Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის ვეტო ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებებს ემუქრება


რიკარდ იოზვიაკი - სამიტის დასკვნით ტექსტში, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებას აქვს ნანახი, საქართველო ნახსენები არ არის.
რიკარდ იოზვიაკი - სამიტის დასკვნით ტექსტში, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებას აქვს ნანახი, საქართველო ნახსენები არ არის.

ჰააგაში NATO-ს სამიტის დასრულებიდან მეორე დღეს, ევროკავშირის ლიდერები არ დაიშლებიან, იქვე ახლოს, ბრიუსელის სამხრეთით ზაფხულის ევროპული საბჭოს ყოველწლიური სხდომისთვის შეივლიან.

26 ივნისს, დილით დაწყებული სამიტი შესაძლოა მეორე დღესაც გაგრძელდეს — დღის წესრიგში უამრავი საკითხია განსახილველი, მათ შორის და განსაკუთრებით კი ირანის საკითხი, რომელშიც ევროკავშირი ცდილობს რელევანტურობის შენარჩუნებას.

ბრიუსელის იმ დიპლომატების თქმით, რომლებსაც ვესაუბრე, მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირი კვლავაც ცდილობს, შეასრულოს შუამავლის როლი აშშ-სა და თეირანს შორის შესაძლო პირდაპირ მოლაპარაკებებში.

თუმცა სამიტზე გადამწყვეტი მაინც სხვა პოლიტიკური საკითხები იქნება - ეს განსაკუთრებით უკრაინას ეხება.

როდესაც პოლონეთმა წელს ზარ-ზეიმით ჩაიბარა ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიანი მორიგე თავმჯდომარეობა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები 2025 წლის პირველ ნახევარში უნდა დაწყებულიყო.

პოლონელი დიპლომატები იმედოვნებდნენ, რომ მათი თავმჯდომარეობის დროს ექვსიდან ერთზე მეტი მოლაპარაკებების კლასტერი გაიხსნებოდა.

მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

საბოლოო გამოცდა

მოლაპარაკებების თითოეული თავის გასახსნელად ერთსულოვნებაა საჭირო — და უნგრეთი ჯიუტად ბლოკავს ნებისმიერ ნაბიჯს ამ მიმართულებით. უფრო მეტიც, ბუდაპეშტმა ჩაატარა ფართოდ გაკრიტიკებული საკონსულტაციო რეფერენდუმიც უკრაინის გაწევრიანების შესახებ.

ეს სამიტი ერთგვარი ბოლო გამოცდაა პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად — თუმცა ცოტაა ისეთი დიპლომატი, რომელსაც სჯერა, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი აზრს შეიცვლის.

ზოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა სიტუაცია ივლისში შეიცვალოს, როდესაც თავმჯდომარეობას დანია გადაიბარებს.

თუმცა იმის გამო, რომ საკითხი უკვე შიდა პოლიტიკურ პრობლემად იქცა უნგრეთში, ბევრი ელოდება, რომ ბუდაპეშტი ვეტოს გააგრძელებს მინიმუმ 2026 წლის აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირის საბჭოს განცხადების პროექტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ნათქვამია, რომ „ევროპული საბჭო ელოდება შემდგომ ნაბიჯებს გაწევრიანების პროცესში, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად — თავები გაიხსნება მას შემდეგ, რაც პირობები შესრულდება.“

მთავარი დილემა ახლა ისაა, უნდა გაიყოს თუ არა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესები. 27 წევრ სახელმწიფოს შორის არცერთი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ კიშინიოვს დაწინაურების საშუალება მიეცეს.

რამდენიმე ქვეყანა ამ „განცალკევების“ დაშვებას სკეპტიკურად უყურებს — მათ არ სურთ, როგორც ამბობენ, „უნგრეთის შანტაჟის მსხვერპლად“ ქცევა და მიიჩნევენ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობამდე ერთად უნდა გააგრძელონ გზა.

თაფლაკვერი მოლდოვისთვის

მეორე მხრივ, ევროკავშირი ცდილობს, მოლდოვას სტიმული მისცეს — ივლისის დასაწყისში დაგეგმილია ევროკავშირ-მოლდოვის პირველი სამიტი და სექტემბერში რთული საპარლამენტო არჩევნებია მოსალოდნელი.

ყველაზე რეალური სცენარი ისაა, რომ გაფართოების ტექნიკური სამუშაოები გაგრძელდება იმ იმედით, რომ მოლაპარაკებების თავები გაიხსნება, როცა ყველა თანახმა იქნება.

ამ ეტაპზე, ყველაზე სავარაუდოა, რომ კონკრეტულ პროგრესს ივნისის ბოლოს მონტენეგრო აჩვენებს— 27 ივნისს ის ერთ-ერთ თავს დახურავს.

ეს ბევრი არაა. „გაფართოების მომენტუმისთვის“, რომელსაც წლებია ასე ენთუზიაზმით უწევდნენ პროპაგანდას ევროკრატები.

სანქციები — შესაძლოა შეთანხმება შედგეს

უნგრეთი - და სულ უფრო მეტად სლოვაკეთიც - შესაძლოა უფრო მარტივად დაეთანხმონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

სამიტზე ორი ძირითადი გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი:

  • ახლად შემოთავაზებული მე-18 სანქციების პაკეტი;
  • ყველა არსებული სანქციის ექვსთვიანი გაგრძელება, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე დაწესდა.


ხელი ხელს ბანს - Quid Pro Quo?

რამდენიმე ევროპელმა დიპლომატმა მიანიშნა, რომ შესაძლოა შედგეს არაოფიციალური შეთანხმება: სანქციების ორივე გადაწყვეტილება მიიღება, სანაცვლოდ კი ჩაითვლება, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესი დროებით შეჩერდება.

უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არსებული სანქციები გაგრძელდეს.

ეს მოიცავს ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყინულ რუსულ აქტივებს, რომელთა მოცულობა 200 მილიარდ ევროს (230 მილიარდ დოლარს) აღემატება.

იანვარში უნგრეთი ფიქრობდა, სანქციების გაგრძელებაზე თანხმობა არ ეთქვა, თუმცა ახლა უკრაინულ სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის ინტენსიური თავდასხმების ფონზე, მსგავსი პოზიცია ნაკლებად სავარაუდოა.

რადგან სანქციების გაგრძელების საბოლოო ვადა ივლისის ბოლოსაა, RFE/RL-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ოპტიმისტურადაა განწყობილი.

რაც შეეხება სანქციების მე-18 პაკეტს, დიპლომატიურ დონეზე ძირითად საკითხებზე უკვე შეთანხმდნენ.

ეს გასაკვირი არ არის, რადგან ძირითადი სანქციური ნაბიჯები — როგორიცაა რუსული ბანკების SWIFT-იდან გამოთიშვა და Nord Stream 1-ისა და 2-ის დაბლოკვა — დიდ დაპირისპირებას არ იწვევდა.

სწრაფი დამტკიცება კიდევ უფრო სავარაუდოა, რადგან წამყვანი ინიციატივა — რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირება 60-დან 45 დოლარამდე — სავარაუდოდ, ვერ მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას.

აშშ-მა ამ წინადადებას G7-ის სამიტზე მხარი არ დაუჭირა და ცოტა ვინმე სჯერა, რომ ევროკავშირი, თუნდაც დიდი ბრიტანეთისა და კანადის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ზღვრის შემცირებას შეძლებს ვაშინგტონის გარეშე.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG