რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე

ხარკოვი

რუსეთმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით ყველაზე დიდი იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა - 21. დაშავებულთა შორის არიან თვე-ნახევრის ბავშვი და 14 წლის გოგო.

ხარკოვის მერი, იჰორ ტერეხოვი ამბობს, რომ რუსეთმა ქალაქის მიმართულებით 48 უპილოტო თვითმფრინავი და ორი რაკეტა გაუშვა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა 18 საცხოვრებელი კორპუსი და 10-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა.

4 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მოიყვანა მისი სიტყვები, რომ იძულებული იქნება, რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე ბოლოდროინდელ თავდასხმებს უპასუხოს. უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე იერიში 1 ივნისს მიიტანა.

ასევე ნახეთ უკრაინამ რუსეთს 4 აეროდრომზე 41 სამხედრო თვითმფრინავი დაუზიანა - გენერალი მალიუკი
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

რუსეთის ჯარებმა 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კიევში დაიღუპა სამი მაშველი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ქვეყნის მასშტაბით დაშავდა 80 ადამიანი, ექვსი კი დაიღუპა. დანგრეული ან დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მეტროს და რკინიგზის ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 407 უპილოტო საფრენი აპარატით და 45 რაკეტით. სარდლობის თანახმად, მოგერიებულია 199 დრონი და 36 რაკეტა.

ასევე ნახეთ კიევის გარდა, რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო ლვოვზე, ტერნოპოლსა და ლუცკზე
ასევე ნახეთ სამი მაშველი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევისას