საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიიღებს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი.
ინფორმაცია, რომ კობახიძე ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს, 3 ნოემბერს გაავრცელა მთავრობის პრესცენტრმა.
ამავე წყაროს თანახმად, დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ლი ციანის შეხვედრა. ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე.
- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს სახელმწიფო საბჭოს, რაც წარმოადგენს ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, მინისტრთა კაბინეტს; სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი სი ძინპინია;
- ლი ციანი რანგით მეორეა პარტიულ იერარქიაშიც, - პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტში, - პასუხისმგებელია გენერალური მდივნის, სი ძინპინის წინაშე.
- პრემიერი ლი 2017-22 წლებში პარტიის შანხაის ორგანიზაციის მდივანი იყო.
საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვედრია, არის ირაკლი ღარიბაშვილი.
მათი შეხვედრა 2023 წლის 28 ივლისს სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში შედგა, რა დროსაც ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.
ირაკლი ღარიბაშვილს, - რომელმაც პოსტი 2024 წლის 30 იანვარს დატოვა, 2025 წელს კი პოლიტიკიდანაც გავიდა, - ახლა ₾1-მილიონიანი გირაო აქვს შეფარდებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ ბრალდებით.
ვინ არის დელეგაციაში
ამჯერად ირაკლი კობახიძესთან ერთად დელეგაციაში არიან:
- საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი;
- ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
- ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე;
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა;
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში. გამოფენაში საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და მასზე „40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი“.
მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრების შეხვედრა „პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის“.
მისი თქმითვე, ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერება „რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამ შეთანხმებებით „გამყარდება როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ისე ხალხთა შორის ურთიერთობები ჩვენ ორ ქვეყანას შორის“.
ეს პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია ჩინეთში. თუმცა ის თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2024 წლის იანვარში იმყოფებოდა პეკინსა და შანხაიში -„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში.
მან შეხვედრა გამართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრ ლიუ ძინჩაოსთან. ძინჩაო, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატი იყო და რომელსაც დასავლურ მედიაში მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრადაც განიხილავდნენ, 2025 წლის აგვისტოში დააკავეს.
ფორუმი