"იცით რა, ის ჭკვიანი კაცია. [იგი] ამას დიდი ხანია აკეთებს - თუმცა ასე ვარ მეც", - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონიდან ალასკისკენ მიმავალი საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე. "ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ორივე მხარეს პატივისცემის დონე მაღალია. და ვფიქრობ, რაღაც გამოვა [სამიტიდან]", - დასძინა მან.
იანვრის შემდეგ ტრამპმა და პუტინმა, სულ მცირე, ხუთჯერ ისაუბრეს ტელეფონით - მაგრამ 15 აგვისტოს სამიტი, რომელიც ანკორიჯთან, საჰაერო ბაზაზე იმართება, იქნება მათი პირველი პირისპირ შეხვედრა მას მერე, რაც ტრამპი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი.
შეხვედრას, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ, განიხილავენ მნიშვნელოვან მომენტად როგორც ომით დაღლილი უკრაინელებისთვის, ისე ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებისთვის და პუტინის სურვილისთვის, შეცვალოს რუსეთის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.
"ჩვენ ამერიკაზე ვამყარებთ იმედს. და, როგორც ყოველთვის, მზად ვართ მაქსიმალურად ნაყოფიერად ვიმუშაოთ", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამით, ტრამპის ალასკაში გაფრენის შემდეგ.
"მთავარი ისაა, რომ ეს შეხვედრა აჩენს რეალურ გზას გულწრფელი მშვიდობისკენ და ლიდერების სიღრმისეული მოლაპარაკებებისკენ სამმხრივ ფორმატში: უკრაინა, აშშ, რუსეთი", - წერს ზელენსკი.
შეხვედრაში ჩართულნი არც ევროპელი ლიდერები არ არიან - ისინიც შფოთავენ პოტენციურ შეთანხმებებზე, რომლებმაც შესაძლოა უკრაინა დაასუსტოს ან ძირი გამოუთხაროს ევროპის შესაძლებლობას, უკრაინას მხარი დაუჭიროს და წინ აღუდგეს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს.
პუტინის აშშ-ის მიწაზე ჩასვლა - და თან ტერიტორიაზე, რომელსაც უწინ რუსეთი აკონტროლებდა - თავისთავად წარმოადგენს მცირე გამარჯვებას მოსკოვისთვის. პუტინს შეზღუდული აქვს საზღვარგარეთ მოგზაურობა, სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ომის დანაშაულებთან კავშირით გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო.
მოსკოვის და ვაშინგტონის პირდაპირი მოლაპარაკება - უკრაინის გამოტოვებით - ბევრს მოაგონებს 1945 წლის იალტის კონფერენციას, სადაც საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა დაანაწევრეს.
ტრამპი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობებისა სჯერა შეთანხმებების გაფორმების საქმეში, სულ უფრო იმედგაცრუებული იყო იმით, რომ ვერ ახერხებდა რუსეთის ომის შეჩერებას.
ჟურნალისტებთან ლაპარაკისას ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინის თანმხლები დელეგაცია ბიზნესის სფეროს აღმასრულებელ პირებსაც მოიცავს.
"შევამჩნიე, რომ მას რუსეთიდან თან მოჰყავს ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი, და ეს კარგია. ეს მომწონს, რადგან მათ ბიზნესის კეთება სურთ, მაგრამ ისინი ბიზნესს ვერ გააკეთებენ, სანამ ომი დასრულდება", - თქვა მან.
"ჩვენ დედამიწაზე ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა გვაქვს. დედამიწაზე ყველაზე მიმზიდველი ეკონომიკა გვაქვს", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ პუტინს სურს ეს გაიზიაროს, რადგან მისი ქვეყანა ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის. "ეს პირიქითაა. და ეკონომიკურად წარმატებული არც ჩინეთი არ არის. მაგრამ... მე მინდა ყველა წარმატებული იყოს. ომი დასრულდება, ხოცვა უნდა დასრულდეს".
როცა გასულ ღამეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილ იერიშებზე ჰკითხეს, ტრამპმა პუტინი გააკრიტიკა.
"ვფიქრობ, ისინი მოლაპარაკებას ცდილობენ. იგი ცდილობს ატმოსფერო შექმნას. იმას ვგულისხმობ, რომ, მისი აზრით, ეს მას უკეთესი შეთანხმების მიღწევაში ეხმარება - თუკი შეუძლიათ ხოცვის გაგრძელება" ,- თქვა ტრამპმა.
"შეიძლება ეს მისი ქსოვილია, მისი გენებია, მისი გენეტიკაა, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ ... სიძლიერეს აძლევს მოლაპარაკებაში. მე ვთვლი, რომ ეს მისთვის საზიანოა, და ამაზე დაველაპარაკები", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ახლახან მიანიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებისთვის მოსკოვს და კიევს მიწების გაცვლა მოუწევთ.
ამან ღრმა შეშფოთება გამოიწვია უკრაინელებში - რომლებსაც რუსეთის ტერიტორია ოკუპირებული არ აქვთ.
"მიწების გაცვლის" შესაძლებლობის შესახებ შეკითხვას ტრამპმა უპასუხა: "ამას განვიხილავთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უკრაინას უნდა მივანდო... მე აქ არ ვარ უკრაინის სახელით მოსალაპარაკებლად. მე აქ ვარ მათ მისაყვანად მოლაპარაკების მაგიდასთან".
ფორუმი