Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრო გოცირიძე: „ასეთი ლეგენდის უკან შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები იდგნენ“


უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს ანდრო გოცირიძეს ვესაუბრეთ ისტორიაზე, რომლის მიხედვითაც რუსი წყვილი გურიაში კოსმოდრომ „კოლხიდას“ აშენებას გეგმავდა.
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს ანდრო გოცირიძეს ვესაუბრეთ ისტორიაზე, რომლის მიხედვითაც რუსი წყვილი გურიაში კოსმოდრომ „კოლხიდას“ აშენებას გეგმავდა.

რუსი წყვილის მარია და იულია არხიპოვების შესახებ უცნაური ისტორიის, რომლებსაც გურიაში თითქოსდა კოსმოდრომის აშენება უნდოდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, კომენტირება რადიო თავისუფლებამ სპეციალისტს უსაფრთხოების საკითხებში, ანდრო გოცირიძეს სთხოვა.

- ბატონო ანდრო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუბრის რაღაც ნაწილი სპეკულაციებზე იქნება აგებული, მაგრამ მაინც გკითხავთ: ამ ბუნდოვანი ისტორიის რა ნაწილი შეიძლება იყოს სიმართლე და რა - არა?

- ამ ისტორიის დიდი ნაწილი შესაძლოა სიმართლე გამოდგეს, ჰგავს სიმართლეს. არ ვგულისხმობ კოსმოდრომის ამბავს. არავითარი კოსმოდრომი გურიაში არ არსებობს და ვერც იქნება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ლეგენდის უკან რუსი სპეცსამსახურების კვალი არ ილანდება, ალბათ რუსეთის უშიშროების სამსახურის. ის ძალიან დეტალურად და სკრუპულოზურად მუშაობს საქართველოში იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომელიც კრემლს შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად სჭირდება. ასევე ავრცელებს პროპაგანდას, საქართველოში რუსეთის ხელისუფლების გავლენის გასაზრდელად. რა თქმა უნდა, ამ ისტორიაში ბევრი მსგავსი მიმართულებაა, საინტერესო მიმართულება. ამას საქართველოს ორგანოების დეტალური გამოძიება ჭირდება.

- როგორ უყურებთ, ჩემი აზრით, მითიურ წინადადებას საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ, აქ რუსული ბაზების განლაგების სანაცვლოდ?

- საქართველოში 300 ათასი დევნილია. თითქმის ყველა ოჯახი - ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს, მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს არა - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული. სწორედ ეს არის რუსული პროპაგანდის მუხანათობა და ეს მითი ბევრზე იმოქმედებს.

რა თქმა უნდა, ტყუილია და არავინ არაფერს არ დააბრუნებს. რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დაბრუნება“ თუ უნდოდა, ამის გაკეთება შეეძლო 1992, 1993, 1994 წლებში, როდესაც საქართველო დსთ-ის წევრი იყო და აქ მინისტრებს, ყოველ შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებს კრემლი ნიშნავდა. მაგრამ არ გაუკეთებია.

რუსეთს საქართველოში დემოკრატიის სტაბილური განვითარება არ აინტერესებს. პირიქით, ჭაობი და დეზინტეგრაციული პროცესები უნდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი პროპაგანდა ხალხზე არ მოქმედებს. მისი მიზანი სწორედ ისაა, რომ მთელი ქვეყანა მოიცვას, თითქმის ყველა მოქალაქე.

ისინი ნიადაგს უსინჯავენ ქართველების ლოიალურობას. ავრცელებენ აზრს, რომ თითქოსდა შესაძლებელია სამშობლო დაიბრუნო, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვგულისხმობ, საქართველოში რუსული ბაზების განთავსების სანაცვლოდ ან კრემლთან დაახლოების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, ეს ლეგენდაა, მითია, მაგრამ სამწუხაროდ, რუსული სპეცსამსახურები ამ მითს სულ უფრო და უფრო ავრცელებენ. ამის ინსტრუმენტი სწორედ ის ფონდია, რომელიც ამ გამოძიებაში იყო დასახელებული (რუსული „პრავფონდი“), ისეთი ეფემერული პროექტებით, როგორიცაა კოსმოდრომი, კულტურული ცენტრები და სკოლები.

- მით უფრო გაუგებარია, რომ ამ თემას არხიპოვების ეს უცნაური წყვილი უკავშირდება. დავიჯეროთ, რომ უშიშროებამ არჩევანი მათზე შეაჩერა? ამდენად ცუდად აქვთ საქმე?

- რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ და ეს განსხვავებული ხელსაწყოები განსხვავებულ ფენებზე მოქმედებს. სავარაუდოდ მათ აქვთ რაღაც არეალი თავიანთი აზრების გასავრცელებლად და ამაზე მუშაობდნენ. სხვა საკითხია იქ რას აკეთებდნენ. გამოძიების მიხედვით, ინფორმაციას აგროვებდნენ ჩვენი მოქალაქეების შეხედულებების შესახებ, როგორ უყურებენ ისინი კონფლიქტების მოგვარებას, ოკუპაციას; როგორი დამოკიდებულება აქვს ხალხს რუსეთთან დაახლოებაზე. ძალიან არასერიოზული იქნება ვიფიქროთ, რომ ლანჩხუთში ნამდვილად კოსმოდრომს აშენებდნენ.

კიდევ ალბათ მცირე დახმარებით, რაიმე სერვისით ინფორმაციასაც იღებდნენ და რეგიონში რუსული გავლენის გაფართოებაზეც ზრუნავდნენ. იქ ხალხი მდიდარი არ არის და მათზე ზემოქმედება უფრო ადვილია, ვიდრე საზოგადოების შეძლებულ ფენაზე.

- ზედმეტი არ იქნება ვახსენოთ, რომ უპილოტო აპარატებისა და თანამგზავრების დასამზადებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. ასეთი პროექტები ალბათ ხელისუფლების პრეროგატივაა, იქნება ეს კოსმოსური თვალსაზრისით, ეკონომიკურით თუ პოლიტიკურით. მიუხედავად ამისა, ცოლ-ქმარი, რომელმაც თითქოსდა დატოვა რუსეთის რეჟიმთან შეუთავსებლობის გამო და ერთ-ერთი იმასაც კი ირწმუნება, რომ უფლებადამცველია - რუსეთთან კავშირს არ წყვეტს. ეს შეუსაბამოებაც თქვენი ვერსიის სისწორეზე მიანიშნებს?

- ჯერ ერთ, ლეგენდა ისეთი უნდა იყოს, რომ ყველა შემთხვევაში გამოგადგეს. საზოგადოების ერთ ნაწილში მათ გაავრცელეს აზრი, რომ კრემლს მაინცდამაინც არ ეთანხმებიან, რადგან პირდაპირ საქართველოში მუშაობა და ცხოვრება, პუტინიზმისა და რაშიზმის იდეების გავრცელება აზრს არის მოკლებული. გაუჭირდებოდათ აქ გაჩერება და ინფორმაციის მოგროვება.

მეორე, იდეა კოსმოდრომის შესახებ, მაღალი ტექნოლოგიების შესახებ, შესაძლოა შირმა ყოფილიყო, მაგალითად, იმისთვის, რომ შეეძინათ ჩიპები, მიკროჩიპები, ელექტრომოწყობილობები. მათ შესაძლოა რუსეთში აგზავნიდნენ. რა თქმა უნდა, ეს სპეკულაციაა, რადგან დღეს მსგავსი არაფერია ცნობილი. სარწმუნო ინფორმაცია არაა, მაგრამ ლეგენდამ იმუშავა, რადგან ცხოვრობდნენ აქ.

ბოლო დროს რუსული დაზვერვა ყველგან და საბედნიეროდ, საქართველოშიც წარუმატებელია. არ არის აუცილებელი ყველა მათი ოპერაცია კარგად მთავრდებოდეს.

რაც შეეხება რუსოფობიას, საქართველოში რუსოფობია არ არსებობს. რომც იყოს, გასაგები იქნებოდა, რადგან მათ ჩვენი ბავშვები დახოცეს, მშობლები, ძმები, ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენი მოსახლეობა, მშვიდობიანი მოქალაქეები.

- მარია არხიპოვა ამბობს, რომ მათ პროექტს მწვანე შუქს არ უნთებენ, რადგან ისინი რუსები არიან. მუდმივად ამას იმეორებდა. თქვა, რომ ბევრ უწყებას ელაპარაკა, სამინისტროებს, ბევრი იწონებდა ამ საკითხს. ირწმუნება, რომ შესაბამისი საბუთები აქვს, მაგრამ რუსებს იმდენად ცუდად ექცევიან, რომ პროექტი შეფერხდა.

- არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმიტომ დაიწუნა, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. არ მიმაჩნია ასე. თუმცა, ამაში ცუდი არაფერია, რადგან რუსეთი ოკუპანტია და ის აგრძელებს საქართველოს თითქმის 20 პროცენტის ოკუპირებას, ძალიან აგრესიულია საქართველოს მიმართ.

რაც შეეხება რუსოფობიას, საქართველოში რუსოფობია არ არსებობს. რომც იყოს, გასაგები იქნებოდა, რადგან მათ ჩვენი ბავშვები დახოცეს, მშობლები, ძმები, ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენი მოსახლეობა, მშვიდობიანი მოქალაქეები. რასაც ახლა კიევში, ოდესაში, დონეცკსა და ლუგანსკში აკეთებენ საქართველოშიც ჩაიდინეს, თუმცა, უფრო მცირე მასშტაბით, არა ისე, როგორც ამ თითქმის ოთხწლიან ომში ხდება.

ამის მიუხედავად საქართველოში რუსოფობია არ არის.როდესაც ჩვენ რუსული ბიზნესის, რუსული პოლიტიკის, რუსული კულტურული ღონისძიების წინააღმდეგები ვართ, ჩვენ კრემლის პოლიტიკას ვეწინააღმდეგებით, რადგან ის საქართველოს ექცევა არა როგორც თავისუფალ სახელმწიფოს, არამედ როგორც ტიფლისის ან ქუთაისის გუბერნიას. ამაზე არაერთხელ ულაპარაკიათ პირველ პირებს - პუტინს, მედვედევს და ასე შემდეგ. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოში ნებისმიერი რუსი ბიზნესმენი, რომელსაც კრემლთან კავშირი აქვს პერსონა ნონ გრანტა იქნება. ეს ხომ რისკია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ასე რომ თუ რუს ბიზნესმენებს საქართველოში მეგობრულად არ ხვდებიან - ყველაფერი ნორმალურადაა.

სასურველი იქნებოდა, რომ ხელისუფლება და უშიშროების ორგანოებიც ადეკვატურად ეპყრობოდნენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს, მათ შორის რუსულ ეკონომიკურ ექსპანსიას. ჰიბრიდულ ომში რუსეთი მხოლოდ სამხედრო კომპონენტს როდი იყენებს, არამედ ეკონომიკურსაც, პოლიტიკურსაც, დეზინფორმაციას, პროპაგანდას, საინფორმაციო ომს. და ეს ყველაფერი საქართველოს დესუვერენიზაციას ემსახურება. ასე რომ საფრთხეები მასშტაბურია და საქართველოს სპეცსამსახურებმა მას ადეკვატური ყურადღება უნდა მიაქციონ.

ეს გამოძიება სწორედ იმას აჩვენებს, რომ რუსული აგრესია მხოლოდ სამხედრო კომპონენტს არ მოიცავს, არამედ საინფორმაციოსაც. ესეც რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებია. სწორედ ამიტომ დუმს პოლიტიკური ელიტა.

- და ყველაზე მთავარი კითხვა - რატომ დუმს საქართველოს ხელისუფლება?

- საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას მისდევს და ეს ძალიან კონტპროდუქტიული პოლიტიკაა, რადგან როდესაც ნიანგს კვებავ, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ის აუცილებლად ხელს მოგაჭამს. რუსეთი თავისი პოლიტიკის ერთგულია. ეს პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას არ გულისხმობს. ასე რომ ის ყოველთვის თავისი ინტერესების მიმდევარი იქნება.

თან ბოლო რამდენიმე წელია რუსეთის, კრემლისა და საქართველოს მმართველი პარტიის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსა და დასავლეთ შორის, საქართველოსა და ნატოს შორის განხეთქილებით. იგივე ინტერესი აქვს მმართველ პარტიას, რადგან დასავლეთი საქართველოსგან და მისი ხელისუფლებისგან დემოკრატიას ითხოვს, რაც იმასაც გულისხმობს, რომ ხელისუფლება დემოკრატიულ გზით უნდა შეიცვალოს. ეს კი „ქართული ოცნების“ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მას უნდა ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. სწორედ ამაში ემთხვევა ერთმანეთს კრემლის პოლიტიკა და საქართველოს ხელისუფლება. ასე რომ ხელისუფლება წინააღმდეგი არ იქნება, ან ამას არგაღიზიანების პოლიტიკით გაამართლებს, ამომრჩევლის 20-30 პროცენტში ისინი სწორედ ამით არიან პოპულარულები.

ისინი ამას ყიდიან, როგორც ომისგან თავის დახსნას, რუსული აგრესიისგან გადარჩენას. მაგრამ ეს გამოძიება სწორედ იმას აჩვენებს, რომ რუსული აგრესია მხოლოდ სამხედრო კომპონენტს არ მოიცავს, არამედ საინფორმაციოსაც, აი, ასეთ აქტიურ ღონისძიებებს. ესეც რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებია, რაც საქართველოს ოკუპაციამდე ან დესუვერენიზაციამდე მიიყვანს. სწორედ ამიტომ დუმს პოლიტიკური ელიტა. ეს გასაგებია და რა თქმა უნდა კონტპროდუქტიული. მე ვიცი რა არის მათი ინტერესი, მაგრამ სახელმწიფო ორგანოები უნდა მუშაობდნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებული ასეთი საფრთხეები არ განხორციელდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG