Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ყვებიან კალაძის შტაბთან ნაცემი მოქალაქეები დაპირისპირებასა და ორ დღეში გამოშვებულ მოძალადეებზე? 


8 სექტემბერს კალაძის შტაბთან დაპირისპირების შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო საქართველოსთან ათამდე ახალი სათვალთვალო კამერა გამოჩნდა
8 სექტემბერს კალაძის შტაბთან დაპირისპირების შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო საქართველოსთან ათამდე ახალი სათვალთვალო კამერა გამოჩნდა

მოკლედ

  • 8 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან ქართული ოცნების მხარდამჭერებისა და ანტისამთავრობო საპროტესტო მარშის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას ათამდე დემონსტრანტი დაშავდა.
  • პოლიციამ ორ დღეში დააკავა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ჩართული ორი კაცი, რომელთა ვინაობა იქამდე უკვე დადგენილი ჰქობდა მედიას.
  • წინასწარი დაკვების იზოლატორში გატარებული ორი დღის შემდეგ შსს-მ ორივე მათგანი გაათავისუფლა - მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დადგება, რადგან დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

- რას ნიშნავს შსს-თან “ართანამშორომლობა”?  - რას უყვებიან  8 სექტემბერს  დაშავებულები რადიო თავისუფლებას დაპირისპირების შესახებ?  - ვინ და როგორ  გამოკითხეს  პოლიციის სამმართველოში? 

გიორგი მიქაბერიძე

“მე პირადად არ გამკვირვებია მოძალადეების პასუხისგებიდან გათავისუფლება” - ამბობს გიორგი მიქაბერიძე, საპროტესტო მარშიწ მონაწილე, რომელსაც 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან ჯერ რამდენიმე ადამიანმა, ჯგუფურად სცემა, შემდეგ კი ირაკლი ბუაჩიძის მიერ მოქნეული რეზინის ხელკეტი მოხვდა თავში.

გიორგის ცემის ფაქტი ფორმულას გადაღებულ კადრებში მოხვდა.

აქციიდან სახლში რამდენიმე ჰემატომით და დაზიანებული ყურით მივიდა. ირაკლი ბუაჩიძე, კაცი, რომელიც კალაძის შტაბის წინ გადაღებულ კადრებში პოლიციელს სთხოვს არ წაართვას ხელკეტი, “მეც თქვენიანი ვარო”, 10 სექტემბერს დააკავეს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით და ორ დღეში ისე გამოუშვეს, რომ გიორგი მიქაბერიძე გამოძიებას არ დაუკითხავს.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რეჟიმის ერთგულ მსახურებს გირაოთი ან საერთოდ ადმინისტრაციული ჯარიმის საფუძველზე ათავისუფლებენ. იგივე იყო კინოთეატრ ამირანთან მაჩეტეთი და ბეისბოლოს ბიტით შეიარაღებული თავდამსხმელების შემთხვევაშიც, რასაც ასევე შევესწარი.

ნათლად ჩანს რომ რეჟიმის ამ ხალხისთვის დაუსჯელობის გარანტიები აქვს მიცემული” - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას და ვარაუდობს რომ “ხელისუფლების ამ პოლიტიკას საბოლოოდ მძიმე შედეგები მოყვება არა მარტო რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანებისთვის, არამედ რიგითი და თავისივე ამომრჩეველი მოქალაქეებისთვისაც.”

გიორგის პირველად დაპირისპირების მეორე დღეს ველაპარაკეთ და ვთხოვეთ, 8 სექტემბერს მომხდარი აღედგინა. ამ ინტერვიუში ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 8 სექტემბერს, საზმაუდან მელიქიშვილისკენ მიმავალ საპროტესტო მარშს საეჭვოდ არ გაჰყოლია პოლიცია, რომელიც როგორც წესი, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილებით მოძრავი პატრულისა და კრიმპოლის თანამშრომლებით დაჰყვება ხოლმე ყოველდღიური აქციის მონაწილეეებს. გიორგი იხსენებს, რომ იმ დღეს წინა დღეებისგან გასხვავებით, კალაძის შტაბთან არც კი ჩანდა:

“ყოველთვის, როცა ჩვენ შტაბთან მივდიოდით, პოლიციაც იყო ხოლმე. ამ დღეს არანაირი პოლიცია არ იდგა. საერთოდ არავინ იყო. ჩვენ მშვიდად დავდექით და დავიწყეთ იმ ტექსტების თქმა, რასაც სულ ვამბობთ ხოლმე. ამ დროს მოდიან ტიტუშკები, იკრიბებიან, იკრიბებიან და უცბად დაიწყო მაგათი გეგმის ამუშავება”- მიქაბერიძე ამბობს, რომ სანამ დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდებოდა, ქალაქის მერის მხარდამჭერები მარშის მონაწილეების ავტომობილიდან დამამცირებელ და შეურაცხყმოფელ ფრაზებს იძახდნენ. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან საქართველოს პარლამენტამდე მიმავალი მარშში იმ დღეს უფრო მეტი გოგო იყო, ვიდრე ბიჭი და ბიჭებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ.

“მე 7-8 ადამიანი დამესხა თავს. თავიდან შევეცადე თავის დაცვას, ალბათ ასე ერთი წუთის განმავლობაში ვახერხებდი სახის დაფარვას, მერე უკვე ყველა მხრიდან მიტყამდნენ, ჩამქოლეს ფაქტობრივად, დაბლა დავეცი, წიხლებს, ფეხებს, ხელებს, ყველაფერს მიტყამდნენ” - ყვება ის პირველი ცემის ამბავს. გიორგის მონათხრობის მიხედვით, შეხლა-შემოხლის დაწყების შემდეგ რამდენიმე წუთში პოლიცია ნელ-ნელა და კანტი-კუნტად გამოჩნდა მელიქიშვილზე.

“როგორც ჩანს მათ ჰქონდათ ბრძანება რომ არ ჩარეულიყვნენ და განრიდებოდნენ. ძალიან ნელა იზრდებოდა მათი [პოლიციელების] რაოდენობა, ესენი ძალადობას აგრძელებდნენ და პოლიცია ქმნიდა შთბეჭდილება , თითქოს ვერ აჩერებდნენ მათ - “მცირე რაოდენობა ვართ და ვერ ვერევით”, “ვცდილობთ და არ გამოდის” - ამბობდნენ პოლიციელები, გიორგის მონაყოლის მიხედვით.

არც ერთი ადამიანი, ვინც მას ამ დროს გიორგის სცემდა, არ ახსოვს, ერთის გარდა:

“მოგერიების მომენტში, როცა თავს ვიცავდი, ვერ დავინახე, საიდან მოვარდა ის ბიჭი, თეთრმაისურიანი და ხელკეტიანი, რომელმაც თავში ჩამარტყა ეს ხელკეტი, მაგრამ ნამდვილად ის იყო, ვინც მერე პოლიციას ეუბნება, თქვენიანი ვარ, ხელკეტი არ გამომართვაო. მერე ჩემმა მეგობარმა გამომარიდა იქაურობას. მე რაც დამარტყეს, ეს რეზინის ხელკეტი იყო, სხვებმა თქვეს რომ რკინის "დრინებითაც" იყვნენ, მაგრამ მე ეგ არ დამინახავს.”

ქეთი ალავერდაშვილი

ქეთი ალავერდაშვილს თავს დაესხა ზაზა მამალაძე, რომელიც 10 სექტემბერს დააკავეს და 12 სექტემბერს გამოუშვეს. კადრებში, რომელიც დაპირისპირებბის შემდეგ გავრცელდა მკაფიოდ ჩანს, როგორ არტყამს მამალაძე ახალგაზრდა ქალს სილას, ის ასევე ჩანს სხვა კადრების მონაკვეთში, სადაც რკინის ჯებირს ესვრის დემონსტრანტებს.

გიორგი მიქაბერიძისგან გასხხვებით პოლიციამ ქეთი ალავერდაშვილი გამოკითხა. 11 სექტემბერს ის გამომძიებლებს ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა.

"არ მითქვამს, რომ პრეტენზია არ მაქვს. გამოკითხვაზე ვთქვი, რომ დისკით მქონდა მიტანილი იმ კაცის კადრები, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მითხრეს, სახლში მოვალთ და წავიღებთო.

იტყუებიან, რომ არ ვითანამშრომლეთ, იმის გამო რომ ვთქვი, სილა არ მეტკინა-თქო, სხვა კადრებიც მარტივად დააიგნორეს.

კაი ხანს ცდილობდნენ რამენაირად გაეზომათ დარტყმის ძალა.

"იქნებ მაინც გეტკინა, ჰა?" - დაახლოებით ამ პათოსით.

თუ დაიჭერდნენ სილის გარტყმის გამო, ალბათ უღირდათ. თუ ჯგუფურს დატოვებდნენ, მაშინ სხვებიც უნდა ჩაესვათ. იმ კადრებში ძალიან ბევრი ადამიანის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთი ალავერდაშვილი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზაზა მამალაძეს მელიქიშვილის გამზირზე ძალადობის გამო პასუხისმგებლობას არ აკისრებენ.

პოლიციაში გამოკითხვის ნაწილი იყო კითხვები მის მიერ 8 სექტემბერსვე გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტზე, რომელშიც ქეთი ალავერდაშვილი წერდა, რომ "ჯანზეა, არაფერი სტკენია და არც ლოყა აწითლებია, როგორც ირაკლი დგებუაძეს [დგებუაძე პოლიციელია, რომელმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დააკავა მისთვის სილის გაწვნის გამო და სასამართლოსს უთხრა, რომ ლოყა ალიყურის შემდეგ აწითლებული ჰქონდა - რ.თ.]"

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ქეთი ალავერდაშვილმა კვლავ დაწერა, რომ “არ იყო ირაკლი დგებუაძე, მასავით ჯაბანი” და სიტუაციის ხელოვნურად დასამძიმებლად” ვერ მოიგონებდა, რომ ეტკინა.

"თუ რამეა, ჩემი ეპიზოდის გარდა, ამ კაცმა ათასი უმსგავსობა ჩაიდინა და მისი დანაშაულები სხვა კადრებშიც შესანიშნავად ჩანს (ჯებირის მოქნევა იქნება თუ დაგდებულ ადამიანებზეწიხლების დამატება)", - წერდა ის. ქეთიმ არ იცის, მის გარდა, კიდევ ვინ არის გამოკითხული ამავე სისხლის სამართლის საქმეზე - არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხული მოწმეების რაოდენობისა და სხვა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ.

იუკო ჩუბინიძე

იუკო ჩუბინიძე პოლიციამ 9 სექტემბერს გამოკითხა. 8 სექტემბერს ის კახა კალაძის შტაბთან რამდენიმე წუთით ადრე მივიდა, ვიდრე დემონსტრანტები გამოჩნდებოდნენ. თვალში მოხვდა პოლიციელების სიმწირე და უჩვეულო სიმშვიდე მელიქიშვილზე, რომელიც მალევე დაირღვა. დაპირისპირებისას ის ისე სცემეს, რომ რამდენიმე წუთით გონება დაკარგა - სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა იუკო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახხმარების შემდეგ აღმოაჩინა, რომ იმ მელიქიშვილის აქციიდან,, კიდევ ორი დაზარალებული ყავდათ მიყვანილი ამავე კლინიკაში. იუკოს არ დაუნახავს ვინ იყო ის, ვინც მას ზურგიდან ისე ჩაარტყა, რომ გონება დაკარგა, თუმცა მისი მეგობარი ირწმუნება რომ მკაფიოდ დაინახა თავდამსხმელი დმაღალი კაცი წვერით, რომელიც აქციაზე სავარაუდოდ კასტეტით იყო შეიარაღებული. ფიქრობს რომ იცის მისი სახელი და გვარიც - ბექა მიგრიაული, "საბრძოლო კლუბისა" და შპს "არმიის" დირექტორი, რომელიც 8 სექტემბერს გადაღებულ არაერთ კადრში ჩანს.

მელიქიშვილზე მომხდარს ცდილობს ზუსტად ისე მოგვიყვეს, როგორც ეს პოლიციელებს მოუყვა.

“რაღაც მომენტში დავაფიქსირეთ რომ ერთმა მანქანამ აქციის მონაწილეების უკან გაიარა და საეჭვოდ გამოიყურებოდნენ ერთ ფანჯრებჩამოწეულ მანქანაში ხუთი ჩაჯეჯგვილი, კუნთებიანი, დაძაბული ხალხი, “სეტერობას” ვეძახი მაგას, როგორც ეგენი იყურებოდნენ. ამ მანქანას ეგრევე მოყვა ყველაზე ცოტა კიდევ 7 ასეთივე ხალხით გატენილი მანქანა. ეს მანქანები გააჩერეს შუა ქუჩაში, გადმოვიდნენ და ყველა იყურებოდა ტელეფონებში. მეორე დღეს უკვე სხვა კადრებიც რო ვნახე, იქ ჩანს რომ შტაბის წინ დგას ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც ასევე ტელეფონშია ჩამძვრალი და მერე იძვრება ერთ-ერთი კუთხისკენ - ეგ რომ დაიძრა, ყველამ ტელეფონები შეინახეს, თითქოს რაღაც მესიჯი მიიღეს ყველამ და დაიწყეს მოქმედება.

პირველი დარტყმა თაკო ხელაძემ მიიღო, საზმაუს “ხმამ.” დაიწყო მერე გაწევ-გამოწევა, მათი რაოდენობა იზრდებოდა, 5-6 უტყამდა ერთ კაცს, ვცდილობდი გადამეღო, თან მეჯაჯგურებოდნენ, ერთ მომენტში გავიხედე და ვხედავ რკინის ჯებირს გვესვრიან.

საპატრულო პოლიცია საკმაოდ გვიან შემოვიდა და გააკეთა ეგეთი რამ: ჩადგნენ ჩვენსა და შტაბს შორის ცოცხალი კორდონით და ვინც ჩვენზე ძალადობდა, შეიყვანეს კორდონის უკან და მერე შტაბში. ეს მოძალადეები კარების შესასვლელიდან გვაგინებდბენ, ბოთლებს გვესროდნენ, მათ შორის ყინულიან ბოთლებს, მე მაგალითად ცარიელი, დაჭმუჭნული კოკა კოლის ბოთლი მომხვდა, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ჩემთან ახლოს ჯერ პოლიციას და მერე ერთ გოგოს მოხვდათ ყინულიანი ბოთლები.

იმ დროს, როცა ეს მოძალადეები ჯერ კიდევ შესასვლელიდან გვაგინებდნენ, კრიმინალური პოლიციაც მოვიდა, ძალიან ბევრი იყვნენ და აწვებოდნენ რომ შტაბში შეეყარათ - ისინი წინააღმდეგობას სწევდნენ, რამდენიმე ხელი ამ პოლიციელებსაც მოხვდათ.

მერე ცოტა ხანს ჩაწყნარდა სიტყუაცია და უცბად ვხედავ, თსუ-ს მხრიდან დაიწყო “ტიტუშკების”ძალიან დიდმა მასამ წამოსვლა და მე მგონი სწორად მახსოვს, რომ მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც რამდენიმე წუთის წინ შეყარა პოლიციამ შტაბში, რაც მაფიქრებინებს რომ რაღაც უკანა გასასვლელიდან გავიდნენ და ისე მობრუნდნენ უკან. მანდ ხდება ეგეთი რამ: ვინაიდან მე კამერა მქონდა და ვიღებდი რაც ხდებოდა, დავდექი შუა ზოლთან და აღმოვჩნდი ამ მოძალადეებსა და აქციას შორის. აქ უკვე პატრულის თანამშრომლები ცდილობენ მათ გაკავებას, მაგრამ იწყება ბოთლების წვიმა. მე ვიდექი სახით “ტიტუშკებისკენ” და ზურგით აქციისკენ, უცბად ფეხთან მეცემა ბოთლი, მე ვეძახი “გამაზეთ” თქო და მეტი აღარ მახსოვს, სადღაც ერთ საათში გავიღვიძე სასწრაფოს მანქანაში…”

იუკომ მეორე დღეს მეგობრის მონათხრობით და აქციაზე გადაღებული კადრებით აღიდგინა ის ამბები, რაც აღარ უნახავს - ის დარწმუნებულია, რომ მასზე თავდამსხმელს “შიშველი” ხელით არ დაუტყამს და კასტეტი ჰქონდა - ამ ეჭვის საფუძველია კადრები, სადაც ჩანს კაცს კაცი როგორ იყოფს ხელს ჯიბეში თავდასხმამდე.

გიორგი ბულია

გიორგი ბულია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ცდილობდა ოცნების მხარდამჭერებისგან დემონსტრანტებისკენ ნასროლი რკინის ჯებირი შეეჩერებინა.

“ეს დაახლოებით ერთწუთიანი ჭიდაობა მოიცავდა ამ ჯებირის რამოდენიმეჯერ მიწაზე დადებას, შემდეგ ისევ ჩვენი მიმართულებით სროლას და ჰაერში ატოტებული ჯებირით მოწოლ-მიწოლას” - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას. აქციის კადრებში ის ხაკისფერი პერანგით არის.

ამ გაწევ-გამოწევაში გიორგის თვალი დაუზიანდა. ის გამოკითხვაზე პოლიციას არ დაუბარებია, მაგრამ საკუთარი ინიციატივით მივიდა 11 სექტემბერს ჩვენების მისაცემა და დაახლოებით 4 საათნახევრის განმავლობაში უყვებოდა პოლიციას 8 სექტემბრის ამბებს.

