტაპზე არც კი არის ნათელი, რაზე შეიძლება იყოს საუბარი. სამიტების და, საერთოდ, ნებისმიერი მოლაპარაკებების წარმატების საიდუმლო იმალება ორივე მხარის მზადყოფნაში სერიოზული კომპრომისებისთვის, მაგრამ ისე ჩანს, მოლაპარაკებებისადმი რუსული მიდგომა უკომპრომისოა. მაქვს ეჭვი: რუსები აშშ-ისგან ელიან წინადადებების პაკეტს, რომელშიც იქნება საკმარისი სტიმულები საიმისოდ, რომ ზავზე ან მშვიდობაზე დაითანხმოს ისინი. როგორც ჩანს, მათ ჯერ არ მოუსმენიათ ის წინადადებები, რომელთა მოსმენაც სურთ. და არ ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა შესთავაზოს მათ ასეთი რამ, თუკი საქმე ეხება, მაგალითად, სანქციების რეჟიმის შემსუბუქებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას. ეს ყველაფერი კი, როგორც გვესმის, პუტინის სურვილების სიაშია“.
უკრაინა დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრის შედეგებზე დიდ იმედებს არ უნდა ამყარებდეს, ამბობს პოლიტოლოგი ტენესის უნივერსიტეტიდან ანდრეი კორობკოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში:
„მეჩვენება, რომ სტივ უიტკოფის მოგზაურობის ერთადერთი რეალური მიზანი ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება იყო. ტრამპი თვლის, რომ ის გამოჩენილი მომლაპარაკებელია, რომელსაც შეუძლია პირადი შეხვედრის დროს საუკეთესო შედეგების მიღწევა. არც პუტინია წინააღმდეგი, გამოიყენოს ეს არხი - მას საკუთარი უნარების იმედი აქვს. შეუძლებელია იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება ეს შეხვედრა, თუ ის შედგება, მაგრამ, ჩემი აზრით, ტრამპის მიზანია, სწრაფად დაასრულოს ეს ომი, რათა მან ყურადღება გადაიტანოს სხვა, მისი აზრით უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომელთაგან მთავარია ჩინეთის შეკავება.
პრეზიდენტმა ტრამპმა წარსულში არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინამ სერიოზული დათმობები უნდა გააკეთოს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და თუ მას პუტინთან რაიმე სახის შეთანხმება ექნება, მაშინ, ვფიქრობ, ტრამპი ზელენსკის უბრალოდ ულტიმატუმის წინაშე დააყენებს. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ იგეგმება ჯერ ტრამპის შეხვედრა პუტინთან, შემდეგ კი ტრამპის შეხვედრა ზელენსკისთან ან ზლენსკისა პუტინთან. ანუ ეს შეესაბამება ტრამპის „რეალისტურ“ მოდელს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება „დიადი სახელმწიფოების“ დონეზე, დანარჩენებმა კი უნდა მოუსმინონ, რას გადაწყვეტენ ისინი“.
წავა თუ არა რუსეთი დათმობებზე?
პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, განაცხადა, რომ რუსული მხრიდან „გარკვეული სიგნალები გადაიცა“ და „შესაბამისი სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგანაც იქნა მიღებული“. ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ პუტინი უიტკოფთან შეხვედრაზე რაიმე დათმობაზე წავიდა ან კონკრეტული წინადადებები წამოაყენა.
ადრე Bloomberg-ის წყაროები იუწყებოდნენ, რომ კრემლი შესაძლოა, კერძოდ, გამოვიდეს საჰაერო ზავის წინადადებით. „ტრამპს რუსეთისგან სჭირდება რაიმე სახის „საჩუქარი“, დათმობა. ასეთი საჩუქარი შეიძლება იყოს საჰაერო ზავი“, იმოწმებს სააგენტო კრემლის მომხრე პოლიტიკურ ანალიტიკოს სერგეი მარკოვს.
ცეცხლის შეწყვეტის ეს ვარიანტი რუსეთისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე უკრაინისთვის, რადგან „მისი გასაღები მოსკოვს უპყრია და ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი მისი დარღვევა“, ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ოლეგ სააკიანი.
როდესაც ეს მათთვის სასარგებლო იქნება, რუსეთს შეუძლია უკრაინა დაადანაშაულოს რაიმე სახის დაბომბვაში,
„ამ დროის განმავლობაში არც დრონებისა და არც რაკეტების წარმოება არ შეწყდება და ინტენსიური დაბომბვების ახალი რაუნდის გადამრთველი რუსეთის ხელთაა. ხოლო როდესაც ეს მათთვის სასარგებლო იქნება, რუსეთს შეუძლია უკრაინა დაადანაშაულოს რაიმე სახის დაბომბვაში, თქვას, რომ უკრაინამ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რამდენიმე ათასი დრონი გაფრინდება უკრაინის მიმართულებით. [...]
თუკი ეს ცეცხლის შეწყვეტა შესვენებაა და მისი შეწყვეტის გასაღები აგრესორის ხელშია, მაშინ ამ შემთხვევაში ეს არ გამოიწვევს მსხვერპლისა და ნგრევის შემცირებას და არ აახლოებს ომის დასასრულს. პირიქით - რუსეთი არ თმობს თავის ძირითად მიზნებს და ამით მხოლოდ იღებს ტრამპის მიერ დაგეგმილი სანქციებისა და ტარიფების გადავადებას“, თქვა სააკიანმა ტელეარხ Current Time-ის ეთერში.
პოლიტოლოგმა ასევე გაიხსენა, რომ უკრაინა ადრე დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შემდეგ რუსეთმა ფაქტობრივად უარყო ეს იდეა და რამდენიმე პირობა წამოაყენა.
„უკრაინა გამოდიოდა ზავის წინადადებით: ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე - კომპლექსურად, მაგრამ 30 დღის განმავლობაში. თუ ზავი ხანმოკლეა, მაშინ ის კომპლექსური უნდა იყოს. თუ ეს მცირე ზავის სივრცეა, მაშინ ის უფრო ფართო სტრატეგიის ელემენტი უნდა იყოს. და, რაღა თქმა უნდა, აუცილებელია გარანტიები, აუცილებელია კონტროლის მექანიზმები და გაზრდილი ზეწოლა იმ შემთხვევისთვის, თუ ის დაიღვრება. საჭიროა აგრესორის დასჯა მისი ქმედებებისთვის და არა წახალისება. ამიტომ, უკრაინა დიდად არ არის კმაყოფილი საჰაერო სივრცეში ზავის ინიციატივით. და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკულმა მხარემ კარგად იცის უკრაინის პოზიცია და სიტუაციის უკრაინული ანალიზი, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან და რატომ არის ის დამანგრეველი“, თქვა სააკიანმა.
ფორუმი