ხუთი წლის შემდეგაც კი, რეპრესიები არ შეწყვეტილა. რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა შეაგროვა მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ბელარუსი და ბელარუსელების ცხოვრება ამ დროის განმავლობაში.
რეპრესიები
ასიათასობით ბელარუსელი გახდა რეპრესიების მსხვერპლი 2020 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში დაიწყო. ბევრი პოლიტიკოსი, აქტივისტი და პრეზიდენტობის კანდიდატი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა არჩევნების დღემდე, 2020 წლის 9 აგვისტომდე.
ბლოგერი სიარჰეი ციხანოუსკი დააკავეს 2020 წლის მაისში, ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო - ივნისში.
2020 წლის საპროტესტო აქციების შედეგად 7000-ზე მეტი ადამიანი გაასამართლეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. შემთხვევათა უმეტესობაში მათ ბრალი წაუყენეს „საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი ქმედებების ორგანიზებასა და მომზადებაში“ და „მასობრივ არეულობაში“. ეს მხოლოდ ისინი არიან, ვისი სახელებიც ცნობილია ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის. სინამდვილეში, შესაძლოა, 2020 წლის საპროტესტო აქციების გამო გაცილებით მეტი ადამიანი იყოს რეპრესირებული.
2022 წლის აგვისტოში, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, „ექსტრემისტული ხასიათის“ სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 11 ათასს შეადგენდა.
ადამიანის უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 8500 ბელარუსელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში პოლიტიკური მიზეზების გამო.
ამჟამად ციხეში იმყოფება 1183 ადამიანი, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებენ. 2020 წლის არჩევნებამდე ასეთი 25 ადამიანი იყო. თუმცა ყველა, ვინც პოლიტიკური მიზეზების გამო გასამართლდა, პოლიტიკურ პატიმრად არ არის აღიარებული. ხელისუფლების მხრიდან ნათესავებზე ზეწოლის გამო, ბევრი ადამიანი თავად ამბობს უარს ამ სტატუსზე. უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლება ამჟამად მალავს რეპრესიების ფაქტებს, რათა თავიდან აიცილოს ფართო საჯარო გამოხმაურებები.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2800-ზე მეტი სინდისის პატიმარი გაათავისუფლეს სასჯელის მოხდის, ციხიდან გათავისუფლების ან სასჯელის შემსუბუქების გამო. 2020 წლიდან ბელარუსის ხელისუფლებამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა 330 პოლიტპატიმარი. თუმცა უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ვიდრე ათავისუფლებენ. მხოლოდ ივნისში, როდესაც 14 პოლიტპატიმარი შეიწყალეს, ეს სტატუსი 29 ადამიანმა მიიღო. მხოლოდ ერთ თვეში ადამიანის უფლებათა დამცველებმა პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების 67 შემთხვევა აღნუსხეს.
ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის ცნობილია პოლიტიკური მიზეზების გამო გასამართლებული, სულ მცირე, რვა ადამიანის შესახებ, რომლებიც ციხეში გარდაიცვალნენ. ესენი არიან: ვიტოლდ აშურაკი, ალეს პუშკინი, იჰორ ლედნიკი, ნიკოლაი კლიმოვიჩი, ალეაქსანდრ კულინიჩი, ვადიმ ხრასკო, დმიტრი შლეტხაუერი და ვალენტინ შტერმერი. ასევე ცნობილია ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ადამიანების გარდაცვალების, სულ მცირე, სამი შემთხვევა - არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს უსაფრთხოების ძალების მიერ გამოყენებული მეთოდების შედეგად მოხდა.
დაკავების არაადამიანური პირობებისა და იმის შედეგად, რომ დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, 2021 წელს კორონავირუსული ინფექციის შედეგებით გარდაიცვალნენ 53 წლის, მინსკში მცხოვრები, ელენა ამელინი (ის ოკრესტინას წინასწარი დაკავების იზოლატორში დაავადდა) და 57 წლის, ოსიპოვიჩში მცხოვრები, სიარჰეი შტიატინკა (ის ოსიპოვიჩის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაავადდა). ისინი ვეღარ გამოჯანმრთელდნენ.
ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, საპროტესტო აქციების დროს ძალოვანი სამსახურების მოქმედების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ესენი არიან: რომან ბონდარენკო, ალიქსანდრ ტარაიკოვსკი და ჰენადი შუტოვი. კიდევ ერთი, ალიაქსანდრ ვიხორი, საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის 2020 წლის 9 აგვისტოს დაკავების შემდეგ გადაიყვანეს. ცნობილია გარდაცვალების კიდევ სამი შემთხვევა, რომლებიც ამა თუ იმ გზით უკავშირდება არჩევნებსა და საპროტესტო აქციებს:
კონსტანტინ შიშმაკოვი, საარჩევნო კომისიის წევრი, რომელმაც უარი თქვა საბოლოო ოქმის ხელმოწერაზე, 15 აგვისტოს სახლში დაბრუნებისას გაუჩინარდა, ხოლო 18 აგვისტოს მისი ცხედარი მოსტოვსკის რაიონის ტყეში იპოვეს.
ნიკიტა კრივცოვი, რომელიც მოლოდეჩნოში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, 22 აგვისტოს მინსკში ტყეში ჩამოხრჩობილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მან თავი მოიკლა, თუმცა მის ნათესავებს ამის არ სჯერათ.
ალექსანდრ ბუდნიცკი გაუჩინარდა 11 აგვისტოს მინსკში, გარდაცვლილი იპოვეს 1 სექტემბერს სავაჭრო ცენტრ „რიგასთან“ ახლოს, სადაც 10 და 11 აგვისტოს შეტაკებები მოხდა ძალოვნებთან.
2020–2021 წლების მოვლენებთან დაკავშირებით რეპრესიების მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლების ასოციაცია „ბელპოლი“ მინიმუმ ნახევარ მილიონ ადამიანს ასახელებს. ეს მაჩვენებელი მოიცავს დაკავებულებს, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს, პოლიტიკური მიზეზების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულებს, ალტერნატიული კანდიდატების ბიულეტენებზე ხელმომწერებს, რომლებიც შეზღუდვების ან ზეწოლის წინაშე აღმოჩნდნენ, ასევე ემიგრაციაში იძულებით წასულ პირებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვლადიმირ ჟიგარი, აღიარებს, რომ მათი რიცხვი შესაძლოა რამდენჯერმე მეტი იყოს.
პოლიტიკური და საინფორმაციო ველის გაწმენდა
რეპრესიებთან ერთად, ბელარუსის ხელისუფლებამ დაიწყო საზოგადოებრივი გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიების და მოქალაქეთა თვითორგანიზების სხვა ფორმების მასობრივი ლიკვიდაცია, აკრძალვა ან იძულებითი დახურვა.
2020 წლის არჩევნებამდე ბელარუსში 15 პოლიტიკური პარტია არსებობდა. ყველა ოპოზიციური პარტია იქნა ლიკვიდირებული და ამჟამად მხოლოდ ოთხი პროსამთავრობო პარტიაა რეგისტრირებული: ბელარუსის კომუნისტური პარტია, „ბელაია რუს“, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია და შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Lawtrend-ის მონაცემებით, 2020 წლიდან ბელარუსის არასამთავრობო სექტორმა 1944 არაკომერციული ორგანიზაცია დაკარგა. ესენია საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პროფკავშირები, ფონდები და ასოციაციები. და ეს ტენდენცია გრძელდება. 2025 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა დამცველებმა კიდევ ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის იძულებითი დახურვის შესახებ განაცხადეს.
ლიკვიდირებული ორგანიზაციების უმეტესობა პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყო ჩართული, მაგალითად, „სამშობლოს ფრინველთა დაცვა“ ან „მშობელთა ასოციაცია”, „სიკეთის ბუმერანგი“, რომელიც ავადმყოფი ბავშვებისთვის დახმარებას აგროვებდა.
ფართოდ გავრცელდა საინფორმაციო პროდუქციის - მედიის, წიგნების, სოციალური ქსელების გვერდების - „ექსტრემისტულ მასალებად“ აღიარების პრაქტიკა: მათი გავრცელება ისჯება ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით - ჯარიმიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ბელარუსის ხელისუფლებას შეუძლია აკრძალოს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფორმაცია, შეზღუდოს მასზე წვდომა ან საერთოდ აკრძალოს ის. ამჟამად, 7000 საინფორმაციო რესურსია აღიარებული, როგორც „ექსტრემისტული“ და 1764 ინტერნეტ-გვერდი შეტანილია „ექსტრემისტული მასალების“ სიაში. ბელარუსიდან მათზე წვდომა შეზღუდულია.