“შუა დაკითხვისას ერთი გამომძიებელი შემოვიდა და მკითხა, ეს ჯებირი რო შეაჩერე, მაშინ ხელი გეტკინაო? თუ ტკივილი განიცადე, მაგაზე შემიძლია დავიჭიროო. არ მოვიტყუე და უარი ვუთხარი” - გვეუბნება ის. კიდევ ერთი არა, რაც მან თქვა პოლიციის სამმართველოში, იყო პასუხი კითხვაზე, შეძლებდა თუ არ ვინმეს ამოცნობას. იმის გამო რომ თავდასხმისას მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა, ეს პასუხი სიფრთხილით იყო განპირებული - ერთადერთი ადამიანი, ვინც მას მკაფიოდ და ცხადად ახსოვს, მაღალი ახალგაზრდა კაცი,- ამბობს რომ ბექა მიგრიაულია, განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამორჩეული თავდამსხმელი, როგორც მას გიორგი ახასიათებს.

მას შემდეგ, რაც რკინის ჯებირზე ჯაჯგური მოიწურა, ბულიას ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სახეში მუშტი ჩაარტყა.

“სათვალემ დაიცვა ჩემი თვალი, რომელიც არ დაიმსხვრა და მხოლოდ თვალის ბუდის გარშემო ნაკაწრებით გადავრჩი. ჩემ თვალწინ მრავალი ადამიანი მიწაზე დააგდეს და ისე ურტყეს, ბევრს გადაუარეს, თავში ურტყეს, ასე რომ ჩემი ფიზიკური ზიანი, მათთან შედარებით არაფერია” - ამბობს გიორგი.

თაკო ხელაძე

თვითმხილველების მონათხრობით სწორედ თაკოსთვის მუშტის ჩარტყმით და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო დაპირისპირება 8 სექტემბერს. თავდამსხმელის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერც აქციის მონაწილეებმა და ვერც მედიამ ვერ შეძლო.

სხვადასხვა აღწერით ეს იყო მაღალი, ზორბა, მელოტი ახალგაზრდა კაცი. მასზე თავდამსხმელი არც პოლიციას არ ჰყავს იდენტიფიცირებული.

თაკო საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი “ხმაა” - სწორედ ის მიუძღვება მარშს შეძახილლლებიღ რამდენიმე სხვა “ხმასთან” ერთად კოსტავას ქუჩიდან პარლამენტისკენ, თვეების განმავლობაში.

თაკო ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიციამ გამოკითხა. თაკო ჩვენებას 4 საათის განმავლობაში იძლეოდა.

"იყო ძაან მეგობრული და სინამდვილეში ძალიან ყალბი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ღიმილით და კეთილგანწყობილად მიმდინარეობდა გამოკითხვა, მათ აინტერესებდათ "მარშის მონაწილეებიც უტყამდნენ თუ არა", "იგინებოდით თუ არა" და ა.შ.

მკითხეს მეტკინა თუ არა და მე ვუთხარი, რომ ობიექუტად მტკივნეული იყო ამხელა კაცმა რომ ჩამარტყა, მაგრამ ვიზუალური დაზიანება არ მაქვს და ექსპერტიზა არ მომითხოვია. მოვუყევი ასევე სხვებზე ძალადობის იმ შემთხვევებს, რომლებსაც შევესწარი" - ეუბნება რადიო თავისუფლებას თაკო.

გამოძიება "ქართული ოცნების' მხარდამჭერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობდა - ეს მუხლი გულისხმობს ძალადობას, უფრო კონკრეტულად კი ცემას ან იმგვარ ძალადობას, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

იურისტი გოგა ხატიაშვილის განმარტებით, დაკავებული დემონსტრანტების ორი დღეში პასუხისმგებლობის გარეშე გამოშვება, კანონმდებლობის და პრაქტიკის გადაწერისა და შეცვლის აქტიური მცდელობაა.

“2010 წელს ამოქმედებული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა და პირის პასუხისგებაში მიცემა აღარ არის დამოკიდებული დაზარალებულის საჩივარზე (განსხვავებით 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა). აღარ მოქმედებს კერძო ბრალმდებლის ინსტიტუტი და მის ნაცვლად, დამნაშავის დასჯის საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის პრინციპი დამკვიდრდა.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით. ამიტომ, დაზარალებულის მხრიდან „საჩივრის გამოხმობა" ან თანამშრომლობაზე უარის თქმა ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ოფიციალური მიზეზი.

თუ დაზარალებულის მხრიდან თანამშრომლობის არარსებობაში ფიზიკური ტკივილის განცდის დაუდასტურებლობა იგულისხმება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის სავალდებულო ნიშანია, არსებული პრაქტიკით, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ტკივილი, სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს. კერძოდ, მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა” - განმარტავს ის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG