თბილისობა მოძრავი დღესასწაულია, მაგრამ წელს მაინც ძალიან ადრე, შუა სექტემბერში გაიმართა. სხვა დროს ოქტომბრის ბოლოს უწევდა. ოპოზიციამ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ხელისუფლება შეეცადა წინასაარჩევნოდ თბილისელების გული მოიგო. რუსთაველის გამზირი დღესასწაულს გამოეთიშა, რადგან იქ უკვე ერთი წელია, პროევროპული დემონსტრაციები ტარდება. ჯიხურები და სცენები ძველ თბილისში, ორბელიანის მოედანზე დადგეს, რიყეზე საჭიდაო მოედანი გაიმართა. სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმებში გადაცმული მსახიობებიც დადიან - თაგვი, დათვი, „ბეიბი იოდა“.
თბილისობას მწვადის სუნი აქვს, რადგან ამ დღეს უსაშველოდ ბევრი მწვადი იწვება, ყველგან შამფურები და კვამლია, სხვათა შორის, ზოგჯერ არცთუ სასიამოვნო.
„ახლა კვამლის სუნად ავყროლდებით“, - ეწუწუნება დაქალს გოგონა. კვამლი ზოგან ისეთი სქელია, შეიძლება თვალშიც ვერ გამოიხედო.
რამდენიმე დახლი სამკაულებისაა - ხელნაკეთი საყურეების და ბეჭდების. ეს ნივთები ისედაც მთელ თბილისში იყიდება. ნაქსოვი სათამაშოებიც ბლომადაა, დღეს ბევრი ბავშვი იქნება და შეიძლება მშობლებმა უყიდონ.
თბილისობა ბოლო წლებში უცხოელებისა და ბავშვების დღესასწაულად ჩამოყალიბდა. ქართველები წელს კიდევ უფრო ცოტანი არიანო, მეუბნება დავითი, რომელიც შოკოლადს ჰყიდის, უფრო სწორად შოკოლადში ამოვლებულ თხილს, შოკოლადში ამოვლებულ ნამცხვარ „მედოკს“ და სახელგანთქმულ დუბაის შოკოლადს, რომელსაც გემოს გამო ეტანებიან თუ სახელის, დღემდე ვერ გაუგია.
„იმდენად მოგება არ არის, უფრო რეკლამაა, სამი კოლოფი შოკოლადის ჩურჩხელა გავყიდე, მოსწონთ“, - ამბობს დავით ნაზარბეგოვი.
ტრადიციული ჩურჩხელები გაცილებით მეტია, „შვიდი ლარი ღირს, გნებავთ?“, „არა, შვიდლარიანი ჩურჩხელა არ მინდა“... ორბალიანზე ასეთი ფასებია. ვერ ვიტყვით, რომ აქ ბავშვის გასეირნება მშობელს იაფი უჯდება. არც ტაილანდური ნაყინი ღირს ცოტა (5 ლარი) და არც ჩვეულებრივი, ქართული სასუსნავი.
თუმცა საბავშვო წარმოდგენები უფასოა.
„ასისთავო, ჩიტი!“ - სცენაზე უკვდავი კლასიკა „მეფე და ჩიტი“ გადის. მეფეს პატარა აბეზარი ფრინველი ნერვებს უშლის და მოსაკლავად ჯარი დაადევნა. ზარბაზანიც გამოაგორეს, მაგრამ ჩიტი მაღლა დაფრინავს და თავისას მღერის:
„შურიანს და ღორმუცელას
არაფერი არ შერჩება,
დელიააა“...
წელს თბილისობაზე თევზიც გამოჩნდა. ერთ-ერთ რესტორანს ორაგულის ბურგერები აქვს გამოტანილი, კიდევ რვაფეხა, კალმარი და კრევეტები. „ვფიქრობ, გაამართლა“, - მეუბნება მზარეული. მართლაც რიგი უდგათ, შეწვას ვერ ასწრებენ.
„ყველაფერი მომეწონა, ძალიან მაგარია. მხიარულებაა. გემრიელი მწვადი ვჭამე, ღვინო დავლიე. ძალიან მომწონს თბილისი დღესასწაულებზე რომ გარდაისახება ხოლმე, თბილისობა იქნება ეს თუ ახალი წელი“, - ამბობს რომან ბაირამოვი, რუსეთიდან. ამ თბილისობაზე მართლაც ძალიან ბევრი უცხოელი დადის.
„ლურჯი ჩაი“ - ასეთი წარწერით ჰყიდის ქალი სასმელს, რომელიც მართლაც უჩვეულოდ მუქი ცისფერია. სხვა დახლს „კიდევ მინდა“ აწერია. თაფლიც ბევრია. ორი მამაკაცი მშრალ ხიდზე ერთმანეთს შესჩივის, თაფლს და რაღაცებს ჰყიდიან, ადრე მწვადებს წვავდნენო. კვამლმა ამ ადგილამდე ჯერ ვერ მოაღწია და არ იციან, რომ მწვადი ახლაც ბლომადაა.
ხათუნა თაკალანძე გალელი ქალია, მუხრანში წიწაკა მოჰყავს და აჯიკას აკეთებს, თბილისშიც ჰყიდის და ხანდახან გალშიც ჩააქვს.
„იქაც მაქვს ეს ჩემი ბიზნესი. ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამაში. ორბელიანზე დახლი უფასოდ დაგვითმო მერიამ, კიდევ ერთი დახლი სიონთან მაქვს, იქ დღეში 100 ლარს ვიხდი. ძალიან მოსწონთ. შებოლილს არ ვაკეთებ, წიფელას შეშაზე უნდა შეიბოლოს, თუ არა და არ არის სასარგებლო“, - ამბობს ხათუნა. მისი აჯიკა კიდევ ერთი რამით არის განსაკუთრებული, ბიტკოინებზეც იყიდება. ერთი-ორმა ასე შეიძინაო, გვეუბნება.
თბილისობა საქართველოში 1979 წლიდან იმართება. ტრადიციულად მოსავლის აღების შემდეგ ამ დღეს სოფლებიდან გლეხები ჩამოდიოდნენ და შემოდგომის ნობათი ქალაქელებისთვის ჩამოჰქონდათ.
80 წლის ჯემალ ბოჭორიძე, რომელიც ძველ თბილისში ცხოვრობს ამ დღესასწაულს უნებლიედ ყოველ წელს ესწრება. პირველი თბილისობა არ ახსოვს. რომ მცოდნოდა მკითხავდნენ, დავიმახსოვრებდიო, იცინის.
„ჩემს ბავშვობაში სად იყო თბილისობა, მანქანას რომ დავინახავდით, გვიხაროდა. მერე შემოიღეს. მაშინდელ თბილისობაზე უფრო მეტი გასართობი იყო. მაშინ სახელმწიფო იმდენად არ ერეოდა, ჩამოდიოდა ხალხი, ქეიფობდა. ახლაც არის, მაგრამ ახლა უფრო გაცივდა ურთიერთობები“, - ამბობს ჯემალი.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა ნახევარი საუკუნეა ტარდება, დღემდე არავის უზრუნია ძველ თბილისში, სადაც ამ თუ სხვა მიზეზის გამო უამრავი ხალხი იკრიბება, საზოგადოებრივი ტუალეტები მოეწყო. არც ახლა ჩანს. არც გადასატანი საპირფარეშოებია, რომლებშიც სიმართლე რომ ითქვას, იშვიათად თუ ვინმე შედის. არადა, წელს თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი დაჯდა.
სამაგიეროდ სასმელია ბევრი, ღვინო, არაყი, ლუდი.
სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა მუსიკა ისმის, სადაც ყველაზე ენერგიულად - იქ ხალხი ცეკვავს კიდეც.
ორბელიანზე და რიყეზე ღონისძიებები შედარებით პომპეზურია, აი, საბურთალოზე კი თბილისობას უფრო სპონტანური სახე აქვს. აქ სოფლებიდან ჩამოსულ ხალხი თავის მოსავალს ჰყიდის, გოგრას, ხილს, ზეთს... ჩურჩხელაც უფრო იაფია, 3-4 ლარი.
„აქ ხუთლარიან ჩურჩხელას არავინ იყიდის, იმას რომ თეთრი ნიგოზი უნდა, ის კი არ იციან“, - ამბობს გამყიდველი.
აქაური ბაზრობის კლიენტები ძირითადად ოჯახის ხალხია, დიასახლისები, ვისაც უნდა საღამოს სახლში შოთი და სოფლის ყველი მიიტანოს.
კვამლი აქაც დგას, ფელამუშს აქაც ხარშავენ. მწვადიც იწვება მეტროს თავზე და ვინც იქვე ქეიფობს, უკვე საკმაოდ ნასვამია.
თბილისობის პირველი დღის ბოლოს დედაქალაქის მერიამ 30 ადამიანს თბილისის „საპატიო მოქალაქის“ სტატუსი მინიჭა. თბილისობის მეორე დღეც დასასრულისკენ მიდის.
ფორუმი