2020 წლიდან ბელარუსში 40-ზე მეტი მედიასაშუალება „ექსტრემისტულ ფორმირებებად“ აღიარეს. მათ შორისაა რადიო თავისუფლება. ბელარუსში ასეთი მედია საშუალებების საქმიანობა დანაშაულია და მათი თანამშრომლებს დევნიან. ამ დროისთვის მედიის 37 თანამშრომელი ციხეშია.
2021 წელს ბელარუსის ხელისუფლებამ შესწორებები შეიტანა კანონში „ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ“, რომელმაც გაამარტივა ადამიანებისთვის „ექსტრემისტების“ და „ტერორისტების“ სტატუსის მინიჭება. თითქმის ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული მუხლით არის გასამართლებული, იღებს „ექსტრემისტის“ სტატუსს. ეს მნიშვნელოვნად ართულებს მსჯავრდადებულებსა და მათ ნათესავებს შორის კომუნიკაციას (შეზღუდვები მიმოწერაზე, მაუწყებლობაზე და ა.შ.). გათავისუფლების შემდეგ ასეთ ადამიანებს პრობლემები აქვთ დასაქმებასთან დაკავშირებით და არ შეუძლიათ გარკვეული თანამდებობების დაკავება, მაგალითად, მასწავლებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე „ექსტრემისტების“ სიაში ამჟამად 5,5 ათასზე მეტი სახელია.
ბელარუსის კიდევ ერთი სპეცსამსახური, კაგებე, აწარმოებს „ტერორისტების“ აღრიცხვას. მსგავსი სია ამ უწყების ვებსაიტზე 2020 წლამდე არსებობდა, თუმცა ადრე მასში შედიოდნენ საერთაშორისოდ ძებნილი და საერთაშორისო დონეზე ტერორისტებად აღიარებული პირები. 2020 წლის შემდეგ, ამ სიაში შეიყვანეს სისხლის სამართლის კოდექსის 25 მუხლით გასამართლებული ბელარუსელები, მათ შორის, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული მუხლებით. კერძოდ, ამ სიაში შედიოდნენ მოქალაქეები, რომლებიც გასამართლებული იყვნენ მუხლებით „მასობრივი არეულობები“, „შენობებისა და ნაგებობების ჩამორთმევა“, „რასობრივი, ეროვნული და რელიგიური სიძულვილის წაქეზება“ და „ტერორისტული საქმიანობის დაფინანსება“.
2025 წლის ივლისის მონაცემებით, „ტერორისტთა“ სიაში 600-ზე მეტი ბელარუსელი ჰყავთ შეყვანილი. მათ შორის არიან - ეროვნული ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია, გაერთიანებული გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, პაველ ლატუშკო, მარია კალესნიკავა და სხვა როგორც ციხეში, ასევე გარეთ, ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკოსები, აქტივისტები და ჟურნალისტები.
ემიგრაცია და ტვინების გადინება
2020 წლის მოვლენების, რეპრესიებისა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბელარუსიდან თანამედროვე ისტორიაში ემიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა დაიწყო. სხვადასხვა შეფასებით, ასიათასობით ადამიანი გაემგზავრა საზღვარგარეთ.
კვლევითი ცენტრ "ბეროკის" მონაცემებით, 2020 წლის მოვლენების შემდეგ, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 500 000 ბელარუსელი წავიდა.
ბელარუსელი ემიგრანტების ადაპტაციის შესახებ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, წასულების 89%-ს უმაღლესი განათლება აქვს. სოციოლოგი, ბელარუსის სოციოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი გენადი კორშუნოვი ამტკიცებს, რომ 2020 წლის შემდეგ ბელარუსი 600 000 ადამიანმა დატოვა. სოციოლოგის თქმით, ისინი გაემგზავრნენ საქართველოში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.
ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლაი კარპიანკოვი, ჯერ კიდევ 2023 წელს ამბობდა, რომ ბელარუსიდან ემიგრაციაში 350 ათასი ადამიანი წავიდა. ბელარუსის შრომის ბაზარს ამჟამად თითქმის 200 ათასი ადამიანი აკლია. ამას მოწმობს ვაკანსიების შესახებ ეროვნული ბაზის მონაცემები. ოთხ წელიწადში პერსონალის დეფიციტი გაორმაგდა.
ბელსტატის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბელარუსის მოსახლეობა 300 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა. ეს მონაცემები შესაძლოა არ მოიცავდეს წასულებს. მოსახლეობის შემცირება შეინიშნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მაგალითად, უმაღლესი სკოლების სტუდენტების რაოდენობა ხუთ წელიწადში განახევრდა: 254 400-დან 118 000-მდე.
სამოქალაქო აქტივობა და სოლიდარობა
დღეს ბელარუსში პროსამთავრობო სამოქალაქო აქტივიზმის ნებისმიერი ალტერნატივა შეიძლება გახდეს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი. ბოლოს ბელარუსელებმა თავიანთი პოზიცია მასობრივად გამოხატეს 2022 წლის 27 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს. მაშინ, ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, უშიშროების ძალებმა 1500-მდე ადამიანი დააკავეს. უცნობია, სულ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ემიგრაციაში მყოფმა ბელარუსელებმა შექმნეს საკუთარი პოლიტიკური სტრუქტურები:
სვიატლანა ციხანოუსკაიას აპარატი (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალოგი),
მინისტრთა გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი (მთავრობის ანალოგი),
და არჩეული ორგანო - საკოორდინაციო საბჭო (პარლამენტის ანალოგი).
ამ სტრუქტურების ხუთწლიანი საქმიანობის განმავლობაში, დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტები დამყარდა 48 ქვეყანასთან, მათ შორის ჩილესთან, არგენტინასთან, კოსტა-რიკასთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და სხვებთან. ბელარუსის დემოკრატიული ძალების მისია მოქმედებს ტალინში, ბრიუსელში, პრაღასა და კიევში. სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა „სახალხო ელჩების“ ქსელი, რათა დაეხმარონ ბელარუსელებს ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში. ასეთი ელჩები მუშაობენ 20 ქვეყანაში.
მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ არ აღიარა ბელარუსში 2020, 2024 და 2025 წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგები.
ბელარუსელები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა ბელარუსში, საზღვარგარეთ მართავენ მიტინგებს. ტრადიციულად, თავისუფლების დღეს ვარშავასა და ვილნიუსში მსვლელობები და ქუჩის აქციები იმართება, ასევე - 2020 წლის არჩევნების წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრები. წელს ასეთი თავყრილობა მსოფლიოს 15 ქალაქში იყო გამოცხადებული.
საზღვარგარეთ მყოფი ბელარუსელებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის სფერო საქველმოქმედო დახმარებაა. ორმა დიდმა ფონდმა, რომელთა გზითაც ბელარუსელები 2020 წლიდან ეწევიან ქველმოქმედებას - BySol-მა და ByHelp-მა - ხუთი წლის განმავლობაში რვა-რვა მილიონი ევრო შეაგროვა. დახმარება მიიღო ათიათასობით ადამიანმა, რომლებმაც განიცადეს დევნა, რეპრესიები, დაკარგეს სამსახური და იძულებით ემიგრაციაში აღმოჩნდნენ.
საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ფონდმა, რომლისთვისაც ევროპული ქვეყნები თანხებს აგროვებენ, ორი მილიონი ევრო შეაგროვა.
ბელარუსელები საზღვარგარეთ ქმნიან კულტურის ცენტრებს: მოქმედებს 10-ზე მეტი გამომცემლობა, რომლებიც ბეჭდავენ მხატვრულ, სამეცნიერო და საბავშვო ლიტერატურას. ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმართება მიხას სტრელცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის ფესტივალი - „სტრელცოვის ფესტივალი“, ბელარუსთან მოსაზღვრე ტერიტორია, პოლონური პოდლასიე, ბელარუსული ტრადიციების ფესტივალის „სონცახრაის“ და მუსიკალური ფესტივალის „ტუტაკას“ ადგილად იქცა.