Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას პარტიას სურს, გაერთიანდეს PES-ში, ევროპაში „ოცნების“ ყოფილ მოკავშირე პარტიაში


გახარია ამჟამად გერმანიაში იმყოფება
გახარია ამჟამად გერმანიაში იმყოფება

ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ სურს, გაერთიანდეს „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“, - ევროპულ პარტიაში, რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნება“ 2015-23 წლებში იყო.

გახარია ერთ კვირაზე მეტია, საზღვარგარეთაა. 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, - რომელიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა, - ის იუწყება, რომ გერმანიაში ესწრება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კონგრესს. SPD მრავალი წელია, PES-ის წევრია.

„მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესთაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს“, - ამბობს გახარია.

„განვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის“ გეგმები - გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი“, - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმითვე, ამ საკითხის განხილვა შემოდგომაზე იგეგმება.

  • მას შემდეგ, რაც 2023 წელს საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების (CPAC) ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, PES-მა, - რომელიც ორბანის იდეოლოგიური მოწინააღმდეგეა, - განაცხადა, რომ მომდევნო, ივნისის შეკრებაზე შეაფასებდა „ქართული ოცნებასთან“ თანამშრომლობის სტატუსს;
  • 11 მაისს ამაზე პასუხად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ PES-ის დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შესახებ პარტიას აცნობეს;
  • იმავე წლის 30 ივნისს კი ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) თავმჯდომარეობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, თავიანთი რიგებიდან გაერიცხათ „ქართული ოცნება“.
  • PES-ის თქმით, მან დაადგინა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი საქმიანობითა და პოზიციებით PES-ის ღირებულებებს გასცდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG